The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი

მიხეილ იოსების ძე კლიმიაშვილი
დაბადების თარიღი:16 ნოემბერი, 1873  (150 წლის)
კატეგორია:მთარგმნელი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

    მიხეილ კლიმიაშვილი დაიბადა 1873 წლის 16 ნოემბერს დუშეთის მაზრის სოფელ ჭადიჯვარში ნაყმევი აზნაურის ოჯახში.

   1881-1887 წლებში თბილისის სათავადაზნაურო სკოლაში სწავლობდა, ამის შემდეგ ორი წელი, 1888-1889 წლებში, სამოქალაქო სკოლაში და ბოლოს ალექსანდრეს სახელობის საოსტატო სასწავლებელში, სადაც სწავლების რუსიფიკატორული მიმართულების გამო მოწაფეთა ხალხოსნური წრის მუშაობაში ჩაება. მალე ამ სასწავლებელსაც თავი მიანება და საბუღალტრო კურსები დაამთავრა.

   1890 წლიდან ხალხოსნურ მოძრაობას ჩამოშორდა და მარქსისტებს დაუახლოვდა. 1893 წელს ნაროდნიკული ლიტერატურის წიგნთსაცავი გადმოიბარა, შეკრიბა მიმობნეული მარქსისტული ლიტერატურა და 1893-1894 წლებში მოსწავლე ახალგაზრდობისთვის პირველი არალეგალური მარქსისტული წიგნთსაცავი დააარსა. ამ წიგნთსაცავით სემინარიელებ, ტექნიკური და სახელოსნო სკოლის მოწაფეები სარგებლობდნენ.

   1896-1897 წლებში საფილოქსერო კომიტეტში ინსტრუქტორად მუშაობდა რაჭასა და სამტრედიის რაიონში და მუშა-მოსამსახურეთა წრეებში პოლიტიკურ პროპაგანდა-აგიტაციას ეწეოდა. 1897 წელს, თავისი სურვილისამებრ, „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გომარეთის სკოლაში მასწავლებლად წავიდა, სადაც წერა-კითხვა და ანგარიში მოწაფეების გარდა მოზრდილებსაც შეასწავლა.

   1890 წლიდან მარქსისტებს დაშორდა, რადგან ისინი გლეხობაში მუშაობას არ იზიარებდნენ და ეროვნულ საკითხსაც გულცივად უყურებდნენ. 1900-1902 წლებში მონაწილეობდა ეროვნულ-დემოკრატიულად მოაზროვნეთა წრეში, რომელმაც შეადგინა „ქართველ დემოკრატთა კომიტეტი“.

    1903 წლიდან,  სოციალ-დემოკრატიული პარტიის ჩამოყალიბებისთანავე, ისევ მარქსისტების მუშაობაში ჩაება. 1904 წელს დუშეთის მაზრის სოფლებში თვითმპყრობელობის წინააღმდეგ რევოლუციურ მუშაობას ეწეოდა და 1905 წელს სოფელ ერედაში მთელი დუშეთის მაზრის გლეხობის დიდი მიტინგი ჩაატარა.

   1905 წლის აგვისტოში მთავრობის წინააღმდეგ გამოსვლების საქმის გამოძიების გამო სოფელ ჭადიჯვარში ჩასვლის დროს, შეიპყრეს და დუშეთის ციხეში ჩასვეს, საიდანაც 17 ოქტომბრის მანიფესტმა გაათავისუფლა, რომლის შემდეგ კვლავ განაგრძო რევოლუციური მუშაობა.

   1908 წელს, გორში მოწვეულ რსდმპ სამაზრო კონფერენციაზე ჩასული კვლავ დააპატიმრეს, ციხეში ჩასვეს და პერმის გუბერნიაში გადაასახლეს, საიდანაც 1911 წელს გამოიქცა და, თბილისსა და ბათუმში არალეგალურად ცხოვრობდა.

   1912 წელს თბილისში, რსდმპ საოლქო ორგანიზაციების კონფერენციაზე ისევ დააპატიმრეს და რამდენიმე ხნიანი პატიმრობის შემდეგ  როსტოვში გადაასახლეს, ხოლო იქიდან  ირკუტსკის გუბერნიის ნიჟნეუდინის მაზრაში განუსაზღვრელი ვადით გაამწესეს, საიდანაც მხოლოდ 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა და ისევ აქტიურ პარტიულ საქმიანობას შეუდგა.

   მიხეილ კლიმიაშვილი გახლდათ დუშეთის მაზრის კომისარი. 1918 წელს სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით ეროვნული საბჭოს წევრი გახდა და ადგილობრივი თვითმმართველობისა და სარწმუნოების საქმეთა კომისიებში მუშაობდა.

    მიხეილ კლიმიაშვილის გარდაცვალების თარიღი უცნობია.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • სოციალ-დემოკრატიული პარტია , წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1900-)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: