The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



ივანე იოსების ძე მჭედლიშვილი

ივანე იოსების ძე მჭედლიშვილი
სხვა სახელი:ავლაბრელი ნინია  (ფსევდონიმი)
ისნელი  (ფსევდონიმი)
ქიზიყელი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:1873
გარდაცვ. თარიღი:7 მარტი, 1918  (45 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:თბილისი, პეტრე-პავლეს სასაფლაო
კატეგორია:მესტამბე, მწერალი, საზოგადო მოღვაწე

ბიოგრაფია

   ივანე მჭედლიშვილი დაიბადა 1873 წელს თბილისში დურგლის ოჯახში. წერა-კითხვა შინ დედამ შეასწავლა და ეკლესიის სამრევლო პირველდაწყებით სასწავლებელში მიაბარეს, რომლის დამთავრების შემდეგ მამამ მედუქნე-მეწვრილმანესთან შეგირდად მიიყვანა.

    1892 წელს სტამბაში დაიწყო მუშაობა, ასოთაწყობა შეისწავლა და თვითგანვითარებას მიჰყო ხელი. მუშაობდა სხვადასხვა სტამბაში და სხვადასხვა გაზეთებზე. ბოლოს „მოამბეში“ და „ცნობის ფურცელზე“ მუშაობდა.

    1902 წელს, როგორც სცენისმოყვარემ, იოსებ იმედაშვილთან და სხვებთან ერთად, საძირკველი ჩაუყარა ავლაბრის თეატრს, სადაც 15 წლის განმავლობაში სრულიად უსასყიდლოდ აქტიურად მონაწილეობდა მუშა-ხელოსანთათვის გამართულ წარმოდგენებში, ზოგჯერ ქართული დრამატული დასის წარმოდგენებშიც მონაწილეობდა.

   1907 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპული წესის სტამბა `“იდეალის“ მოწყობაში. დიდი ცვლილება შეიტანა საბეჭდი ასოს გადაკეთებაში. ჩამოასხმევინა „ვენური ასო“, რამაც ძლიერ შეუწყო ხელი ბეჭდვითი საქმის განვითარებას, განსაკუთრებით პრესას. 1920 წელს ამ ასოთი პირველად გაზეთი „სახალხო ფურცელი“ აიწყო, შემდეგ სხვა ჟურნალ-გაზეთებმა და წიგნების  გამომცემლებმაც შემოიღეს.

    აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში და წერილებს აქვეყნებდა ჩვენი ქვეყნის სამეურნეო, საზოგადოებრივი, სასტამბო ხელოვნებისა და მისი ტექნიკის გაუმჯობესების თემებზე. დაწერილი ჰქონდა საყურადღებო გამოკვლევა ქართულად „ბეჭდვითი ხელოვნების ისტორიიდან“.

    1907 წელს სამსონ ფირცხალავას რედაქტორობით გამოსცა „დროების კალენდარი 1908 წელი“, წელიწადი პირველი  მრავალი საყურადღებო მასალით, რომელშიაც, სხვათა შორის, ფართო მკითხველთა საცნობლად, პირველად გამოქვეყნდა „რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება“ - 1783 წლის ტრაქტატი და აგრეთვე, ყველა პოლიტიკურ-რევოლუციური პარტიის პროგრამა. ამ კალენდარს მეფის ჟანდარმერიამ ყადაღა დაადო, აკრძალა, ხოლო თავად ივანე მჭედლიშვილი 5 თვით მეტეხის ციხეში პატიმრობის შემდეგ, როსტოვში გადაასახლა, სადაც გაზეთ „პრიაზოვსკის კრაიზე“ მუშაობდა, საიდანაც გამოიპარა და სამშობლოში არალეგალურად ცხოვრობდა.

   1908 წელს მისი პასუხისმგებელი რედაქტორ-გამომცემლობით გამოდიოდა სოციალ-ფედერალისტების პარტიული გაზეთი „ისარი“, რომლის 1908 წლის მარტის ნომერი მთავრობამ დააჯარიმა 1000 მანეთით, რის გამოც გაზეთი დაიხურა.

   1917 წლის რევოლუციის დაწყებისას რაზმელი იყო.

   1917 წლიდან იგი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  ნამდვილი წევრი.

   ივანე მჭედლიშვილი გარდაიცვალა 1918 წლის 7 მარტს და დაკრძალულია თბილისში, პეტრე-პავლეს სასაფლაოზე.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1917-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: