The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



სერგი იოსების ძე დანელია

სერგი იოსების ძე დანელია
დაბადების თარიღი:27 ოქტომბერი, 1888
გარდაცვ. თარიღი:2 თებერვალი, 1963  (74 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:მეცნიერი, საზოგადო მოღვაწე, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

   სერგი დანელია დაიბადა 1888 წლის 27 ოქტომბერს სამეგრელოს სოფელ ნაჯახავოში.

   1901 წელს ქუთაისის კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1906 წელს მოსკოვის უნივერსიტეტების ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე გადავიდა, რომელიც 1911 წელს დაამთავრა.

   1913 წლიდან სერგი დანელია გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების' ფოთის განყოფილების წევრი.

   1911-1917 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა რუსეთსა და საქართველოში, კერძოდ ხერსონში, ფოთში, სტანიცა მიხაილოცსკაიას და ახალციხის გიმნაზიებში.

   1920 წელს თბილისის უნივერსიტეტში ფილოსოფიურ დისციპლინათა კათედრაზე ლექტორად მიიწვიეს.

   1927 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა და ძველი და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, პედაგოგიკაში, პედაგოგიური მოძღვრების ისტორიაში, დასავლეთ ევროპის საზოგადოებრივი აზროვნებისა და ლიტერატურის ისტორიაში კითხულობდა ლექციებს.

   1933 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსწიტეტში რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრა დაარსდა, რომლის გამგედ სერგი დანელია დაინიშნა. 1940 წელს ამ კათედრას ცალკე გამოეყო რუსული ლიტერატურის კათედრა და გამგედ ისევ დანელია აირჩიეს. მან დიდი ამაგი დასდო რუსული ენისა და ლიტერატურის კათედრას. კითხულობდა რუსული ლიტერატურის ისტორიის კურსს. ცალკეული გამოკვლევები მიუძღვნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე გრიბოედოვის, ნიკოლოზ გოგოლის, ივანე ტურგენევის, ლევ ტოლსტოის და სხვათა შემოქმედებას, ხოლო მონოგრაფია „ნარკვევები XIX საუკუნის ლიტერატურის ისტორიიდან“, გასული საუკუნის რუსული ლიტერატურის პირველი სისტემატური კურსია ქართულ ენაზე.

   სერგი დანელიას მეცნიერული ინტერესების ძირითადი სფერო იყო ანტიკური ფილოსოფიის ისტორია. იგი ჩვენში პირველია, ვინც შეიმუშავა ფილოსოფიის ისტორიის კვლევის მეთოდოლოგიური პრინციპები. მან ამ საქმეში დიდი წვლილი შეიტანა. მისი ნაშრომებია: „ანტიკური ფილოსოფია“, „ატომისტიკა ძველ საბერძნეთში“, „სოკრატეს ფილოსოფია“ და სხვები. მასვე დიდი წვლილი მიუძღვის ისეთი ფილოსოფიური ნაშრომების ქართულად თარგმნის საქმეში, როგორებიცაა: „არისტოტელეს პოეტიკა და განმარტებისათვის“, პლატონის „სოკრატეს აპოლოგია“, დეკარტის „მატაფიზიკური გააზრებანი“, ლაიბნიცის „მონადოლოგია“, ლუკრეციუსის „ბუნებისათვის საგანთა“ და სხვა. მეცნიერს მნიშვნელოვანი ნაშრომები აქვს ახალი ფილოსოფიის ისტორიაშიც. იგი იკვლევდა ბარუხ სპინოზას, დეივიდ იუმის, იმანუელ კანტის, ჟან-ჟაკ რუსოს, ოგიუსტ კონტის და სხვათა მსოფლმხედველობას.

   სერგი დანელიას ფასდაუდებელი წვლილი მიუძღვის როგორც ლექტორს და ჩვენი ახალგაზრდობის აღმზრდელს. წლების განმავლობაში უძღვებოდა ლექციების კურს ძველი და ახალი ფილოსოფიის ისტორიაში, დასავლეთ ევროპის აზროვნებისა და ლიტერატურის, პედაგოგიკასა და პედაგოგიკის ისტორიაში.

   სერგი დანელიას ცხოვრების გზაზე ბევრი დაბრკოლება შეხვდა. ჯერ კიდევ გიმნაზიაში სწავლის დროს 1905 წლის რევოლუციაში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. 1924 წელს მენშევიკურ გამოსვლებთან დაკავშირებით ორჯერ დააპატიმრეს. შემდეგ შალვა ნუცუბიძესთან ერთად როგორც უპარტიო მეცნიერს უნდობლობა გამოუცხადეს და ლექციები წაართვეს. ამასაც არ დასჯერდნენ და ნაციონალიზმსა და კოსმოპოლიტიზმში დასდეს ბრალი. იგი ისე გარდაიცვალა, რომ არ აღირსეს ფილოსოფიის კურსის წაკითხვა. ამ დაბრკოლებათა მიუხედავად, საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული მეცნიერი დიდი რუდუნებითა და შემართებით ემსახურებოდა ქართული აზროვნების საქმეს.

   ღვაწლმოსილი მეცნიერი გარდაიცვალა 1963 წლის 2 თებერვალს და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრი (1913-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: