The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი

რაჟდენ ბართლომეს ძე ხუციშვილი
Date of birth:17 January, 1887
Date of death:20 July, 1942  (at 55 years)
Category:Scientist, Physicist

Biography

   რაჟდენ ხუციშვილი დაიბადა 1887 წელს საინგილოს სოფელ კახში. პირველდაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო, ხოლო შემდეგ მშობლებმა თბილისში ჩამოიყვანეს, სადაც ვაჟთა მე-2 გიმნაზიის მესამე კლასში ჩაირიცხა. ორი წლის შემდეგ, როგორც წარჩინებული მოსწავლე, სახელმწიფო ხარჯით სტავროპოლში გაიგზავნა. 1908 წელს, მე-8 კლასის წარჩინებული მოსწავლე, სკოლაში უსიამოვნების გამო, გარიცხეს, მაგრამ მან იმ წელსვე ნოვოროსიისკის გიმნაზიაში გადასვლა მოახერხა. გიმნაზიის დამთავრების შემდეგ რაჟდენ ხუციშვილმა სწავლა ოდესის უნივერსიტეტში გააგრძელა და სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, თუმცა, მალევე იმავე უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე გადავიდა.

    1912 წელს რაჟდენ ხუციშვილმა, მე-4 კურსის სტუდენტმა, სტუდენტთა არალეგარულ ორგანიზაციაში მიიღო მონაწილეობა, რის გამოც უნივერსიტეტიდან გარიცხეს, მაგრამ იმავე წელს ხარკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე ექსტერნის წესით ჩააბარა გამოცდები და პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო ფიზიკოსის სპეციალობით.

   რაჟდენ ხუციშვილი, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, ყარსის რეალურ სასწავლებელში ფიზიკისა და მათემატიკის მასწავლებლად გაიგზავნა, ხოლო 1914 წელს, იგივე თანამდებობაზე, კისლოვოდსკის ქალთა გიმნაზიაში გადაიყვანეს.

   1915 წელს რაჟდენ ხუციშვილი სამშობლოში დაბრუნდა და იმავე წელს, თბილისის ქართული გიმნაზიის მასწავლებლად დაინიშნა.

   1918 წელს რაჟდენი თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში მაგნიტური განყოფილების გამგედ მიიწვიეს. 1919 წელს თბილისის უნივერსიტეტში თეორიულ ფიზიკაში ასპირანტად ჩაირიცხა. 1920 წელს, თბილისის უნივერსიტეტმა ასპირანტთა დიდი ჯგუფი გერმანიაში საპროფესორო წვრთნის გასასვლელად გააგზავნა. რაჟდენმა ბერლინში სამი წელი დაჰყო და წამყვანი მეცნიერების ხელმძღვანელობით შესანიშნავი სკოლა გაიარა.

   1923 წელს რაჟდენ ხუციშვილი სამშობლოში დაბრუნდა და მაშინვე უნივერსიტეტში ფიზიკის ლექტორად და თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ იგი უკვე ობსერვატორიის დირექტორი იყო.

   1925-1927 წლებში რაჟდენ ხუციშვილი უკრაინაში, კერძოდ მელიტოპოლში, ფიზიკისა და მათემატიკის პედაგოგად მუშაობდა, ხოლო 1927 წელს ლენინგრადის მთავარი გეოფიზიკური ობსერვატორიის მაგნიტური განყოფილების გამგედ დაინიშნა. ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ ობსერვატორიასთან „დედამიწის მაგნიტიზმისა და ატმოსფეროს ელექტრობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი" დაარსდა, რომლის პირველი დირექტორი გახლდათ რაჟდენ ხუციშვილი. აქედან იგი არქტიკის ყველა მაგნიტურ ობსერვატორიას უწევდა ხელმძღვანელობას.

   1931 წელს რაჟდენ ხუციშვილი ისევ თბილისის უნივერსიტეტში მიიწვიეს და უკვე ერთი წლის შემდეგ, მისი ინიციატივით, ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტთან თეორიული ფიზიკის კათედრა გაიხსნა, რომელსაც თავად ხელმძღვანელობდა.

   1932 წელს რაჟდენ ხუციშვილს პროფესორის წოდება მიენიჭა. ამ დროისათვის იგი ორ კათედრას განაგებდა: ზოგადისა და თეორიული ფიზიკის. 1934 წელს მისი ინიციატივით ფიზიკა-მათმატიკის ფაკულტეტთან თბილისში პირველად იქნა დატოვებული მოსამზადებლად ხუთი ასპირანტი-ფიზიკოსი. მანამდე უნივერსიტეტის წარჩინებით კურსდამთავრებულნი ასპირანტურის კურსის გასავლელად რუსეთის მსხვილ სამეცნიერო ცენტრებში იგზავნებოდა.

   1931 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე რაჟდენ ხუციშვილი უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში ფიზიკაში ლექციებს კითხულობდა. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის მეცნიერულ კონსულტანტად, ამიერკავკასიის კავშირგაბმულობის ინსტიტუტში ფიზიკის კათედრის გამგედ და ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში. მან  ყველგან ახლებურად მოაწყო ფიზიკის კაბინეტ-ლაბორატორიები.

   საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, რაჟდენ ხუციშვილი დააპატიმრეს, ბრალად დასდეს გერმანიის ჯაშუშობა და მისი ბინა დაარბიეს.

   რაჟდენ ხუციშვილი 1942 წელს, მძიმედ დაავადებული, პატიმრობაში გარდაიცვალა.

   პროფესორ რაჟდენ ხუციშვილის პირად არქივში აღმოჩნდა საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილი ოთხი შრომა და მრავალი ხელნაწერი ფიზიკის სხვადასხვა საკითხებზე. როგორც სჩანს, მანქანაზე დაბეჭდილი შრომები გამოსაცემად იყო გამზადებული. ეს შრომებია: „ელექტრული მოვლენები“, „ელექტრული ველი ატმოსფეროში“, „ჰაერის გამტარებლობა“ და „Основы земного магнети

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1917-)

Awards and Honors

  • 1932 - პროფესორი

Share: