The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სპირიდონ სვიმონის ძე ვირსალაძე

სპირიდონ სვიმონის ძე ვირსალაძე
დაბადების თარიღი:17 მარტი, 1868
გარდაცვ. თარიღი:30 მარტი, 1930  (62 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:ექიმი, მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   სპირიდონ ვირსალაძე დაიბადა 1868 წლის 17 მარტს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ნახშირღელეში ღარიბი გლეხის ოჯახში.

   1882 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი დაამთავრა და სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში, მაგრამ პროგრესულად განწყობილ ახალგაზრდობის წრეებში მონაწილეობისათვის დაითხოვეს. იძულებული გახდა კიევში წასულიყო და იქ დაემთავრებინა სემინარია. სწავლა განაგრძო ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე, რომელიც 1896 წელს დაამთავრა და დაღესტანში გაამწესეს, სადაც კიურგინსკის საოლქო ექიმად დანიშნეს.

   1898-1909 წლებში პეტერბურგში ივანე პავლოვის, ალექსანდრე ნეჩაევისა და ვლადიმირ ბეხტერევის ხელმძღვანელობით მუშაობდა.

   1909 წელს სპირიდონი სამშობლოში დაბრუნდა და  თბილისის წმინდა მიქაელის საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილედ და თერაპიული განყოფილების გამგედ დანიშნეს, მაშინდელი მთავარი ექიმის, ალექსანდრ გურკოს გარდაცვალების შემდეგ კი, 1925 წლამდე, ამავე სავაადმყოფოს მთავარი ექიმის თანამდებობა ეკავა.

   სპირიდონმა თანდათან მოიხვეჭა სახელი. მას უხმობდნენ ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მისაღებად. თავს ადგა სხვიტორში ავადმყოფ აკაკი წერეთელს,  მონაწილეობდა უნივერსიტეტის საავადმყოფოში მწოლიარე ვაჟა–ფშაველას მკურნალობაში.

   თბილისში დამკვიდრებულმა სპირიდონმა ცოლად შეირთო ცნობილი ქუთაისელი ნოტარიუსის დავით აბდუშელიშვილის ქალიშვილი ანასტასია, რომელსაც განათლება პეტერბურგში ჰქონდა მიღებული. მათ ორი ვაჟი შეეძინათ: დავითი და კონსტანტინე. კონსტანტინეს ქალიშვილი გახლავთ ცნობილი პიანისტი ელისო ვირსალაძე.

   სპირიდონისა და მის თანამოაზრეთა მონდომებით დაიწყო საქართველოში მალარიის საწინააღმდეგო ღონისძიებები. 1912 წელს იგი ერთი წლით მიავლინეს საზღვარგარეთ თერაპიასა და ტროპიკულ მედიცინაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად. სპირიდონმა შემოირა დასავლეთ ევროპის ქვეყნების ყველა მთავარი ტროპიკულ სნეულებათა ისტიტუტი და სკოლა. განსაკუთრებით ბევრი დრო დაყო ჰამბურგში. სპირიდონის თაოსნობით დაარსდა თბილისის ცენტრალური სამალარიო სადგური, რომელიც შემდეგ, სპირიდონისავე დიდი ბრძოლის შედეგად, ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტად გადაკეთდა.

   1919 წელს სპირიდონ ვირსალაძე თბილისის უნივერსიტეტის კერძო პათოლოგიის და თერაპიის კათედრის გამგედ და პროფესორად აირჩიეს, ხოლო 1921 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე განაგებდა ჰოსპიტალური თერაპიის კათედრას.

   1919 წელს სპირიდონ ვირსალაძემ, შალვა მიქელაძესთან ერთად, პირველი ქართული სამედიცინო ჟურნალი „ექიმი“ დააარსა, ხოლო 1924 წლიდან კი „ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის ბიულეტენი“, რომლის დირექტორიც თავად გახლდათ.

    ღვაწლმოსილმა ექიმმა ქართულ, რუსულ, გერმანულ და ფრანგულ ენებზე გამოქვეყნებული 70-მდე მეცნიერული ნაშრომი დაგვიტოვა.

   1930 წელს, 62 წლის სპირიდონ ვირსალაძეს, დიდი საბჭოთა სამეცნიერო ენციკლოპედიისთვის მალარიის კლინიკის შესახებ სტატიის მომზადება სთხოვეს. ეს დიდი პატივი იყო, რადგან ქართველებს ასეთ ამბებში არ სწყალობდნენ. სპირიდონმა სტატიის მომზადება ვერ მოასწრო, რადგან 1930 წლის 30 მარტს მოულოდნელად გულის შეტევით გარდაიცვალა.

   სპირიდონ ვირსალაძე დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

    სპირიდონ ვირსალაძე გახლავთ მეცნიერული თერაპიისა და ტროპიკული მედიცინის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში და მის სახელს ატარებს პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კავკასიის სამედიცინო საზოგადოება, თავმჯდომარის მოადგილე
  • საქართველოს ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს ექიმთა საზოგადოება, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-1911)

ბიბლიოგრაფია

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 153

გააზიარე: