The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ბიჭიას ძე მიქაბერიძე

გიორგი ბიჭიას ძე მიქაბერიძე
Legal name:გიორგი ივანეს ძე მიქაბერიძე
Date of birth:8 March, 1892
Date of death:1972  (at 79 years)
Category:Educator

Biography

      გიორგი მიქაბერიძე დაიბადა 1892 წელს სოფელ შროშაში გლეხის ოჯახში.

      1907 წელს შროშის ორკლასიანი სამრევლო სკოლა დაამთავრა და ქალაქ გორში ამიერკავკასიის სამასწავლებლო სემინარიაში ჩააბარა, რომელი 1915 წელს დაამთავრა. სხვადასხვა დროს მასწავლებლად მუშაობდა ოზურგეთის რაიონის სოფელ აცანაში, იყო კავკავში "წერა–კითხვის გამავრცელებელი" საზოგადოების ქართული სკოლის გამგე.

     1917 წელს ქ. კავკავში (ექსტერნის წესით) ყოფილი სამასწავლებლო ინსტიტუტის სრული კურსის მიხედვით ჩააბარა გამოცდები და საქალაქო სასწავლებლის მასწავლებლის წოდება მიიღო, ხოლო 1918 წლის ზაფხულში თბილისში საშუალო სკოლის მასწავლებელთა გადასამზადებელი კურსები გაიარა.

    1918 წლის 1 სექტემბრიდან 1924 წლამდე მასწავლებლად მუშაობდა თბილისის მე-5 ვაჟთა გიმნაზიაში, ხოლო ამ გიმნაზიის მე-4 შრომის სკოლად გადაკეთების შემდეგ აქვე გააგრძელა მოღვაწეობა.

     საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებში საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობდა და ამავე დროს განუწყვეტლივ ეწეოდა კულტურულ-საზოგადოებრივ მუშაობას. 1924 წლიდან  მასწავლებლად მუშაობდა წერა-კითხვის უცოდინარობისა და მცირემცოდნეობის სალიკვიდაციო სკოლებში, თბილისის მე-4 მოზრდილთა რუსულ საშუალო სკოლაში, საქსარეწტყეკავშირში კულტკადრების სექტორის გამგედ და კადრების მოსამზადებელი და გადასამზადებელი კურსების მეთოდისტად, რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად თბილისის 24-ე და 99-ე საშუალო სკოლაში.

     1943 წლის 1 ოქტომბრიდან 1946 წლამდე, დროებითი შრომისუუნარობის გამო, იმყოფებოდა პენსიაზე, ხოლო 1946 წლიდან კვლავ გააგრძელა მოღვაწეობა თბილისის ქალთა მე-7 და შემდგომში 58-ე საშუალო სკოლაში რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად, ვაჟთა მე-7, 53-ე და მე-5 მუშა-ახალგაზრდობის სკოლებში. 1954 წლიდან რუსული ენისა და ლიტერატურის მეთოდისტად მუშაობდა თბილისის საქალაქო პედაგოგიურ კაბინეტში, სადაც განსაკუთრებულ მეთოდურ დახმარებას უწევდა ახალგაზრდა დამწყებ პედაგოგებს.

     გიორგი მიქაბერიძე სხვადასხვა დროს მონაწილეობას იღებდა მასწავლებელთა პროფესიულ მოძრაობაში. იყო გურიის მასწავლებელთა არალეგალური კავშირის აქტიური წევრი, 1917 წელს თერგის ოლქის მასწავლებელთა პირველ თავისუფალ ყრილობაზე არჩეული იქნა თერგის ოლქის მასწავლებელთა ახლად დაარსებული კავშირის გამგეობის წევრად, 1919-1920 წლებში აღმოსავლეთ საქართველოსა და  თბილისის საშუალო სკოლების მასწავლებელთა კავშირის გამგეობის წევრად, 1921 წლის იანვარში სრულიად საქართველოს მასწავლებელთა დელეგატების მეორე ყრილობაზე მასწავლებელთა კავშირის საბჭოს წევრად, ხოლო უკანასკნელის მიერ არჩეული იყო ამავე საბჭოს გამგეობის წევრად. თბილისის 58-ე საშუალო სკოლაში 5 წლის განმავლობაში ზედიზედ იყო არჩეული და მუშაობდა ამ სკოლის მუშაკთა ადგილკომის თავმჯდომარედ.

     საქართველოში პედაგოგიურ და კულტურულ-საგანმანათლებლო დარგში მუშაობის დროს პრესაში ხშირად იბეჭდებოდა მისი სტატიები სკოლისა და სწავლა-განათლების საჭირბოროტო საკითხებზე. რუსულ ენაზე დაიბეჭდა მისი შრომა "რთული ქვეწყობილი წინადადებების დამუშავების მეთოდიკა ქართული სკოლის X კლასში", "რუსული ენის დამხმარე სახელმძღვანელო, ფონეტიკა და მორფოლოგია, ქართული საშუალო სკოლისათვის", ქართული სკოლის VIII კლასის მოსწავლეთათვის რუსული ენის სასწავლო სახელმძღვანელო "ფონეტიკურ-ორთოგრაფიული კრებული.

     გიორგი მიქაბერიძე პედკაბინეტში მუშაობის დროს მონაწილეობას იღებდა ქართული სკოლისათვის რუსული ენისა და ლიტერატურის პროგრამების პროექტების დამუშავებაში, მოწინავე მასწავლებლებთან ერთად აძლევდა განათლების ზემდგომ ორგანოებს რეცენზიებს რუსული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოებზე, შეჰქონდა შესწორებები მეთოდურ მითითებებში წერითი სამუშაოების სახეების, რაოდენობის, გასწორების წესებისა და შეფასების ნორმების შესახებ. ჟურნალში - „რუსული ენა ქართულ სკოლაში“ სისტემატურად იბეჭდებოდა რუსულ ენასა და ლიტერატურაში სასწავლო მასალის მის მიერ შედგენილ სანიმუშო დაგეგმვა ქართული სკოლის სხვადასხვა კლასებისათვის, აგრეთვე  თბილისის არასრულ სკოლებში რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების მდგომარეობის შესახებ ანგარიშები და სხვადასხვა წერილები. 

    სახალხო განათლების დარგში ხანგრძლივი მოღვაწეობის დამსახურებისათვის მინიჭებული ჰქონდა საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებლის წოდება. დაჯილდოებული იყო ლენინის ორდენით, მედლებითა და სამკერდე ნიშნით "სახალხო განათლების წარჩინებული".

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების კავკავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1915-)

Awards and Honors

  • სამკერდე ნიშანი, "სახალხო განათლების წარჩინებული"
  • ლენინის ორდენი
  • საქართველოს სსრ დამსახურებული მასწავლებელი

Share: