The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე იოსების ძე გიუნაშვილი

ივანე იოსების ძე გიუნაშვილი
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:1935  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი

ბიოგრაფია

   ივანე გიუნაშვილი დაიბადა 1873 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. მშობლები, მიუხედავად მათი მდგომარეობისა, დაინტერესებულნი იყვნენ შვილისთვის შესაფერისი განათლება მიეცათ და იგი გორის სამოქალაქო სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა გორის სამასწავლებლო სემინარიაში გააგრძელა. სემინარიის დამთავრებისთანავე ივანე სოფელ პერევის სკოლაში მასწავლებლად დაინიშნა.

   მიუხედავად იმ დამცირებისა და შევიწროებისა, რასაც იმ პერიოდში  განსაკუთრებით სოფლის მასწავლებლობა განიცდიდა, მათი უმრავლესობა პირნათლად ემსახურებოდა ახალგაზრდების სწავლა–აღზრდის საქმეს. ამ მხრივ საინტერესოა გიუნაშვილის კორესპონდენცია, რომელიც 1900 წლის "კვალში" გამოქვეყნდა და რომელიც ეხებოდა სოფლის მასწავლებელთა მდგომარეობას.

   1901 წლის დეკემბერში "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ" ივანე გიუნაშვილი სოფელ წინარეხის სკოლაში მასწავლებლად მიიწვია. წინარეხის სკოლა ოთხჯგუფიანი იყო და ერთ მასწავლებელზე გათვლილი. გიუნაშვილი "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამით ხელმძღვანელობდა და  იმ პერიოდისთვის ეს სკოლა ერთ–ერთ სანიმუშო სკოლად იყო მიჩნეული. სხვათა შორის "წერა–კითხვის საზოგადოების" 1915 წლის ანგარიშში აღნიშნულია: "15 წელიწადია ამ სოფელში (წინარეხში) მოღვაწეობს მასწავლებელი ივანე გიუნაშვილი, რომელსაც სამართლიანად გულწრფელი სიყვარული და პატივისცემა აქვს დამსახურებული სოფლელებისაგან, რადგანაც იგი სული და გულია სოფლისა, გაჭირვების ტალკვესია".

    "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" გამგეობა ყველანაირად ცდილობდა თავად გიუნაშვილის მუშაობის პირობების გაუმჯობესებას. მაგალითად 1911 წლის ანგარიშში წერია: "... წესიერება სკოლაში მშვენიერია, სწავლა–აღზრდის საქმე კარგადაა, მოსწავლეები რიგიანად არიან მომზადებული, განსაკუთრებით ქართულ ენაში, ეტყობა მასწავლებელს ბევრი შრომა გაუწევია ოთხ განყოფილებასთან მეცადინეობის დროს. ამ მასწავლებლის ჯამაგირი წლევანდლამდე ვერ იყო მოწესრიგებული: ის ღებულობდა "წერა–კითხვის საზოგადოებიდან" 15 მანეთს თვეში, დანარჩენს სოფლელები აძლევდნენ... გამგეობამ საჭიროდ და სამართლიანად დაინახა მასწავლებლისთვის ჯამაგირის მომატება".

   მასწავლებლობის გარდა გიუნაშვილი სალიტერატურო და მთარგმნელობით მუშაობასაც ეწეოდა, მთელ რიგ კორესპონდენციებს აქვეყნებდა ჟურნალ–გაზეთებში. გიუნაშვილი მაქსიმ გორკის თხზულებათა ერთ–ერთი პირველი მთარგმნელია ქართულ ენაზე და ამ თარგმანებს იგი აქვეყნებდა ჟურნალ "კვალსა" და სხვა პერიოდული გამოცემების ფურცლებზე, ხოლო 1902 წელს ცალკე წიგნად გამოვიდა გორკის თხზულებათა მოზრდილი წიგნი, რომლის თარგმანი გიუნაშვილის შესრულებული იყო.

  ივანე გიუნაშვილი გარდაიცვალა 1935 წელს.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების გორის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1903-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: