The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



კირილე პეტრეს ძე ქუთათელაძე

კირილე პეტრეს ძე ქუთათელაძე
დაბადების თარიღი:22 თებერვალი, 1861
გარდაცვ. თარიღი:5 აპრილი, 1926  (65 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოლონეთი, ვარშავა
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

   კირილე ქუთათელაძე დაიბადა 1861 წლის 22 თებერვალს ქუთაისის გუბერნიის სოფელ ხონში სასულიერო პირის ოჯახში.

   1878 წელს დაამთავრა მიხეილ ვორონეჟის სამხედრო გიმნაზია და იმავე წლის 15 ივლისიდან უკვე სამხედრო სამსახურში ჩადგა.

   1881 წელს განათლების მისაღებად მიხეილის საარტილერიო სასწავლებელში ჩააბარა,  რომლის დამთავრების შემდეგ გაიგზავნა კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში. 1886 წელს კი I თანრიგით დაამთავრა სანქტ–პეტერბურგის მიხეილის საარტილერიო აკადემია.

   კირილე ქუთათელაძის სამხედრო კარიერა წარმატებით განვითარდა. 1881 წელს პოდპორუჩიკის ჩინი მიენიჭა, 1884-ში პორუჩიკის, 1886 წელს შტაბს-კაპიტანის, 1893 წელს კაპიტანის, 1898-ში პოდპოლკოვნიკის, 1904-ში პოლკოვნიკის, 1910-ში გენერალ-მაიორის და 1916-ში გენერალ-ლეიტენანტის.

   კირილე ქუთათელაძე მონაწილეობდა რუსეთ–იაპონიის 1904–1905 წლების ომში და პირველ მსოფლიო ომში.  ვრცელია მისი სამსახურებრივი ნუსხაც: თბილისის ქვეით იუნკერთა სასწავლებლის სასწავლო ნაწილის საქმეთა მწარმოებელი, მე-20 საარტილერიო ბრიგადის მე-5 ბატარეის უფროსი, ჩუგუევის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ვილნოს სამხედრო ოლქის სასწავლო საარტილერიო პოლიგონის უფროსი, მე-6 სარეზერვო საარტილერიო დივიზიონის უფროსი, არტილერიის გენერალური ინსპექტორის დავალებათა შტაბ-ოფიცერი, არტილერიის გენერალური ინსპექტორის განსაკუთრებულ დავალებათა გენერალი და უმაღლესი მთავარსარდლის, არტილერიის საველე ინსპექტორის დავალებათა გენერალი.

   1918 წლიდან კირილე ქუთათელაძე ქართულ ჯარში მსახურობს გენერალ მაიორის  ჩინით. 1919 წლის 18 ოქტომბრიდან იყო სამხედრო საბჭოს წევრი, მსახურობდა გვარდიის შტაბში, საქართველოს სამხედრო სამინისტროს საარტილერიო სექციის უფროსი და ბათუმის ციხე-სიმაგრის კომენდანტი. 

   1921 წელს, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის შემდეგ კონსტანტინე ქუთათელაძე ემიგრაციაში წავიდა. 1922 წლიდან იგი ქართველ ოფიცერთა ჯგუფთან ერთად პოლონეთის ჯარში შევიდა, სადაც კონტრაქტით მსახურობდა. ქალაქ ტორუნში გაიარა გადამზადება საარტილერიო კურსებზე ქვეითი პოლკებისა და არტილერიის მეთაურების საარტილერიო მსროლელ სკოლაში. 1926 წელს გახდა პოლონეთის არმიის ბრიგადის გენერალი. შემდეგ წლებში იმყოფებოდა ჩრდილოეთ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშჩში.

   კირილე ქუთათელაძე გახლდათ სამი ქვეყნის - რუსეთის, საქართველოს და პოლონეთის გენერალი.

   კირილე ქუთათელაძე გარდაიცვალა 1929 წელს ვარშავაში და იქვეა დაკრძალული.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხონის განყოფილების ნამდვილი წევრი (1916-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1915 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1914 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1910 - წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი
  • 1904 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1900 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი

გააზიარე: