The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი (კნეინა)

ბარბარე მიხეილის ასული ამირეჯიბი
ოფიციალური სახელი:ბარბარე ამირაჯიბი
დაბადების თარიღი:1872
გარდაცვ. თარიღი:1939  (67 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
კატეგორია:კომპოზიტორი, მთარგმნელი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

   ბარბარე ამირაჯიბი დაიბადა 1872 წელს იმ დროისათვის მეტად ცნობილი პიროვნების, რუსეთ-თურქეთის ომში მონაწილე სახელგანთქმული გენერალ-ლეიტენანტის მიხეილ ქაიხოსროს ძე ამირაჯიბისა და სოფიო ვასილის ასული ამირაჯიბის (ქალიშვილობის გვარი არგუტინსკაია-დოლგორუკოვა) ოჯახში. სოფიო ამირაჯიბი საზოგადო მოღვაწე და პოეტი ქალბატონი გახლდათ.  მის კალამს ეკუთვნის ქართველი პოეტების ნაწარმოებთა შესანიშნავი თარგმანები რუსულ ენაზე.

   ბავშვობიდანვე მუსიკით გატაცებულმა ბარბარემ დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიის როიალის კლასი პროფესორ საფონოვის ხელმძღვანელობით. 1906 წლიდან ბარბარე სიცოცხლის ბოლომდე პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა. დიდი ხნის განმავლობაში თბილისის კონსერვატორიაში მუშაობდა და ითვლებოდა საუკეთესო პედაგოგად, ეწეოდა საკომპოზიციო მოღვაწეობასაც.  მას ეკუთვნის მრავალი მუსიკალური ნაწარმოები, მათ შორის 17 ფორტეპიანოსათვის, 15 რომანსი და სხვა. თავის დროზე დიდად გაითქვა სახელი ვახტანგ ორბელიანის ლექსზე დაწერილი რომანსით „გალია“.

   1920 წლის 14 მარტს, კონსერვატორიის სიმღერის მასწავლებლის ქ-ნ მიხალსკაიას და ყალამქაროვის თაოსნობით, ქალთა მე-8 გიმნაზიის დარბაზში შედგა მისი დილა გორის დაზარალებულთა სასარგებლოდ, სადაც შესრულდა მისი ნაწარმოებები და უამრავი რომანსით მოაჯადოვეს დამსწრე საზოგადოება. დასასრულს ბარბარე ამირეჯიბმა როიალზე შეასრულა ქართულ კილოზე დაწერილი მუსიკა “Gავოტტე ფის მოლლ”, რამაც საყოველთაო აღტაცება გამოიწვია და მის სამუსიკო ნიჭს ბევრი თაიგული და მხურვალე ტაში მიუძღვნეს.

   ბარბარე ამირაჯიბი გახლდათ პროფესორ კონსტანტინე ამირაჯიბის და. ბარბარე ამირაჯიბის უმცროსი და ანასტასია იყო გამოჩენილი რუსი მხატვრის ვალენტინ სეროვის მოწაფე, ამიტომ ამირაჯიბების ოჯახს ხშირად სტუმრობდა მხატვარი და დიდ ფერმწერს ტილოც დაუხატავს "ვარვარა როიალთან", რომელსაც ერთ-ერთ პრესტიჟულ გამოფენაზე მედალიც დაუმსახურებია.

    ბარბარე ამირაჯიბი გარდაიცვალა 1939 წელს და დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების დამახმარე წევრი (1902-1904)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: