The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე

ივანე ევდოკიმეს ძე გამყრელიძე
დაბადების თარიღი:1856
გარდაცვ. თარიღი:2 დეკემბერი, 1939  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

   ივანე გამყრელიძე დაიბადა 1856 წელს ონის რაიონის სოფელ უწერაში.

   1878 წელს ივანემ დაამთავრა ნოვოროსიის უნივერსიტეტის ფიზიკა–მათემატიკის ფაკულტეტი და იმავე წელს თბილისის პროგიმნაზიაში, რომელიც მოკლე ხანში ვაჟთა გიმნაზიად გადაკეთდა, მათემატიკის მასწავლებლად დაიწყო მუშაობა. ამ სასწავლებელში მან 27 წელი დაჰყო, პარალელურად მასწავლებლობდა ქალთა პირველ და მეორე გიმნაზიებში, წმინდა ნინოს სახელობის ქალთა სასწავლებელში, ქართულ გიმნაზიაში, ქალთა ეპარქიალურ სასწავლებელში და თბილისის სასულიერო სემინარიაში.

   1905 წელს ივანე გამყრელიძე თბილისის ვაჟთა პირველი გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა. იგი იყო გიმნაზიის პირველი ქართველი დირექტორი, რომელმაც თავისი საქმისადმი სიყვარულითა და პასუხისმგებლობით უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა თბილისის საზოგადოების მოწინავე ნაწილში და და მას ახალგაზრდა თაობის თავდადებული მოამაგის სახელი დაუმკვიდრა.

   ივანე გამყრელიძის უდიდეს ავტორიტეტზე მეტყველებს ის ფაქტიც, რომ 1908 წელს მისი პედაგოგიური მოღვაწეობის 30 წლისთავი აღინიშნა.

   1911 წელს გარკვეული მიზეზების გამო, რომელიც მიუღებელი იყო  მაშინდელი კავკასიის სასწავლო ოლქის ხელმძღვენელობისთვის, ივანე გამყრელიძე დირექტორის თანამდებობიდან გაანთავისუფლეს. ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია გიმნაზიის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს შორის.

   1915 წელს ივანე გამყრელიძემ დააარსა "საშუალო კულტურულ–ტექნიკური სასწავლებელი". ამ სასწავლებლის დაარსებით იგი მიზნად ისახავდა სწავლა–განათლება მიეცა ღარიბ გლეხთა შვილებისთვის და მათი საშუალებით ხელი შეეწყო სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. იგი არა მარტო მოსწავლეთა აღმზრდელი იყო, არამედ ზრდიდა და წვრთნიდა დამწყებ მასწავლებლებს, რათა დახელოვნებულიყვნენ თავიანთ სპეციალობაში. ივანე დაუზარებლად უზიარებდა მათ თავის მდიდარ პედაგოგიურ გამოცდილებას.

   ივანე გამყრელიძე თავისი პედაგოგიური და საზოგადოებრივი საქმიანობის განმავლობაში ყოველთვის სარგებლობდა "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მხარდაჭერით. იგი ამ საზოგადოების წევრი გახლდათ 1879 წლიდან.

   გამოჩენილი პედაგოგი და აღმზრდელი, გულისხმიერი მოქალაქე და უანგარო მოღვაწე ივანე გამყრელიძე გარდაიცვალა 1939 წლის 2 დეკემბერს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1879-1911)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: