The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი

გიორგი ფელიქსის ძე ზდანოვიჩი
სხვა სახელი:მაიაშვილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:4 ნოემბერი, 1855
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 1917  (61 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ქუთაისი, "მწვანეყვავილას" პანთეონი
კატეგორია:ეკონომისტი, პუბლიცისტი

ბიოგრაფია

      გიორგი ზდანოვიჩი დაიბადა 1855 წელს ქუთაისში პოლონელი სამხედრო ექიმისა და მარიამ (მაია) მიქელაძის  ოჯახში. პატარა გიორგი ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის მოსამზადებელ კურსებზე შეიყვანეს, რომელიც 1871 წელს წარჩინებით დაამთავრა. იმავე წელს იგი გაემგზავრა  პეტერბურგში და ჩააბარა პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, ხოლო 1873 წელს სასწავლებელად პეტერბურგის სამხედრო–სამედიცინო  აკადემიაში გადავიდა ქირურგიის საფუძვლიანად დაუფლების მიზნით.

      1874  წელს გიორგი ზდანოვიჩი მოსკოვში მიემგზავრება. იგი იყო "სრულიად რუსეთის სოციალ–რევოლუციური ორგანიზაციის" ერთ–ერთი დამაარსებელი და ხელმძღვანელი. 1875 წლის სექტემბერში რევოლუციური მოღვაწეობისთვის დააპატიმრეს, ხოლო 1877 წელს სხვებთან  ერთად  "50-ანელების" პროცესზე გაასამართლეს და 6 წლითა და 8 თვით ციმბირში გადაასახლეს. 1886 წლიდან ცხოვრობდა ტომსკში და ხელმძღვანელობდა "სიბირსკაია გაზეტას". რუსულად თარგმნა კარლ მარქსის "ფილოსოფიის სიღატაკე", რომელიც არ გამოცემულა.

     1889 წელს გიორგი ზდანოვიჩი საქართველოში დაბრუნდა და ქუთაისში დასახლდა. მის ოჯახში ხშირად იკრიბებოდნენ  იმ პერიოდის გამოჩენილი მწერლები და საზოგადო მოღვაწეები. მისი სახელი მჭიდროდაა დაკავშირებული საქვეყნოდ განთქმული ჭიათურის მარგანეცის მრეწველობასთან. დაინტერესებული იყო ქვეყნის სამეურნეო ცხოვრების გაუმჯობესებით, რაც ქართველი ხალხის სოციალურ და ეროვნული განვითარების ქვაკუთხედად მიაჩნდა. ზდანოვიჩი იყო მარგანეცის მრეწველთა წარმომადგენლობითი ორგანოს ყრილობის დაარსების ინიციატორი და ამ საქმის ორგანიზატორი. 1896-1917 წწ. ყრილობის უცვლელი ხელმძღვანელი. ჭიათურაში არ ჩატარებულა არცერთი ღონისძიება, რომელშიც იგი არ იღებდა მონაწილეობას. გიორგი ზდანოვიჩი აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებას ეწეოდა: აგებდა გზებს, ხიდებს, მუშათა თეატრებს,  სასადილოს, ბიბლიოთეკებს, აბანოს, წყალსადენებს, საკანალიზაციო სისტემებს და სხვა. მისი ინიციატივით აგებული იქნა მცირე ელექტროსადგური, რომლის წყალობითაც ჭიათურის მოსახლეობა 1907 წლიდან ელექტროენერგიით სარგებლობდა, გაყვანილი იქნა სატელეფონო ხაზები, 1897 წელს ჭიათურაში გაიხსნა საექიმო პუნქტი აფთიაქი.

        1902 წლიდან გიორგი ზდანოვიჩი იყო "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების"  ნამდვილი წევრი, ხოლო 1912 წლიდან ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი და გამგეობის თავმჯდომარე. ქშწკგ საზოგადოებას მან ერთიანად გადაუხადა საწევრო 100 მანეთი.

    ზდანოვიჩის ინიციატივით ჭიათურაში შეიქმნა მუდმივი საკონტროლო  კომისია, რომელიც მრეწველებსა და უცხოეთის ფირმის წარმომადგენლებს საგრძნობლად უზღუდავდა მუშაობის წონაში მოტყუების შესაძლებლობას. 1911-1914 წწ. ჭიათურაში უკვე არსებობდა  ჭიათურის საქალაქო სასწავლებელი, ჭიათურის ვაჟთა უმაღლესი და ქალთა დაბალი დაწყებითი სასწავლებელი,  სამთო ტექნიკის განყოფილება და სხვა. მან მთელი თავისი ნიჭი, გონება და ნებისყოფა ქართველი ხალხის კეთილდღეობისთვის ბრძოლას შესწირა. 

     გიორგი ზდანოვიჩი გარდაიცვალა 1917 წლის 30 ივლისს და დაკრძალულია ქუთაისის "მწვანეყვავილას" პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების მუდმივი წევრი (1912-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის თავჯდომარე (1912-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: