The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი

ლუკა ნიკოლოზის ძე ასათიანი
დაბადების თარიღი:1826
გარდაცვ. თარიღი:9 იანვარი, 1901  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი

ბიოგრაფია

   ლუკა ნიკოს ძე ასათიანი დაიბადა 1826 წელს სოფელ ზედა ქვიტირში (ქუთაისის რაიონი). ღარიბი აზნაურის ოჯახში.

   პირველდაწყებითი სწავლა–განათლება ქუთაისის ოთხკლასიან სასწავლებელში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ჯერ ქუთაისში და შემდეგ ერევანში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ  1884 წელს იგი ქუთაისის ქალაქის თავად აირჩიეს და ამ თანამდებობაზე 1895 წლამდე მუშაობდა.

   1895 წელს ლუკა ასათიანი აირჩიეს ბათუმის ქალაქის თავად , სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა კიდეც და რომელმაც დიდი ღვაწლი დასდო ბათუმის განაშენიანებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ქალაქის მიმდებარე ტერიტორიებზე ჭაობის ამოშრობა, კაპიტალურად გაყვანილი სანიაღვრე კანალიზაციის არხები, რომლებმაც მთელი ქალაქი გადაკვეთეს. პარალელურად წარმოებდა ქალაქის დადაბლებული ადგილების ხრეშითა და გრუნტით მოზვინვა. ყოველივე ამან განაპირობა ქალაქში ჭაობიანი ადგილების დაშრობა და მეტად საშიში ავადმყოფობის მალარიის მოსპობა. შედეგად შესაძლებელი გახდა ახალი ქუჩების გაყვანა და ნაწილის კეთილმოწყობა.
   ლუკა ასათიანის პირადი ინიციატივით დაიწყო ბათუმის საბჭოს შენობის აგება, რომელიც დღესაც ამშვენებს ქალაქს. მისივე მმართველობის პერიოდშია აშენებული ახლანდელი რესპუბლიკური საავადმყოფო, რომელიც აჭარის მოსახლეობას დღესაც ემსახურება.

   ლუკა ასათიანი დიდ ყურადღებას უთმობდა ბათუმში განათლების აღმავლობის საქმეს. მისი ინიციატივით ქალაქში უმოკლეს ვადაში ყველა ეროვნებისათვის მათ ენაზე დაწყებითი კლასები გაიხსნა. მზრუნველობით ეკიდებოდა სკოლების ქსელის გაშლის საქმეს, ვინაიდან კარგად ესმოდა, რომ ახლად შემოერთებული მუსლიმანი ქართველების დაახლოება მხოლოდ კულტურულ–საგანმანათლებლო გზით იყო შესაძლებელი და ამიტომ ბათუმში და მის ახლო–მახლო სოფლებში სკოლების, ბიბლიოთეკებისა და საგანმანათლებლო ცენტრების გახსნა გადაუდებელ ამოცანად მიაჩნდა.

   ლუკა ასათიანის მოღვაწეობის პერიოდში, ბათუმში შესაძლებელი გახდა ვაჟთა კლასიკური გიმნაზიის დაარსება, რაც გარკვეულ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული. ადგილობრივი შემოსავლებიდან მან გამონახა სახსრები, გაემგზავრა პეტერბურგში და მიიღო კიდეც ნებართვა გიმნაზიის გახსნის შესახებ.

   1897 წლის 14 სექტემბერს სადღესასწაულო ვითარებაში გაიხსნა ბათუმის ვაჟთა კლასიკური გიმნაზია. მაშინდელი მოწინავე ინტელიგენციის დახმარებით ლევან ასათიანმა ორიოდე წლის განმავლობაში გიმნაზიას საუკეთესო ორსართულიანი შენობა აუგო. ამავე წელს მან დააყენა ქალთა გიმნაზიის გახსნის აუცილებლობის საკითხიც. ეს საკითხი ოფიციალურად განიხილეს ქალაქის საბჭოს სხდომაზე და ოლქის მზრუნველს სათანადო ნებართვა ეთხოვა, მაგრამ პასუხმა საკმაოდ დიდხანს დაიგვიანა იმ მიზეზით, რომ ქალთა გიმნაზიის გახსნა გაამრავლებს ინტელიგენტ ქალთა რიცხვს და გიმნაზია აივსება უბრალო ხალხის შვილებითო. ლუკა ასათიანმა ყურად არ იღო ოლქზე მზრუნველის ეს აზრი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამონახა სახსრები, ითხოვა პეტერბურგიდან ნებართვა და 1900 წლის 26 სექტემბერს 140 მოსწავლისთვის გახსნა ქალთა გიმნაზია.

    იმ პერიოდის ბათუმში ეს იყო უდიდესი მოვლენა და ერის კულტურულ–საგანმანათლებლო ცხოვრებაში წინ გადადგმული ნაბიჯი. იმავე 1900 წელს მისი ინიციატივითა და დახმარებით ბათუმში პირველი ბიბლიოთეკა (დღევანდელი საჯარო ბიბლიოთეკა) გაიხსნა.

    ლუკა ასათიანის ბათუმში მოღვაწეობის პერიოდს აგრეთვე უკავშირდება სამი დაწყებითი სკოლისა და რამდენიმე სასწავლებლის გახსნა. იგი პროფესიით პედაგოგი არ იყო, მაგრამ მას კარგად ესმოდა მასწავლებლის, როგორც საზოგადო მოღვაწის როლი. იგი მასწავლებლებისგან მოითხოვდა სწავლა–აღზრდის საქმის ახლებურად წარმართვას, მოსწავლეების პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალვას, რაც განსაკუთრებით სჭირდებოდა ბათუმს და მთლიანად აჭარას, როგორც თურქეთის ბატონობისგან ახლადდახსნილ კუთხეს.

   აჭარაში მიმდინარე კულტურულ–საგანმანათლებლო საქმიანობის წარმართვაში მას დიდ დახმარებას უწევდა ილია ჭავჭავაძე და "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება". ლუკა ასათიანი ამ საზოგადოების დამფუძნებელი წევრი გახლდათ.

    1901 წლის 9 იანვარს ლუკა ასათიანი მოულოდნელად გარდაიცვალა.

    გაზეთმა "ცნობის ფურცელმა" ვრცელი სტატია მიუძღვნა ლუკა ასათიანის გარდაცვალებას, რომელშიც იგი დახასიათებულია როგორც ხალხის მოჭირნახულე, პატიოსანი და ნაყოფიერი საზოგადო მოღვაწე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-1901)

ბიბლიოგრაფია

საკონტაქტო ინფორმაცია

  • სახლი
    მისამართი:ბათუმი

გააზიარე: