The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ზაქარია ერმალოსის ძე ედილაშვილი

ზაქარია ერმალოსის ძე ედილაშვილი
სხვა სახელი:ზაქარია ედილი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1956  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

    ზაქარია ედილაშვილი  დაიბადა 1873 წელს შიდა ქართლის სოფელ ბრეთაში.  დაამთავრა გორის სასულიერო სემინარია, სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში და უმაღლესი განათლების მისაღებად ქალაქ ტარტუში გაემგზავრა. იგი გახლდათ დავით სარაჯიშვილის სტიპენდიანტი და სწორედ მისი წყალობით მიიღო ვეტერინალური განათლება ტარტუს უნივერსიტეტში.

    1897 წლის 9 ოქტომბერს „ცნობის ფურცელში" დაიბეჭდა განცხადება, რომ წიგნების მაღაზიებში მალე გასაყიდად უნდა გამოსულიყო წიგნი „იტალიელები“, რომელიც ზაქარია ედილაშვილმა თარგმნა და ასევე მისი ნათარგმნი ტურგენევის რომანი „წინა დღით”.

   1901 წლიდან ზაქარია ედილაშვილი დაბრუნდა კავკასიაში და მუშაობა დაიწყო ქალაქ კავკავში დავით სარაჯიშვილის ქარხანაში. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნახიჩევანში, საინგილოში, გორში, ზანგეზურში, ეჩმიაძინში და სოხუმში.

   1907-1917 წლები ედილაშვილი ბედმა საინგილოს სოფელ კახში გადაისროლა, სადაც იგი ოჯახთან ერთად 10 წელი ცხოვრობდა და ეს კუთხე ისე შეიყვარა, როგორც საკუთარი.  საინგილოში მოღვაწეობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ირგვლივ მიმოფანტულ უამრავი ძეგლის მიმართ. შეუდგა აღნიშნული მხარის წარსულის ძიებას, შეაგროვა მეტად მდიდარი და უნიკალური მასალა საქართველოს ამ კუთხის შესახებ. პროფესიულმა საქმიანობამ მას ხელი შეუწყო ახლოს გასცნობოდა ხალხის ადათ-წესებსა და საქმიანობას. იგი ქართულ პრესაში ხშირად აქვეყნებდა მასალებსა და ფოტოილუსტრაციებს საინგილოს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. აღსანიშნავია, რომ მას იმავე სიყვარულით პასუხობდნენ ინგილოები, რაც ჩანს კიდეც საინგილოს შესახებ გამოქვეყნებულ მის პუბლიკაციებში (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი საინგილოზე - თბ., 1947 წ.).

    1910 წლიდან ზაქარია ედილაშვილი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი. ცნობილია, რომ იგი საინგილოში ქართულ-რუსულ წარმოდგენებს მართავდა და შემოსულ თანხას საზოგადოებას ილია ჭავჭავაძის ფონდისთვის უგზავნიდა.

    პირველი მსოფლიო ომის დროს ერთ-ერთ ფრონტზე შავი ზღვის სანაპირო რკინიგზის მშენებლობაზე გაიწვიეს, სადაც ომის დამთავრებამდე დარჩა. სწორედ აქედან გაიცნო და შეიყვარა მან აფხაზეთი, რომლის შესახებ არაერთი საინტერესო მასალა გამოაქვეყნა გაზეთ “საქართველოში”. უნდა აღინიშნოს, რომ ზაქარიას თავისი ხედვა ჰქონდა აფხაზეთთან მიმართებაში. მაგალითად, როდესაც აფხაზებმა აფხაზეთის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია მოითხოვეს, ედილმა მიანიშნა, რომ ისინი არავის დაუპატიჟნია 1917 წლის მარტში საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის ღონისძიებაზე, რომ სამურზაყანოს მართლმადიდებლურმა სამრევლოებმა ისე მიიღეს საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიასთან შეერთების შესახებ გადაწყვეტილება, რომ ამის შესახებ აფხაზებს არც კი აცნობეს - “ყველა ეს სწყინთ აფხაზებს”.

    1918 წლიდან გორში ვეტექიმად მუშაობდა.

    1925-1927 წლებში გორის რაიონულ გაზეთ „ქართლს“ რედაქტორობდა. 1927 წლიდან გორის რაიონის მთავარი ვეტექიმის თანამდებობაზე დაინიშნა.

    ზაქარია ედილაშვილი დაინტერესებული იყო საქართველოს ისტორიით, მუშაობდა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის საკითხებზე. მისი თხზულებებია: „ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი“, „ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი“ და „მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან“.

    ზაქარია ედილაშვილი გარდაიცვალა 1956 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება (1910-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ლენინის ორდენი

გააზიარე: