The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილი

ვასილ სოლომონის ძე თამარაშვილი
Date of birth:21 January, 1883
Date of death:7 April, 1957  (at 74 years)
Burial location:თბილისი, ვაკის სასაფლაო
Category:Inventor, Musician, Educator

Biography

     ვასილ თამარაშვილი დაიბადა 1883 წლის 21 იანვარს თბილისში, სოლომონ თამარაშვილისა და ეკატერინე ვანაძის ქართველ კათოლიკეთა ოჯახში. იგი გახლდათ ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, მიხეილ თამარაშვილის ძმისშვილი. 1911 წელს დაამთავრა რუსული საიმპერატორო საზოგადოების თბილისის მუსიკალური სასწავლებელი სამხედრო "კაპელმაისტერის" (დირიჟორი) განხრით. მუსიკალური თეორიის კურსს თავად ზაქარია ფალიაშვილი ასწავლიდა. მან ქართველ მოღვაწეთა შორის პირველმა, სწავლის პერიოდშივე, 15 მუსიკოსის შემადგენლობით დააარსა  ქართული ხალხური მუსიკალურ-ინსტრუმენტული ორკესტრი, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა და რომელიც თანამშრომლობდა თბილისის სხვადასხვა თეატრებთან. უდავოსაკითხია, რომ საქართველოში ქართული ხალხური მუსიკა უმთავრესად იყო სასიმღერო და არა ინსტრუმენტალური. ამ ორკესტრისათვის ვასილ თამარაშვილმა დაამუშავა სიმღერები: "მარსელიოზა", "ვარშავიანკა", " სმელო ტოვარიშჩი ვნოგუ", ქართული ხალხური სიმღერები და სხვა.

      1914 წლიდან მუშაობდა თბილისის ქართული ფილარმონიული საზოგადოების მუსიკალურ სკოლაში. ამ პერიოდიდან იგი შეუდგა ქართული ხალხური მუსიკალური ინსტრუმენტების შესწავლასა და აღდგენა–რეკონსტრუირებაზე ზრუნვას. ვასილ თამარაშვილის მიერ ოცამდე სხვადასხვა სახეობის ხალხური საკრავია აღდგენილი. 1914 წელს პირველი რეკონსტრუირებული ჩონგური დაამზადა, შემდეგ ჩანგი, ფანდური და გუდასტვირი. მუსიკალურ სასწავლებელში სწავლის პარალელურად თამარაშვილი ნოტის ამწყობ სტამბაში ნოტის გადამწერად მუშაობდა. მას ნოტის საბეჭდი მანქანის შექმნის იდეა გაუჩნდა და 1914–1915 წლებში მანქანის სქემაც გააკეთა, ხოლო 1921 წელს პირველი ნიმუში დაამზადა.

     1936 წელს გადაწყდა ნოტის საბეჭდი მანქანის სერიული გამოცემა და მანქანის ერთი ნიმუში  ლენინგრადის ოლქის ქალაქ ლიგოვოს ქარხანას მასიურად დასამზადებლად გადაეცა. სამწუხაროდ ნოტის საბეჭდი მანქანის გამოცემას ხელი ომმა შეუშალა. ნიმუში 1941 წელს ლიგოვოს ქარხანასთან ერთად განადგურდა. ნოტის საბეჭდი მანქანა, სანოტო ნიშნებთან ერთად, ბეჭდავდა ლიტერატურულ ტექსტს 5 ენაზე. თამარაშვილის გამოგონება, მსოფლიოში სანოტო გამოცემების მექანიზაციის ერთ–ერთი პირველი მცდელობა იყო (მასალები ინახება საქართველოს სახელმწიფო არქივში). დღეისათვის არსებობს ამ მანქანის პატენტი, თუმცა მისი სერიული გამოცემა სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხერხდა.

     1937 წელს, ვასილ თამარაშვილის მიერ რეკონსტრუირებული 11 სხვადასხვა სახეობის საკრავი საქართველოს ხალხური შემოქმედების კაბინეტში დამზადდა და გადაეცა ხალხური შემოქმედების საკავშირო სახლს. ამჟამად დაცულია პეტერბურგის მუსიკალური ინსტრუმენტების მუზეუმში. საკრავები შესულია "სსრკ ხალხთა მუსიკალური ინსტრუმენტების ატლასში".  თამარაშვილს ეკუთვნის, აგრეთვე,  მუსიკალურ საკრავთა შესასწავლი მეთოდური სახელმძღვანელო.

     ვასილ თამარაშვილი გარდაიცვალა 1957 წლის 7 აპრილს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოს პანთეონში. 

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Bibliography


Share: