The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე

შალვა ისაკის ძე ნუცუბიძე
სხვა სახელი:შ.ნ.  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:14 დეკემბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:6 იანვარი, 1969  (80 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბაღი
კატეგორია:დამფუძნებელი წევრი, მეცნიერი, მთარგმნელი, საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

     შალვა ნუცუბიძე  დაიბადა 1888 წლის 1 დეკემბერს (ძვ. სტ.)  ქუთაისის მაზრის სოფელ ფარცხანაყანევში, სასულიერო წოდების წარმომადგენლის ოჯახში. დაწყებითი განათლება დაბა ხონის „ნორმალურ“ სასწავლებელში მიიღო, ხოლო  1897 წლიდან სწავლა  ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა, რომელიც 1906 წელს დაამთავრა და 1907 წელს სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის ისტორიულ-ფილოლოგიური ფაკულტეტის ფილოსოფიის მიმართულებაზე. 1910 წელს დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის ფილოლოგიური ფაკულტეტი და ყუბანის ოლქში მასწავლებლად გააგზავნეს.

    შალვა ნუცუბიძე 1911-1913 წლებში ლაიფციგის უნივერსიტეტში სწავლობდა და მუშაობდა. ამ პერიოდში დაიბეჭდა მისი შრომა - „Теория науки“ და აქედან დაიწყო მისი მუშაობა „ალეთოლოგიის საფუძვლებზე“ (ჭეშმარიტების თეორია). 1913 წელს, ლაიფციგიდან დაბრუნების შემდეგ,  პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობით შალვა ყუბანიდან  პეტერბურგის „ალექსანდრეს“ გიმნაზიაში გადაიყვანეს.

    1915 წელს შალვა ნუცუბიძეს ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა, ხოლო 1917 წელს  სამაგისტრო გამოცდები ჩააბარა და  პეტერბურგის უნივერსიტეტის დოცენტობის წოდება მიიღო.  საქართველოში დაბრუნების შემდეგ  სემინარების ჩატარება დაიწყო, რითაც ხელს უწყობდა ქართული ფილოსოფიური სკოლის ჩამოყალიბებას. 

    1917 წელს აირჩიეს სრულიად რუსეთის ეროვნული სოციალისტური პარტიების ცენტრალურ საბჭოში, რომლის წარმომადგენლადაც გაიგზავნა პეტერბურგში „დემოკრატიულ თათბირზე“, სადაც მიღებულ იქნა სრულიად რუსეთის ეროვნებათა დეკლარაცია. ამავე ფრაქციას წარმოადგენდა „დროებითი რესპუბლიკის საბჭოს“ პრეზიდიუმშიც.

    1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წელს იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი.

      შალვა ნუცუბიძე  გახლდათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების წევრი.  1918 წელს  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოსოფიის კათედრაზე სამუშაოდ მიიწვიეს და  პარალელურად იყო ფუნდამენტური ბიბლიოთეკის დირექტორი. იგი აქტიურად ხელმძღვანელობდა ქართულ უნივერსიტეტში  ქართველი პროფესორების სამუშაოდ მოზიდვის საქმეს.

    1918 წლის 26 მაისს ქართული ფილოსოფიური ძეგლების შეგროვებისა და ფილოსოფიური ცოდნის პოპულარიზაციის მიზნით შალვა ნუცუბიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დააარსა „პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება“, რომელიც აწყობდა სემინარებს და დისკუსიებს. ეს სემინარები  ფილოსოფიური აზროვნების კერად იქცა, სადაც აღიზარდნენ გამოჩენილი ქართველი მოაზროვნეები: მოსე გოგიბერიძე, კონსტანტინე მეგრელიძე, სავლე წერეთელი, კონსტანტინე ბაქრაძე, ანგია ბოჭორიშვილი და სხვები. 1919 წელს შალვა ნუცუბიძემ მოამზადა „ლოგიკის ელემენტარული კურსი“, ხოლო შემდგომ - „ფილოსოფიის შესავალი, შემეცნების პრობლემა“.

      შალვა ნუცუბიძე 1919 წლის 12 მარტს არჩეული იქნა  საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით და მუშაობდა განათლებისა და საბიბლიოთეკო კომისიებში.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ,  საქართველოში დარჩა და თედო ღლონტის მიერ რევკომის ნებართვით გამოცემულ გაზეთ „სოციალისტ-ფედერალისტში“ დაიწყო თანამშრომლობა, სადაც თანამოაზრეებთან ერთად საზოგადოებას მოუწოდებდა ბოლშევიკურ რეჟიმთან კომპრომისის მიღწევისა და თანამშრომლობისაკენ. შალვა ნუცუბიძე 1922 წლიდან გახლდათ  ამიერკავკასიის საბჭოთა სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკის და საქართველოს სსრ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის უცხოეთთან კულტურული კავშირის საზოგადოების ხელმძღვანელი.

    1929 წლამდე მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორად. მისი ინიციატივით გაიხსნა იურიდიული, ეკონომიკის, დასავლეთ ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკულტეტები, გახლდათ  მსოფლიო ლიტერატურის კათედრის ხელმძღვანელი და კითხულობდა სალექციო კურსებს.

    1926 წელს შალვა ნუცუბიძე სამეცნიერო მივლინებით გერმანიაში, კერძოდ,  ბერლინის უნივერსიტეტში მუშაობდა, სადაც მისი ფილოსოფიური ნაშრომები გამოიცა.

    1927 წლის 17 აპრილს შალვა ნუცუბიძემ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი „ჭეშმარიტება და შემეცნების სტრუქტურა“ და  ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.

    1930 წელს, გერმანიაში ქართული ხელოვნების ძეგლების გამოფენიდან დაბრუნების შემდეგ, შალვა ნუცუბიძეს აღარ მიეცა საშუალება ფილოსოფიის ლექციების კურსი გაეგრძელებინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    1938 წლის ზაფხულში შალვა ნუცუბიძე დააპატიმრეს და  შინსახკომის შიდა ციხეში ხანგრძლივი ძიებისა და წამების შემდეგ (მისივე მოგონებების მიხედვით საკანში თვითმკვლელობაც სცადა) გადაგზავნეს მოსკოვში საკავშირო შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განკარგულებაში, სადაც იძულებული გახდა, საიდუმლო თანამშრომლობაზე დათანხმებულიყო.

    1939 წელს, პატიმრობისას, იოსებ სტალინის დაკვეთით და ხელშეწყობით შალვა ნუცუბიძემ „ვეფხისტყაოსნის“ რუსულ თარგმანზე დაიწყო მუშაობა, რის გამოც პატიმრობიდან მალევე გაათავისუფლეს. 1940 წლის 23 ოქტომბერს, პირადად სტალინთან შეხვედრის შემდეგ შალვა ნუცუბიძის თარგმანი მოიწონეს და დაიწყო მისი დასაბეჭდად მზადება. პოემა 1941 წელს დაიბეჭდა.

    1940-1941 წლებში მუშაობდა მოსკოვში, მსოფლიო ლიტერატურის ინსტიტუტში. 1942 წლიდან დაბრუნდა თბილისში და ლექციების კურსის კითხვა გააგრძელა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

    1944 წელს აირჩიეს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსად. ამ პერიოდიდან იგი მუშაობდა კვლევებზე „აღმოსავლური რენესანსის“ თეორიის დასაბუთებისათვის.

    1945 წელს შალვა ნუცუბიძე სპეციალური დავალებით გაგზავნეს ბერლინში. არსებული ვერსიის მიხედვით, მას დავალებული ჰქონდა სტალინის შვილის - იაკობ ჯუღაშვილის ბედის გამოკვლევა, თუმცა შალვა ნუცუბიძის ბერლინში ყოფნა და მუშაობა საბჭოთა უშიშროების ორგანოებმა მისი ნაცნობი ქართველი ემიგრანტების აყვანის სპეცოპერაციების ჩასატარებლად გამოიყენეს.

    1946 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ ფილოსოფიის ინსტიტუტში და  პარალელურად   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართული ფილოსოფიის ისტორიის კურსს კითხულობდა.

    1948 წელს ფილოსოფიის ინსტიტუტში მოწყობილ განხილვაზე შალვა ნუცუბიძის ნაშრომი „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“ მკაცრად გააკრიტიკეს პარტიული ნომენკლატურის წარმომადგენლებმა პეტრე შარიამ და ილარიონ ტალახაძემ, შედეგად 1949 წლის 25 აპრილს შალვა ნუცუბიძე ფილოსოფიის ინსტიტუტიდან დაითხოვეს.

    1953 წელს, სტალინის სიკვდილის და ბერიას ხელისუფლებიდან ჩამოცილების შემდეგ დაწყებული წმენდის კვალდაკვალ, შალვა ნუცუბიძეს გაუხსენეს 1938 წლის პატიმრობისას წაყენებული ბრალდებები და 1953 წლის 22 დეკემბერს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის კრებაზე მას აკადემიკოსის ხარისხი ჩამოართვეს, ხოლო 25 დეკემბერს უნივერსიტეტიდან დაითხოვეს და შუამდგომლობა აღძრეს მისთვის პროფესორის ხარისხის ჩამოსართმევად, თუმცა საკავშირო საატესტაციო კომისიამ ამ მოთხოვნაზე უარი განაცხადა.

    1960 წლამდე, ვიდრე  შალვა ნუცუბიძე სსრკ პროკურატურისაგან  სრული რეაბილიტაციას მიიღებდა, შევიწროების მიუხედავად, მაინც დაიბეჭდა მისი  ნაშრომები:  „ქართული ფილოსოფიის ისტორია“ და „რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი“, თუმცა მას  სრულფასოვანი სამეცნიერო და საგანმანათლებლო საქმიანობის საშუალებას უზღუდავდნენ.

    1967 წლიდან  შალვა ნუცუბიძემ  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციების კითხვა გააგრძელა. ამ პერიოდში იგი „შუა საუკუნეების ევროპული ფილოსოფიის ისტორიაზე“ მუშაობდა.

    შალვა ნუცუბიძემ ფუნდამენტური შრომები შექმნა ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებასა და მასთან დაკავშირებულ "აღმოსავლურ რენესანსზე". მისი მეცნიერული გამოკვლევების საფუძველზე ქართველოლოგიის ეს დარგი დამოუკიდებელ მეცნიერებად ჩამოყალიბდა. მან დიდი წვლილი შეიტანა ფსევდო-დიონისე არეოპაგელისა და ცნობილი ქართველი მოღვაწის, პეტრე იბერის იდენტობის დადგენის კვლევაში. ეს ჰიპოთეზა მან  1942 წელს წამოაყენა, მისგან დამოუკიდებლად, 1952 წელს, ამავე დასკვნამდე მივიდა ბელგიელი მეცნიერი და ბიზანტიოლოგი ერნესტ ჰონიგმანი, რის შემდეგაც აღნიშნულ თეორიას ნუცუბიძე-ჰონიგმანის თეორია ეწოდა.

   შალვა ნუცუბიძე მუშაობდა  "ვეფხისტყაოსნის" ავტორის ჰუმანისტური მსოფლმხედველობისა და რენესანსში რუსთაველის ადგილის განსაზღვრაზე. იგი თვლიდა, რომ „ვეფხისტყაოსანი“ მოწინავე აღმოსავლეთის ქვეყნების საერთო კულტურული ცხოვრების პოეტურ გამოსახვასა და ქართული რენესანსის მწვერვალს წარმოადგენდა. მან ახლებურად გადაწყვიტა პოემის ეროვნულ-ფილოსოფიური წყაროების შესწავლის საკითხი, მისი აზრით, "ვეფხისტყაოსნის" ფილოსოფიის წყარო ქართული ნეოპლატონიზმია, რომლის ძირითადი იდეა - სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება - პოემაში მხატვრულად არის განსახიერებული.  „ვეფხისტყაოსნის“ ლიტერატურულ-იდეოლოგიური წყაროების ძიებაში ნუცუბიძეს დიდად ეხმარებოდა ქართული სასულიერო და საერო მწერლობის, აგრეთვე ფილოსოფიური აზროვნების ზედმიწევნით ცოდნა. მას ეკუთვნის ორმოცზე მეტი გამოკვლევა ქართული ფილოსოფიის, ლიტერატურის, კულტურის, ესთეტიკისა და სხვა საკითხებზე. აგრეთვე ბერძნული „ბალავარიანის“ ქართული წარმომავლობის შესახებ.

     შალვა ნუცუბიძე გარდაიცვალა 1969 წლის 6 იანვარს და დაკრძალულია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ერთ-ერთი დამაარსებელი (1918-)
  • პეტრიწის სახელობის საფილოსოფიო საზოგადოება, დამაარსებელი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, აკადემიკოსი (1944-1969)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტია, მთავარი კომიტეტის წევრი (1918-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების წევრი (1914-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1961 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • 1927 - ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი
  • 1915 - ლაიფციგის უნივერსიტეტის ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

გააზიარე: