The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სერგო ივანეს ძე ქავთარაძე

სერგო ივანეს ძე ქავთარაძე
Date of birth:30 August, 1885
Date of death:17 October, 1971  (at 86 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Public official, Politician

Biography

    სერგო ქავთარაძე დაიბადა 1885 წლის 30 აგვისტოს (ძვ.სტ.) ქუთაისის გუბერნიის სოფელ ზოვრეთში. საშუალო განათლება ქუთაისში მიიღო და უმაღლესი განათლების მისაღებად კიევში გაემგზავრა, სადაც კიევის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, რომელიც 1915 წელს დაამთავრა.

    სერგო ქავთარაძე რევოლუციურ მოძრაობაში ჭაბუკობიდანვე ჩაება და დაუკავშირდა სტალინს, წულუკიძეს, ცხაკაიასა და სხვებს. პროკლამაციების გავრცელება და მიტინგებზე გამოსვლა მის ყოველდღიურ საქმიანობად იქცა. არალეგალურ მუშაობას ეწეოდა ამიერკავკასიის დიდ ქალაქებში. 1912-1914 წლებში გაზეთ „პრავდას“ თანამშრომელიც გახლდათ.

   სერგო ქავთარაძის საქმიანობა ყურადღების მიღმა არ დარჩენია მეფის ხელისუფლებას და იგი რამდენჯერმე დაპატიმრებულიც იყო.  1917 წელს იგი გააციმბირეს, მაგრამ თებერვლის რევოლუციის შემდეგ პატიმრობიდან გაათავისუფლეს და ისევ რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება. მისი რედაქტორობით გამოდიოდა ყოველდღიური ბოლშევიკური გაზეთი „ზაკავკაზსკი რაბოჩი“.

   1917 წლის ოქტომბერში სერგო ქავთარაძე კავკასიის სამხარეო კომიტეტის საბჭოს წევრად, ხოლო 1918 წლიდან ვლადიკავკაზის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ აირჩიეს. ცოტა ხანში თბილისში რუსეთის საელჩოს მრჩევლად გადაიყვანეს და საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ  სხვადასხვა პასუხსაგებ თანამდებობებზე მუშაობდა. იგი გახლდათ ბათუმისა და მისი ოლქის რევკომის თავმჯდომარე, საქართველოს იუსტიციის კომისარი, სახკომსაბჭოს თავმჯდომარე, სსრ კავშირის უზენაესი სასამართლოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა სახალხო კომისარიატის ახლო და შუა აღმოსავლეთის განყოფილების გამგე, სსრ კავშირის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში და სხვა.

    სერგო ქავთარაძე მონაწილეობდა ისეთ დიდ საერთაშორისო ფორუმებში, როგორებიცაა მოსკოვის, იალტის, პოტსდამის და პარიზის კონფერენციები.

    ხელისუფლების მხრივ ასეთი ნდობის მიუხედავად მასაც ვერ ასცდა რეპრესიების ტალღა და რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული. იგი ტროცკისტობის ბრალდებით იქნა დატყვევებული, თუმცა შემდეგ სასჯელი მოეხსნა და რეაბილიტირებულ იქნა იოსებ სტალინთან მისი პირადი მეგობრობის წყალობით.  1954 წლიდან სერგო ქავთარაძეს პერსონალური პენსია დაენიშნა. იგი დაჯილდოებულია სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით.

    სერგო ქავთარაძე  ღრმად მოხუცებული გარდაიცვალა 1971 წლის 17 ოქტომბერს და დაკრძალულია  მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში მეუღლესთან ერთად.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

Awards and Honors

  • რუმინეთის სახალხო რესპუბლიკის ოქროს ვარსკვლავის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი (2 ცალი)

Bibliography

  • "მამულიშვილთა სავანე" : ზაურ ბაბუნაშვილი, თეიმურაზ ნოზაძე. - თბილისი, სერვანტესის საზოგადოება, გამომცემლობა "ირმისა", 1994. - გვ. 340

Share: