The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე (კნეინა)

თამარ ალექსანდრეს ასული აბაშიძე
ოფიციალური სახელი:თამარ ალექსანდრეს ასული ვახვახიშვილი
დაბადების თარიღი:1875
გარდაცვ. თარიღი:1936  (61 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პუბლიცისტი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   თამარ ვახვახიშვილი დაიბადა 1875 წელს თელავში, ალექსანდრე ვახვახიშვილის მწიგნობრულ-ლიტერატურული ტრადიციების მქონე ოჯახში, ხოლო წიგნის სიყვარულს თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელში ეზიარა.

    თამარ ვახვახიშვილი ცოლად გაჰყვა თელავში ცნობილ  იოანე, კახთ აბაშიძეთა შთამომავალს და ამ სახელოვანი ოჯახის დიასახლისს 13 შვილიდან, ერთის, დავითის გარდა, ყველა დაეღუპა.

     თელავში, ნადიკვარის უბანში,  ცნობილი იყო ვახვახიშვილ-აბაშიძეების ოჯახური გარემო. ვინ არ სტუმრობდა ამ ოჯახს: ილია, აკაკი, რაფიელ ერისთავი, ალექსანდრე ყაზბეგი, ვაჟა, ვასილ ბარნოვი, ლადო მესხიშვილი, კოტე მარჯანიშვილი და სხვა გამორჩეული ქართველი მოღვაწე. თუკი ვინმე, ჩვენი ერის რჩეულთაგან,  თელავში ჩამოვიდოდა, ის აუცილებლად ამ ოჯახში მოხვდებოდა.

   1894-1895 წლებში, თამარ აბაშიძის ინიციატივით, თელავში ჭრა-კერვის სკოლა დაარსდა, სადაც უღარიბესი ოჯახის შვილები უსასყიდლოდ სწავლობდნენ.

   1903-1915 წლებში თამარ აბაშიძე გახლდათ თელავის წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებლის მოქმედი საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობის წევრი და მისი ინიციატივით შეხვედრები ეწყობოდა ცნობილ მწერლებსა და საზოგადო მოღვაწეებს და ახალგაზრდა მგოსნებთან.

    1909 წელს თელავში გაიხსნა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ განყოფილება, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი გახლდათ თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძისა. ამ საზოგადოების ინიციატივით, 1911 წელს,  თელავში გაიხსნა სკოლა, რომელსაც ილია ჭავჭავაძის სახელი მიაკუთვნეს.

      თამარ აბაშიძე იყო თელავიდან ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოეხმაურა მიხეილ გედევანიშვილს, რომელმაც ილია ჭავჭავაძის  თხზულებათა შედგენა-გამოცემის საქმეს მოჰკიდა ხელი და მატერიალური შემწეობაც გაუწია მას. ამის დამადასტურებელია 1914 წელს, ილიას თხზულებათა  მდიდრულად გამოცემული პირველი ტომის ის ეგზემპლარი, რომელიც თელავში წარწერით გამოიგზავნა: „პატივისცემისა და მადლობის ნიშნად, მიერთვას ეს წიგნი ქ-ნს თამარ აბაშიძისას იმ უანგარო და ენერგიული შრომისათვის, რომლის წყალობით შესანიშნავი მწერლის და დიდებული მამულიშვილის შემოქმედების ნაყოფი მოეფინა საქართველოს ყოველ კუთხეს. - მაისსა I დღესა , 1914 წ. დავშთები თქვენი პატივისმცემელი მიხეილ გედევანიშვილი“

   1915 წელს თელავის მაზრაში ხუთი სამკითხველო და წიგნის მაღაზია გაიხსნა და ყველა მათგანის სულისჩამდგმელი გახლდათ თამარ აბაშიძე.

   თამარი ჭეშმარიტი პედაგოგი გახლდათ. 1912 წლიდან იგი თელავის ვაჟთა გიმნაზიის დაარსების კომიტეტში შედიოდა. სწორედ თელავში დაიბადა პირველი ნაბეჭდი გაზეთის გამოცემის იდეა, რომელიც 1919 წელს თამარის ვაჟის, დავით აბაშიძის მესვეურობით განხორციელდა.

   1925-1927 წლებში თამარ აბაშიძე თელავის შრომის პირველ სკოლაში ხელსაქმე-ხელგარჯილობის მასწავლებლად მუშაობდა, სადაც მან მოაწყო სახელოსნო, რომელშიც მოწაფეები თავად ამზადებდნენ სხვადასხვა სასკოლო ნივთებს.

   1927 წელს თამარი, ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. იგი სამი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა  თბილისის უსინათლოთა სკოლა-ინტერნატს და აქ მყოფებს არწმუნებდა, რომ მათ საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეების კეთება შეეძლოთ. მართლაც, ამ სკოლაში წნავდნენ კალათებს, აკეთბდნენ ჯაგრისებს, ქარგავდნენ ქართულ ასოებს და ილიას პორტრეტებს.

   თამარ აბაშიძემ უსინათლო ბავშვებისათვის შეადგინა სახელმძღვანელო სათაურით „ქართული ანბანი უსინათლოთათვის“, რომელიც 1930 წელს სახელმწიფო გამომცემლობამ თბილისში გამოსცა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი წიგნი ქართულ ენაზე, რომელმაც ქართველ უსინათლო ბავშვებს დიდი სამსახური გაუწია. თამარსვე ეკუთვნის საქართველოს რუკა, რომელიც მან სპეციალურად უსინათლოებისთვის შეადგინა.

   1931 წელს, ჯერ კიდევ მხნედ მყოფი თამარ ვახვახიშვილი-აბაშიძისა თბილისში გარდაიცვალა.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თელავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1912-1927)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: