The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სვიმონ პლატონის ძე კანდელაკი

სვიმონ პლატონის ძე კანდელაკი
Date of birth:1 September, 1887
Date of death:25 December, 1946  (at 59 years)
Category:Medical Doctor, Public Figure

Biography

     სიმონ კანდელაკი დაიბადა 1887 წლის 1 სექტემბერს ქუთაისის მაზრის სოფელ კულაშში, აზნაურის ოჯახში.

     1906 წელს დაამთავრა თბილისის გიმნაზია და სწავლა გააგრძელა იურევის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე ტროპიკული მედიცინის მეცნიერების განხრით, რომელიც 1913 წელს დაამთავრა. დახელოვნდა რომში, ლონდონში, პარიზსა და ჰამბურგში  სპეციალიზებულ დაწესებულებებში.  

    1914 წლიდან, სამხედრო სამსახურში ყოფნისას, მუშაობდა ირანის საზღვრებთან მდინარე არეზის ველზე, სადაც 1915-1917 წლებში სამხედრო ჰოსპიტალს განაგებდა, სადაც ორგანიზებულად იბრძოდა საშინლად გავრცელებული მალარიის წინააღმდეგ და სამეცნიერო-პრაქტიკულ ღონისძიებათა მიღებით დიდი მიღწევები ჰქონდა, რისთვისაც ოფიციალური მადლობაც დაიმსახურა.

      სიმონ კანდელაკმა პირველმა აღმოაჩინა ჰემოგლობინური ციებ-ცხელების კერა, ჩაატარა კლინიკურ-ექსპერიმენტული სამეცნიერო მუშაობა და 1917 წელს სათანადო შრომა გამოაქვეყნა. ამავე წელს მივლინებული იქნა თურქეთისგან ჩამორთმეულ მიწა-წყალზე რუსულ ჯარში გავრცელებული მოარული სენის გამოსაკვლევად. ამ სენის დიაგნოზი პირველად კანდელაკმა გამოიკვლია და დაადგინა, რომ ეს იყო ციებ-ცხელება პაპატაჩი, რის შემდეგაც  მთელს რუსეთში შეუდგნენ მის შესწავლას და ამ სენის კერების გამოვლინებას ყველა სამხრეთ რესპუბლიკაში.  

      1921 წლიდან, საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ, სიმონ კანდელაკი ხელმძღვანელობდა ა/კ რკინიგზის ტროპიკულ სნეულებათა წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზაციას. გასაბჭოების პირველ წლებში, იგი სოფლიდან სოფელში დადიოდა და ავადმყოფებს წამლებს ურიგებდა.

    1923 წელს მოსკოვში მოწვეულ `„საკავშირო I მალარიულ ყრილობაზე“ სიმონ კანდელაკმა ტროპიკულ სნეულებათა ზოოპროფილაქტიკის შესახებ გააკეთა მოხსენება და ამ დარგში სამეცნიერო-პროფილაქტიკურ მიღწევათა გამო, კიდევ უფრო უკეთ შესწავლისათვის ევროპაში მიავლინეს.

     1925 წელს, სიმონ კანდელაკმა, საქართველოში პირველმა აღმოაჩინა ბრუცელოზის დაავადება, საქართველოს ყველა რაიონში სამეცნიერო-კვლევითი და პროფილაქტიკური ექსპედიცია ჩაატარა და პრაქტიკულად მოსპო ეს სენი. აგრეთვე, ქართველ  ექიმთა გადასამზადებლად მოაწყო კურსები, ყოველწლიურად ლექციებს კითხულობდა საქართველოს სხვადასხვა რაიონში და წითელ არმიაში.

    1930 წლიდან პროფესორ სპირიდონ  ვირსალაძის სახელობის ტროპიკულ სნეულებათა ინსტიტუტის დირექტორად დაინიშნა და 1931 წლიდან,  შეთავსებით, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ტროპიკულ სნეულებათა კათედრის გამგედ, ხოლო 1935-1938 წლებში ამავე კათედრას ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტში ხელმძღვანელობდა.

    1936 წელს სადისერტაციო შრომა დაიცვა თემაზე „ექსპერიმენტული ლეიშმანიოზები" და მიიღო პროფესორის ხარისხი.

      სიმონ კანდელაკს ეკუთვნის უამრავი სამეცნიერო შრომა, რომლითაც მან სამხარეო პათოლოგიის დარგში მეცნიერული კვლევა-ძიება გააღრმავა. მისი შრომები ფართოდ არის ცნობილი საბჭოთა კავშირსა და მის ფარგლებს გარეთაც. მან აღზარდა მრავალი სპეციალისტი  და შეადგინა სახელმძღვანელოები: „პრაქტიკული ჰემატოლოგია“ – „Практическая гематология“, „ტროპიკულ და პარაზიტულ დაავადებათა სახელმძღვანელო“ - „Учебник тропических и паразитарных заболеваний“  და სხვა.

    სიმონ კანდელაკი მრავალი ჯილდოს მფლობელია და იგი გახლავთ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის, კონსტანტინე კანდელაკის ძმა.

      სიმონ კანდელაკი გარდაიცვალა 1946 წლის 25 დეკემბერს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბორჯომის განყოფილების ნამდვილი წევრი (1920-)

Awards and Honors

  • 1941 - საქართველოს სსრ მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე
  • 1936 - მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

Bibliography


Share: