The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ოლღა ნიკოლოზის ასული აგლაძე

ოლღა ნიკოლოზის ასული აგლაძე
ოფიციალური სახელი:ოლღა ნიკოლოზის ასული ბეჟანიშვილი
სხვა სახელი:ოლ-ბეჟი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1869
გარდაცვ. თარიღი:31 იანვარი, 1952  (82 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მთარგმნელი, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ოლღა ბეჟანიშვილი დაიბადა 1869 წლის 12 აპრილს თბილისში. დაამთავრა ოთხკლასიანი სასწავლებელი.

   1886 წელს, ქართველ ქალთაგან პირველმა დაიწყო რკინიგზაში მუშაობა.

   1899 წელს, რამდენიმე ქალთან ერთად, ღარიბ ქართველ ქალთათვის ჭრა-კერვის სკოლა-სახელოსნო დააარსა. ამ სკოლა დამთავრებულმა ქალებმა მთელს საქართველოში გაავრცელეს ჭრა-კერვის ცოდნა.

    ოლღა ბეჟანიშვილი ყოველ ქართულ საზოგადო საქმეში მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა. მან დააარსა ქალთა წრეები, მართავდა საღამოებს და მოსწავლე ახალგაზრდობის დასახმარებლად ფულს აგროვებდა.

    1902 წლიდან ოლღა ბეჟანიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი, ხოლო 1916 წლიდან ამ საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი.

    ოლღა ბეჟანიშვილი ლადო კეცხოველის დავალებით, თბილისიდან ბაქოში, საიდუმლო სტამბისათვის, ჩემოდნით სასტამბო ასოები (შრიფტი) ჩაიტანა. თავად ლადო კეცხოველს, დევნილობის ჟამს, ხშირად სახლში იფარებდა.

    1905 წელს ოლღამ მხურვალე მონაწილეობა მიიღო რევოლუციაში. იგი ამ დროს უფროს ტელეგრაფისტად მსახურობდა და რკინიგზის კომიტეტის წევრად აირჩიეს. გაფიცვის შესახებ მრავალ დავალებას ხაზზე ატყობინებდა, რკინიგზის ტელეგრაფისტების გაფიცვის ტელეგრამას პირველმა მან მოაწერა ხელი, რასაც იმ ხანად დიდი პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. ბაქოში კონდუქტორთა ბრიგადის გამგედ მუშაობდა. ასეთი თანამდებობა მანამდე ქალს რუსეთშიც არ ჰქონდა.

   ოლღამ ბაქოში ალექსანდრა გვარამაძის, თამარ გეგეჭკორის, მარო გოცირიძისა და სხვათა დახმარებით ქართველ ქალთა წრე შექმნა,  მოაწყო საკვირაო სკოლა, სადაც მეხაშე-მეპურეთა, დერცეკ-მეწაღეთა და სხვა საწარმოებიდან ქართველ ბავშვებს ჰკრებდა და ხელობას ასწავლიდა. თბილისში „ქართველ ქალთა მშრომელი რაზმის“ სახელოსნოს ხელმძღვანელობდა, რომელშიც რამდენიმე წლის განმავლობაში 150 ქართველი ქალი მუშაობდა.

    ოლღა ბეჟანიშვილი ახალგაზრდობიდანვე ჩაება ლიტერატურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. თანამშრომლობდა იმდროინდელ ქართულ პრესასთან და ჟურნალ-გაზეთებში საკუთარი სახელ-გვარითა და ფსევდონიმებით უცხოელ მწერალთა ნათარგმნ მოთხრობებს ათავსებდა. ოლღა თანამშრომლობდა ილია ჭავჭავაძესთნ „ივერიაში“ და სხვა პერიოდულ გამოცემებში. მისი მოთხრობები და თარგმანები იბეჭდებოდა „ჯეჯილსა“ და „ნაკადულში“. 

   ოლღა ბეჟანიშვილის მეუღლე გახლდათ ცნობილი გამომცემელი და საზოგადო მოღვაწე ილია აგლაძე.

   ოლღა ბეჟანიშვილი-აგლაძე გარდაიცვალა 1952 წლის 31 იანვარს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლის გვერდით.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: