The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნატალია ფილიპეს ასული უნაფქოშვილი

ნატალია ფილიპეს ასული უნაფქოშვილი
Date of birth:1892
Date of death:1975  (at 83 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Educator, Public Figure

Biography

   ნატალია უნაფქოშვილი დაიბადა 1892 წელს გორის მაზრის სოფელ ვანათში, სასულიერო პირის, ფილიპე უნაფქოშვილისა და მარიამ დოჩანაშვილის ოჯახში.

   1900 წელს საეპარქიო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1908 წელს დაამთავრა და 16 წლისამ გორის მაზრის სოფელ ქვემო ხვითის სამრევლო სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

   1911 წლიდან ნატალია უნაფქოშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი.

   1916 წელს მოსკოვის ქალღა უმაღლესი კურსების საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე თავისუფალ მსმენელად ჩაირიცხა.

   1919-1921 წლებში თბილისის მე-16 სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლად მუშაობდა. 1921 წელს სკოლაში მუშაობას თავი დაანება და თბილისის N1 საბავშვო ბაღს ჩაუდგა სათავეში, რომელიც მისი ხელმძღვანელობით სკოლამდელი ასაკის აღზრდის უმნიშვნელოვანეს კერად იქცა არა მარტო თბილისში, არამედ მთელს საქართველოში. უნაფქოშვილის დედაშვილური მზრუნველობა იმდენად უანგარო და თავდადებული იყო, რომ ბავშვებმა ლექსიც კი შეუთხზეს: „ნატო მასწავლებელო, გულის გამხარებელო!“-ო. აქ მის მიერ შემუშავებული მეთოდები და გამოცდილება მრავალი პედაგოგიურ-მეთოდური ნაშრომის შექმნის საფუძველი გახდა. იგი გახლავთ მეთოდური სახელმძღვანელო - „ბუნება საბავშვო ბაღში“ და ასევე საბავშვო თამაშების კრებულების: „ვინ უფრო ადრე“, „კურდღელი პირს იბანს“, „თამაშობები საბავშვო ბაღში და გამოცანების კრებულის ავტორი. იგი გახლდათ თანაავტორი ჟურნალ „ოქტომბრელისა“ და შემდგომში „დილის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

   ნატალია უნაფქოშვილი დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა პედაგოგიური კადრების შერჩევას. მან თავის გარშემო საქმისადმი ერთგული და ენთუზიასტი ადამიანები შემოიკრიბა. მისი ხელმძღვანელობით საქართველოში პირველად შემუშავდა სკოლამდელი აღზრდის უმნიშვნელოვანესი პრინციპები და მეთოდები. დიდი ყურადღება დაეთმო საბავშვო ლიტერატურას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ბავშვის აღზრდაში ზღაპრის როლის შეფასება, რასაც იმდროინდელ პედაგოგიკაში ეჭვით ეკიდებოდნენ, როგორც რეალობისაგან ბავშვის დაშორების მიზეზს. ასევე ფართოდ იყენებდნენ ქართველი კლასიკოსი მწერლებისა და იმდროისათვის თანამედროვე მწერლების ნაწარმოებებს.

   1923 წელს ნატალია უნაფქოშვილის N1 საბავშვო ბაღი საცდელ-საჩვენებელ ბაღად გადაკეთდა. დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა ბავშვებთან მუშაობაში ხალხური თამაშობების შემოტანასა და დანერგვას. 1932 წელს ბაღმა მოაწყო სათამაშოების პირველი რესპუბლიკური გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ხალხური თვითნაკეთი და საბავშვო ბაღში დამზადებული სათამაშოები.

   ნატალია უნაფქოშვილი აქტიურად მონაწილეობდა საზოგადოებრივ საქმიანობაშიც. 1940 წელს იგი თბილისის საქალაქო საბჭოს დეპუტატად იქნა არჩეული. მან სკოლამდელი აღზრდის საქმეს თავისი ცხოვრების 42 წელი მიუძღვნა. მისი მეუღლე გახლდათ ასევე გამოჩენილი პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე იოაკიმე უშვერიძე.

   ნატალია უნაფქოშვილი გარდაიცვალა 1975 წელს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1911-)

Awards and Honors

  • 1971 - თბილისის განათლების განყოფილების დიპლომითა და უმაღლესი სკოლისა და სამეცნიერო დაწესებულებების მუშაკთა პროფკავშირის საპატიო სიგელი
  • 1971 - იაკობ გოგებაშვილის მედალი
  • 1962 - სსრ კავშირის სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენის ვერცხლის მედალი
  • 1956 - საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის საპატიო წოდება
  • 1946 - „სახალხო განათლების წარჩინებულის“ სამკერდე ნიშანი
  • 1946 - მედალი „დიდ სამამულო ომში მამაცური შრომისათვის“
  • 1941 - სსრკ უმაღლესი საბჭოს საპატიო სიგელი
  • 1932 - „საპატიო დამკვრელის სიგელი“

Contacts Information

  • Home
    Address:სოფელი ქვემო ხვითი

Share: