The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სოლომონ იოსების ძე ახვლედიანი

სოლომონ იოსების ძე ახვლედიანი
ოფიციალური სახელი:სოლომონ იასონის ძე ახვლედიანი
სხვა სახელი:დროებით პეტერბურგელი  (ფსევდონიმი)
ვინც უნდა ვიყო  (ფსევდონიმი)
თეატრის მეგობარი  (ფსევდონიმი)
იქსი  (ფსევდონიმი)
მცირეწლოვანი  (ფსევდონიმი)
ს. ახნი  (ფსევდონიმი)
ს.­ა­ნი  (ფსევდონიმი)
შემინო  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1883
გარდაცვ. თარიღი:15 აპრილი, 1934  (51 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    სოლომონ ახვლედიანი დაიბადა 1883 წელს ქუთაისში ოქრომჭედლის ოჯახში. ე.წ. „ბანკის კლასის“ დასრულების შემდეგ სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. 1905 წელს, საერთაშორისო პოლიტიკური გამოსვლების მხარდასაჭერად, მოწაფეთა მცირე ნაწილთან ერთად სასწავლებელს ბოიკოტი გამოუცხადა და სიმწიფის მოწმობის მისაღებად არ გამოცხადდა. უმაღლესი სასწავლებლის დიპლომის მისაღებად სიმწიფის მოწმობისათვის 1910 წელს ქუთაისის გიმნაზიაში ექსტერნად ჩააბარა გამოცდა, მაგრამ სადიპლომო გამოცდაზე პეტერბურგის უნივერსიტეტში მაინც არ დაუშვეს. იმავე წელს, კავკასიის სამოსწავლო ოლქის სამმართველოში ფრანგული ენის მასწავლებლის ხარისხის გამოცდა ჩააბარა და ტფილისის მე-2 კომერციულ სასწავლებელში ფრანგულ ენასა და მათემატიკურ საგნებს ასწავლიდა.

    1904 წელს "ივერიაში" პირველად გამოქვეყნდა მისი წერილები პოლიტიკური ვითარების, მუშათა მდგომარეობის და სხვა საკითხების შესახებ.

    1918 წელს, ოსმალთა შემოსევის დროს, სოლომონ ახვლედიანი ბათუმში, ოსმალეთთან მოლაპარაკებისათვის ჩასული საქართველოს დელეგაციის ერთ-ერთ მდივნად მიიწვიეს, ბათუმიდან დაბრუნების შემდეგ კი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვიცე-დირექტორად, მაგრამ თეატრის სიყვარულით გატაცებულმა ამ თანამდებობას თავი მალე დაანება და იმავე წელს ქართული თეატრის ასაშენებლად იაფფასიანი ლატარიის მოწყობა გადაწყვიტა. ქართული თეატრის დაწვის (1914) წ.) შემდეგ ახვლედიანი იყო პირველი, ვინც ეს საკითხი წამოჭრა. წამოწყებას საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და 1919 წელს ახვლედიანისვე ხელმძღვანელობით ეს ლატარია გაიმართა კიდეც. შეგროვდა სოლიდური თანხა, რომელიც გადანაწილდა ქართულ დრამატულ საზოგადოებას, ქართულ უნივერსიტეტსა და ქართველ მსახიობთა კავშირს შორის. საქართველოში პირველად სოლომონ ახვლედიანის თაოსნობით მოეწყო მოძრავი კინო დაბა-სოფლებისათვის და კინო-სეანსები ღია ცის ქვეშ იმართებოდა, რომელსაც აუარებელი გლეხობა ესწრებოდა. ამ სეანსებზე მოხსენებით გამოდიოდა იოსე იმედაშვილი, ხოლო გიორგი ქუჩიშვილი ლექსებს კითხულობდა.

   1919 წელს ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის ერთ-ერთ წევრად აირჩიეს და ქართული სათეატრო ხელოვნების გადახალისების მიზნით 1920 წელს ახალი, მცოდნე რეჟისორი მოიწვია.

   1920 წელს საქართველოს სასურსათო სამინისტრომ, ბაზრის შესასწავლად, ევროპაში გააგზავნა. გასაბჭოების შემდეგ ქართული წითელი ლაშქრის სათეატრო განყოფილების გამგედ დაინიშნა, ხოლო 1923 წელს თბილისის სახალხო სახლის ქართული წარმომადგენლების მმართველი წრის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს, რომლის დროსაც სახალხო თეატრის არსებობის 30 წლის შესრულების იუბილე აღნიშნეს.

   სოლომონ ახვლედიანმა პირველმა აღძრა საკითხი საქართველოში ქაღალდის ფაბრიკის აშენების შესახებ და მთავრობის ხელშეწყობით მისი აშენებაც ითავა. რუსეთიდან ჩამოატანინა საჭირო მანქანა-დანადგარები და თბილისში (ნავთლუღში) ქაღალდის ქარხნის აშენებას შეუდგა. მან პირველმა გააკეთა ვაზის წალმისაგან ქაღალდი და გამოთქვა აზრი, რომ ქაღალდის ქარხნის აგება მევენახეობის განვითარებას ძლიერ შეუწყობდა ხელს და გლეხობას შემოსავლის ახალი წყარო გაუჩნდებოდა ისეთი მასალისგან, რომელიც აქამდე უსარგებლოდ იკარგებოდა. გაუგებრობისა და ერთი პროვოკაციული ბრალდების გამო ახვლედიანი ციხეში მოხვდა. ციხეში ყოფნის  პერიოდში პატიმართა შორის კულტურული მუშაობა გააჩაღა, სამასამდე პატიმარს წერა-კითხვა შეასწავლა, გამოსცა ციხის  ჟურნალი, სადაც  პატიმართა შესახებ წერილებს აქვეყნებდა.

   სოლომონ ახვლედიანი სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ წერილებს აქვეყნებდა და ჰქონდა ფრანგულიდან თარგმანებიც.

   სოლომონ ახვლედიანი გარდაიცვალა 1934 წელს და დაკრძალულია თბილისში ვერის სასაფლაოზე მეუღლის გვერდზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: