The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნესტორ ალექსანდრეს ძე თავდგირიძე (თავადი)

ნესტორ ალექსანდრეს ძე თავდგირიძე
Date of birth:1851
Date of death:15 May, 1893  (at 42 years)
Category:Public official, Educator

Biography

   ნესტორ თავდგირიძე დაიბადა 1851 წელს სოფელ აკეთში (ლანჩხუთის რაიონი). პირველდაწყებითი განათლება მან საკუთარ ოჯახში მიიღო, სადაც თავს იყრიდა გურიის მოწინავე ინტელიგენცია.

   1864 წელს იგი მიაბარეს ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1869 წელს წარმატებით დაამთავრა. ამავე წელს ნესტორი მიემგზავრება რუსეთში და შედის პეტერბურგის უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტზე. მალევე, ჯანმრთელობის გამო, იგი იძულებული გახდა სწავლა გაეგრძელებინა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, რომელიც 1874 წელს წარჩინებით დაამთავრა და სამშობლოში დაბრუნდა.

   1874 წელს ნესტორ თავდგირიძის ინიციატივითა და უშუალო ხელმძღვანელობით სოფელ აკეთში პირველდაწყებითი სკოლა გაიხსნა. იგი მთელ თავის ცოდნას ახალგაზრდობის აღზრდის საქმეს ახმარდა და ცდილობდა, რომ ჩვენში გაევრცელებინა რუსეთში მიღებული პროგრესული იდეები.

   1875 წლიდან მან მასწავლებლობა დაიწყო თბილისის ე.წ. "ტერ–აკოპოვის სასწავლებელში".

   1879 წლიდან იგი იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი.

   1880 წელს ნესტორ თავდგირიძე სამუშაოდ გადაიყვანეს განჯაში მომრიგებელ მოსამართლის თანაშემწედ, მაგრამ ეს საქმე მას არ იზიდავდა. სწორედ ამიტომ მან მალევე თავი დაანება განჯაში სამსახურს და 1882 წლიდან კვლავ მასწავლებლობა განაგრძო ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში. აქ იგი ასწავლიდა ისტორიას, რუსულსა და ქართულ ენას. მან ჩინებულად იცოდა რუსული და მსოფლიო ლიტერატურა, ხოლო ყველაზე ღრმად და საფუძვლიანად მშობლიურ ლიტერატურას ფლობდა.

  ნესტორ თავდგირიძე უდიდესი პედაგოგიური ოსტატობით უნერგავდა მოსწავლეებს ქართული ენისა და ლიტერატურის სიყვარულსა და პატივისცემას. იგი თავგამოდებით იბრძოდა მეფის მოხელეთა ნაციონალურ–კოლონიური საგანმანათლებლო პოლიტიკის წინააღმდეგ.

  1887 წელს ნესტორ თავდგირიძე ერთხმად აირჩიეს ფოთის ქალაქის თავად. იგი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ქალაქის კეთილმოწყობასა და კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობას.

   "მსახურობდა ის სასამართლოს უწყებაში გამომძიებლად, ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლაში მასწავლებლად, თუ შემდეგ ფოთში ქალაქისთავად, – არსად არ იყო უკეთესი გამომძიებელი, პედაგოგი, ქალაქისთავი. ყველგან იყო უზომო ერთგული თავისი საქმისა, ყველგან გულწრფელი და ცამდის პატიოსანი" – წერდა ნესტორ თავდგირიძის შესახებ სილოვან ხუნდაძე ("ივერია", 1893 წ., N 101).

   ნესტორ თავდგირიძე ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, 1893 წლის 15 მაისს 42 წლის ასაკში თავის მშობლიურ სოფელ აკეთში გარდაიცვალა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1893)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: