The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი

ნიკიფორე ბესარიონის ძე იმნაიშვილი
Other name: ნ-რე  (Pseudonym)
ნე-ონი  (Pseudonym)
Date of birth:1888
Date of death:1 October, 1937  (at 49 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Educator, Politician, Publicist, Repressed

Biography

     ნიკიფორე იმნაიშვილი დაიბადა 1888 წელს ოზურგეთის მაზრის ლანჩხუთის საზოგადოების სოფელ შუხუთში მღვდლის ოჯახში. სწავლობდა ქუთაისის რეალურ სასწავლებელში და ამ პერიოდიდან იყო ჩართული ადგილობრივი მარქსისტული წრეების მუშაობაში. 1904 წლიდან გახლდათ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „მენშევიკების“ ფრაქციის წევრი და მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომის წინააღმდეგ მოწყობილ მოსწავლეთა საპროტესტო აქციაში, რის გამოც დააპატიმრეს.  გათავისუფლების შემდეგ აგრძელებდა პარტიაში მუშაობას. იყო რსდმპ ქუთაისის კომიტეტის მდივანი და ახალგაზრდათა ორგანიზაციის თავმჯდომარე, რის გამოც 1906 წელს მეორედ დააპატიმრეს და სამი თვით იჯდა ციხეში ადმინისტრაციული წესით.

    1907 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად გერმანიაში გაემგზავრა. სწავლობდა ჰალეს უნივერსიტეტში ფილოსოფიის ფაკულტეტეზე; პარალელურად მუშაობდა რსდმპ საზღვარგარეთულ ორგანიზაციებში, სხვადასხვა ფსევდონიმებით თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. 1912 წელს, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო მასწავლებლად მიხაილოვოს (ხაშური) გიმნაზიაში. მუშაობდა რკინიგზელთა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციაში.

   1912 წელს ტფილისის გუბერნიის ჟანდარმთა სამმართველომ დააპატიმრა, მაგრამ ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო მალევე გაათავისუფლა.

   1917 წლის რევოლუციის შემდეგ იყო გორის მუშათა და ჯარისკაცთა გაერთიანებული საბჭოს (?) თავმჯდომარე და რსდმპ გორის კომიტეტის ხელმძღვანელი. ასევე, რსდმპ კავკასიის საოლქო კომიტეტის წევრი.

    1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტიდან არჩეული იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო განათლების, საბიბლიოთეკო, საბიუჯეტო-საფინანსო და სარეგლამენტო კომისიების წევრი.

    1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11 წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“, რომელიც აკრიტიკებდა პარტიას იდეური პრინციპების დარღვევის, სახელმწიფო მმართველობის წარუმატებელი კურსისა და პარტიაში შიდა დემოკრატიის შესუსტების გამო. 1921 წლის იანვარში საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის თბილისის ორგანიზაციების კონფერენციაზე „სხივის“ ჯგუფს უმრავლესობამ მოსთხოვა დაეცვა პარტიული დისციპლინა და შეეწყვიტა საკუთარი პარტიის ღია კრიტიკა გაზეთ „ახალი სხივის“ ფურცლებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი გაირიცხებოდნენ პარტიიდან. საპასუხოდ, „სხიველთა“ ჯგუფმა, 1921 წლის 11 თებერვლის დამფუძნებელი კრების სხდომაზე საჯაროდ განაცხადეს საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის დატოვების და „დამოუკიდებელი სოციალ-დემოკრატიული პარტია „სხივის“ შექმნის შესახებ, რომელმაც ცალკე ოპოზიციური ფრაქცია შეადგინა დამფუძნებელ კრებაში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ „სხიველები“ დარჩნენ საქართველოში და აგრძელებდნენ საკუთარი გაზეთის „ახალი სხივის“ გამოცემას, რომელიც 1921 წლის ივნისში ბოლშევიკურმა რეჟიმმა  კრიტიკის გამო დახურა. როგორც საბჭოთა ხელისუფლებისადმი მტრულად განწყობილი და მავნე ელემენტი ნიკიფორე იმნაიშვილი, „იზოლაციის წესით“ იჯდა მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“, სადაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულების გამო (ტუბერკულოზი) თავდებით გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდეგ სამკურნალოდ გაემგზავრა ბათუმში, მცირე ხნით ცხოვრობდა და მუშაობდა მშობლიურ სოფელში და 1923 წელს თბილისში დაბრუნდა, სადაც მალევე  დააპატიმრეს კონტრრევოლუციური არალეგალური საქმიანობის ბრალდებით, თუმცა ძიებამ  მისგან ინფორმაციის მიღება ვერ შეძლო და იგი პატიმრობიდან გაათავისუფლა. შემდგომ პერიოდში მცირე ხნით მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საიდანაც მალევე დაითხოვეს და ბოლო პერიოდში გახლდათ საქართველოს სსრ დერმატოლოგიური ინსტიტუტის დოცენტი, პედაგოგი.

   1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს, საქართველოს სსრ შინსახკომის მე-2 განყოფილებამ  ნიკიფორე იმნაიშვილის დაპატიმრების დადგენილება მიიღო და  საკუთარ ბინაზე, გლდანის ქუჩის N23-ში, დააპატიმრეს კიდეც.  დაკითხვისას იმნაიშვილმა კატეგორიულად უარყო წარდგენილი ბრალდებები, რომლებიც დამფუძნებელი კრების სხვა დაპატიმრებული დეპუტატების და სოციალ-დემოკარტიული პარტიის ყოფილი ლიდერების ჩვენებებში იყო დაფიქსირებული და განაცხადა, რომ 1923 წლის შემდეგ არანაირ ანტისაბჭოთა საქმიანობაში  ჩართული არ ყოფილა.  მომზადდა საბრალდებო დასკვნა და მიუხედავად იმისა, რომ იმნაიშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობდა, მისი საქმე განსახილველად გადაეგზავნა სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიას განსახილველად.

    1937 წლის 20 სექტემბერს იმნაიშვილს წარუდგინეს საბრალდებო დასკვნა და  1 ოქტომბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ  ნიკიფორე იმნაიშვილის საქმის მოსმენა დაიწყო. იმნაიშვილმა უარყო წაყენებული ბრალდებები და მის წინააღმდეგ მიცემული ჩვენებების შესახებ განაცხადა, რომ ისინი სიმართლეს არ შეესაბამებოდა. მიუხედავად ამისა, თავმჯდომარემემ ძიება დასრულებულად გამოაცხადა და სასამართლოს შემადგენლობამ იმნაიშვილს სასიკვდილო განაჩენი გამოუცხადა.

დახვრიტეს იმავე ღამეს.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაშურის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხაშურის განყოფილების სარევიზიო კომისიის თავმჯდომარე (1916-)

Contacts Information

  • Home
    Address:გლდანის ქუჩის N23

Share: