The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მოსე სიმონის ძე თოიძე

მოსე სიმონის ძე თოიძე
Date of birth:21 January, 1871
Date of death:17 June, 1953  (at 82 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Painter, Public Figure

Biography

      მოსე თოიძე დაიბადა 1871 წლის 21 იანვარს თბილისში. მამით ადრე დაობლებული დედამ გაზარდა და სასწავლებლად საქალაქო სასწავლებელში მიაბარა, სადაც ხატვისადმი მიდრეკილება გამოამჟღავნა.

   1887 წელს სახელოსნებო სასწავლებელი დაამთავრა და იქვე დატოვეს ზეინკალ-მასწავლებლად. ამ პერიოდში იგი დაუახლოვდა ცნობილ რევოლუციონერებს, გოლა და შიო ჩიტაძეებს და მათ წრეს, სადაც რადიკალურად განწყობილი ქართველი ინტელიგენციის წარმომადგენლები იყრიდნენ თავს. აქვე გაიცნო მაქსიმ გორკი, რომელმაც დიდი გავლენა იქონია მისი შემოქმედების მომავალ ბედზე.

   1896 წელს, მაქსიმ გორკის რჩევით, პეტერბურგში გაემგზავრა სამხატვრო აკადემიაში გამოცდების ჩასაბარებლად. თოიძე აკადემიაში ჩაირიცხა და ილია რეპინის ჯგუფში მოხვდა.

   1901 წელს მოსე თოიძემ სამხატვრო აკადემია დაამთავრა, შეასრულა დიდფორმატიანი სადიპლომო ფერწერული ტილო „მცხეთობა“, რისთვისაც საზღვარგარეთ უნდა გაეგზავნათ, მაგრამ სტუდენტთა პოლიტიკურ დემონსტრაციაში მონაწილეობის გამო იგი დააპატიმრეს და ეტაპით თბილისში გამოგზავნეს.

    1901 წელს, რუსეთთან საქართველოს შეერთების 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, მისი ნახატი „მცხეთობა“ ოქროს მედლით დააჯილდოეს. ეს ტილო თოიძემ მუზეუმს შესწირა, რათა კერძო პირს არ ჩავარდნოდა ხელში.

   1903-1904 წლებში „პერედვიჟნიკების“ 31-ე საგაზაფხულო გამოფენასა და კავკასიის მხატვართა საზოგადოების გამოფენაში მონაწილეობდა. ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში, თბილისში დაბრუნებამდე თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ გამოცემებთან: „კვალი“, „ჯეჯილი“, „ნაკადული“, „ფასკუნჯი“, „ცნობის ფურცელი“ და სხვა.  იგი გახლდათ თბილისში „რევოლუციის მხატვართა ასოციაციის“ დაარსების ერთ-ერთი ინიციატორი.

   1910 წლიდან მოსე თოიძე სამხატვრო და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოებაში მუშაობდა და მონაწილეობა მიიღო ხელოვნებათა წამახალისებელი საზოგადოების დაარსებაში, სადაც 3 წელი ხატვას უფასოდ ასწავლიდა.

    1915 წელს, თბილისში, მოსე თოიძის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა, სადაც 120-მდე ნახატი იყო გამოფენილი, რომელთა შორის აღსანიშნავია: „ხევსური“, „თბილისი, მთვარიანი ღამე“, „განთიადი“, „გიორგი XIII“ და სხვა.

   1919 წელს შვილთან, ირაკლი თოიძესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო არტისტული კაფე „ქიმერიონის“ მოხატვაში.

   1921 წლიდან მოსე თოიძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.

    1922 წელს თბილისში სახალხო სამხატვრო სტუდია დაარსდა, რომელსაც 1930 წლამდე თავად ხელმძღვანელობდა. იგი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც საქართველოში საფუძველი ჩაუყარა პროფესიულ სამხატვრო განათლებას. მისი დაარსებული სამხატვრო სტუდია გაიარეს მომავალში ისეთმა მხატვრებმა როგორებიც იყვნენ: უჩა ჯაფარიძე, სიმონ ვირსალაძე, დავით კაკაბაძე და მრავალი სხვა.

    მოსე თოიძე გახლდათ ახალი ქართული ფერწერის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იგი მუშაობდა სახვითი ხელოვნების თითქმის ყველა სფეროში: საყოფაცხოვრებო, ისტორიული, პეიზაჟის, ნატურმორტის, პორტრეტის ჟანრებში.

   მოსე თოიძის შემოქმედების მნიშვნელოვანი თემაა ძველი თბილისის ყოფა და ხედები: „ვიწრო ქუჩა“, „მრეცხავი“, „ბაზაზხანა“, „მაწვნის გამყიდველი“, „მეთევზის დუქანი“, „ნავი მტკვარზე“, „ქალები ბანზე“, „ძველი თბილისის აშუღი“ და მრავალი სხვა. მეორე მსოფლიო ომის თემას მიუძღვნა სურათი - „თბილისი ომის დროს“. მან შექმნა მისი თანამედროვეთა პორტრეტები: „ი. გრიშაშვილი“, „მ. ჭიაურელი“ და სხვა. მოგვიანებით განიზრახა ლითოგრაფიული წესით ქართველ მწერალთა პორტრეტების გამოცემა. ამ მიზნით დახატა რუსთაველის, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის, რაფიელ ერისთავის, ალექსანდრე ყაზბეგისა და სხვათა პორტრეტები.

   მოსე თოიძე გარდაიცვალა 1953 წლის 17 ივნისს თბილისში და დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

   მოსე თოიძის ნამუშევრები დაცულია საქართველოს სხვადასხვა მუზეუმებში. მის სახელს ატარებს მისივე დაარსებული სამხატვრო პროფესიული ლიცეუმი. 

Member of Organizations

  • სამხატვრო და საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, წევრი (1910-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1921-)

Awards and Honors

  • 1953 - სსრკ-ის სახალხო მხატვარი
  • 1947 - სსრკ-ის სამხატვრო აკადემიის აკადემიკოსი
  • 1930 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1922 - თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორი

Share: