The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი

ივანე სპირიდონის ძე ელიაშვილი
სხვა სახელი:ი-ლი  (ფსევდონიმი)
ივ-ლი  (ფსევდონიმი)
ივანელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1864
გარდაცვ. თარიღი:12 იანვარი, 1932  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, ვერის სასაფლაო
კატეგორია:ექიმი, მწერალი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ივანე ელიაშვილი დაიბადა 1864 წლის 18 აპრილს ქუთაისში სპირიდონ ელიაშვილის ოჯახში. ივანეს მამა ხელმოკლე ადამიანი იყო, მაგრამ სწავლა-განათლების დიდი მოყვარული და ზეპირად სცოდნია „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო დედა, ძველი ქართული მწერლობის საუცხოო მთხრობელი ყოფილა. წერა-კითხვა შინ, მამიდა ანა ქვარიანისამ შეასწავლა. პატარა ივანე ქუთაისის გიმნაზიაში შეიყვანეს, სადაც ქართულ ენაზე ლაპარაკს უკრძალავდნენ.

    1884 წელს გიმნაზია დაამთავრა, სწავლის გასაგრძელებლად ოდესაში გაემგზავრა და ოდესის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1889 წელს დაამთავრა.

     1893 წელს სწავლა გააგრძელა მოსკოვის უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტზე, მაზრის ექიმის წოდება მიიღო და როგორც კავკასიის სტიპენდიანტი, ტფილისის მიხეილის საავადმყოფოს უმცროს ორდინატორად დაინიშნა. პარალელურად პროზექტორის მოვალეობასაც ასრულებდა.

    1895 წლიდან თბილისის მასწავლებელ ქალთა საზოგადოებაში ფიზიოლოგიის ლექტორად მუშაობდა. 1896 წელს ზაქათალის ოლქის სოფლის ქსენონის გამგედ გაამწესეს, 1897 წელს – ბაქოს საქალაქო ექიმად, 1901-1904 წლებში აქვე, ქალთა სამეანო სკოლის ჰიგიენისა და ბავშვთა ავადმყოფობის ლექტორად. ბაქოში მოღვაწეობის პერიოდში გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ბაქოს განყოფილების ნამდვილი წევრი.

   1903 წლიდან პოლიციას ფარული მეთვალყურეობის ქვეშ ჰყავდა პოლიტიკური საქმის გამო.

    სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ივანე ელიაშვილი სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადგილებზე მუშაობდა: 1914 წელს ტფილისის ქალაქის ექიმად, 1919 წელს საქართველოს სამკურნალო განყოფილებაში გამგის თანაშემწედ, 1921-1929 წლებში საქართველოს სსრ ჯანმრთელობის სახალხო კომისარიატში და საქართველოს პროფკავშირის პოლიტგანყოფილებაში ლექტორად, 1922-1923 წლებში საქართველოს ცენტრალურ პარტსკოლაში ჰიგიენის ლექტორად.

    ივანე ელიაშვილი საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ასპარეზზე მუშაობას სტუდენტობის დროსვე შეუდგა. 1887 წელს მონაწილეობას იღებდა რუსეთის „ნაროდნოვოლცების“ წრეში, ხოლო 1892 წელს ქუთაისში, სტუდენტთა ორგანიზაციის ყრილობაზე - „საქართველოს გათავისუფლების ლიგა“ წარმომადგენელი იყო. იგი 1902 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და ჩაბმული იყო საზოგადოების მუშაობაში, 1906-1908 წლებში – ბაქოს ექიმთა საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, 1916-1917 წლებში – ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოების თავმჯდომარის ამხანაგი, 1916-1920 წლებში თბილისის ქართული საქველმოქმედო საზოგადოების მთავარი გამგეობის წევრი, აგრეთვე, როგორც მუდმივი წევრი, მონაწილეობდა საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებაში და საქართველოს და კავკასიის სამეურნეო საზოგადოებაში.

     მშობლიურ მწერლობას უნივერსიტეტში შესწავლის დროს დაეწაფა და დროგამოშვებით, გაზეთებში სხვადასხვა ფსევდონიმებით კორესპონდენციებს ათავსებდა. 1890 წლიდან საბუნებისმეტყველო დარგიდან სამეცნიერო შინაარსის მოთხრობების წერდა, რაც აკაკიმ ძლიერ მოუწონა. მისივე რჩევით, ბეჭდვა  დაიწყო პერიოდულ პრესაში: „ჯეჯილში“, „ნაკადულში“, „მარცვალში“, „კოლხიდაში“, „განთიადში“, „ცხოვრებაში“, „მიწის მუშაში“, „საუნჯეში“. და „ახალგაზრდა ლენინელში“. აქვეყნებდა საექიმო-სამკურნალო შინაარსის, ხალხურ, მდაბიო ენით დაწერილ სამეცნიერო წერილებს. 1925 წელს გამოსცა სახალხო-სამეცნიერო წიგნაკები: „საყმაწვილო“, „სურენატი“ და „ხუმარა“.

    1926 წელს ივანე ელიაშვილი ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორად იქნა მიწვეული და ამავე წელს საქართველოს სსრ განათლების სახალხო კომისარიატის პოლიტგანათლების მთავარმმართველობის წევრად იყო არჩეული, ხოლო 1928 წლიდან საქართველოს ცკ-სთან არსებულ გლეხთა სახლის საბჭოსა და პრეზიდიუმის წევრად.

    ივანე ელიაშვილი გახლდათ აკაკი წერეთლის პირადი ექიმი და მეგობარი.

    ივანე ელიაშვილი გარდაიცვალა 1932 წლის 12 იანვარს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ბაქოს ექიმთა საზოგადოება, ვიცე-პრეზიდენტი (1906-1908)
  • თბილისის ქართული საქველმოქმედო საზოგადოება, გამგეობის წევრი (1916-1920)
  • საქართველოს და კავკასიის სამეურნეო საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოება, წევრი
  • ქართველ ექიმთა და ბუნებისმეტყველთა საზოგადოება, თავმჯდომარის ამხანაგი (1916-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების დამხმარე წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბაქოს განყოფილების მუდმივი წევრი (1911-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1918-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: