The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ერმალო ივანეს ძე სირბილაძე

ერმალო ივანეს ძე სირბილაძე
Legal name:ერმალოზ (ემილ) ივანეს ძე სირბილაძე
Other name:ე-ზი  (Pseudonym)
პარიზელი  (Pseudonym)
№1   (Pseudonym)
Date of birth:July, 1875
Date of death:26 December, 1937  (at 62 years)
Burial location:უცნობია (დახვრეტილი)
Category:Founding member, Educator, Politician, Repressed

Biography

     ერმალო სირბილაძე დაიბადა 1875 წელს ქალაქ თელავში, ღარიბი გლეხის ოჯახში. დაამთავრა თელავის ოთხკლასიანი სასწავლებელი და სწავლა განაგრძო ტფილისის სასულიერო სემინარიაში. 1893 წელს სემინარისტების „ბუნტის“ გამო სემინარია ერთი წლით დახურეს და სემინარისტები სხვადასხვაგვარად დასაჯეს. სწავლის განახლების შემდეგ მან მოახერხა სემინარიის დამთავრება და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    ერმალო სირბილაძე 1900 სასწავლო წლიდან დუშეთის მაზრის სოფელს სნოს სკოლაში დანიშნეს მასწავლებლად. მასწავლებლობასთან ერთად ცდილობდა პოლიტიკურად ემუშავა გლეხებს შორის და  გამოდიოდა  სოფლის მამასახლისების თვითნებობის წინააღმდეგ. ორი წლის შემდეგ იძულებული გახდა სნო დაეტოვებინა და  გაემგზავრა რუსეთში, სადაც სწავლის გასაგრძელებლად საბუთები შეიტანა ყაზანის საბეითლო ინსტიტუტში, მაგრამ ინსტიტუტის რექტორმა გაიგო რა, რომ სირბილაძე ტფილისის სემინარიიდან იყო, სასწავლებლიდან გარიცხა. მოგვიანებით ერმალო სირბილაძემ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ალაგირის ქართულ სკოლაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა, სადაც საზოგადოების დიდი სიყვარული დაიმსახურა. სამწუხაროდ, დაპატიმრების შიშით, კვლავ მოუწია სკოლის დატოვება და კახეთში გაემგზავრა, მაგრამ იძულებული გახდა ყალბი საბუთებით საზღვარგარეთ გამგზავრებულიყო. იგი თითქმის ორი წელი ცხოვრობდა პარიზში, სადაც  მუშაობდა ემიგრანტთა პოლიტიკურ წრეებში, სწავლობდა ფრანგულ ენას  და პლეხანოვის, ლენინის, მარტოვის, ტროცკის და სხვათა ლექციებსა და რეფერატებს ისმენდა.

    1905 წლის 9 იანვრის მოვლენების შემდეგ  სამშობლოში დაბრუნდა და 1908 წლამდე პროპაგანდისტად მუშაობდა თბილისში რსდმპ თბილისის კომიტეტის ორგანიზაციებში, ხოლო რეაქციის დაწყების შემდეგ არალეგალურ მდგომარეობაზე გადავიდა. მუშაობდა სხვადასხვა რაიონებში,  მაგრამ პოლიციამ ვერ შეძლო მისი ვინაობის დადგენა და დაპატიმრება. შემდგომ პერიოდში ორჯერ იყო დაპატიმრებული თბილისსა და ბათუმში, თუმცა ბრალდების დასაბუთება ვერ შეძლეს და გაათავისუფლეს. 1909 წელს დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, სადაც ჩააკითხა მეუღლემ 2 წლის ქალიშვილთან ერთად. ერმალო სხვა გადასახლებულებთან ერთად მუშაობდა ტყის ჭრაზე და ოჯახს ნადირობით არჩენდა.  

    1913 წელს რომანოვების სახლის 300 წლის იუბილესთან დაკავშირებული ამნისტიის საფუძველზე ციმბირში თავისუფლად ცხოვრების უფლება მიიღო და ამ დროიდან ცხოვრობდა ციმბირის სხვადასხვა ქალაქში, სადაც  270-ზე მეტი კოოპერატივი დააარსა.

    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და განაგრძო მუშაობა. ერმალო სირბილაძე  იყო ამიერკავკასიის სეიმის რწმუნებული ზაქათალაში და ერთი წლის განმავლობაში სიღნაღის ქალაქის თავი. პარალელურად მუშაობდა მიწათმოქმედების სამინისტროში საქართველოს სახელმწიფო მამულების რევიზორად და იყო სამინისტროს საბჭოს წევრი.

    1919 წლიდან ერმალოზ სირბილაძე საქართველოს სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი იყო და 1919 წლის 9 მაისიდან, ერთ-ერთი გარდაცვლილი დეპუტატის ადგილას, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად ჩაირიცხა სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. მუშაობდა აგრარული კომისიის თავმჯდომარის ამხანაგის თანამდებობაზე.

    1919 წლიდან ერმალოზ სირბილაძე იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი.  1920 წელს „გაუგებრობის“ გამო დატოვა სიღნაღის ქალაქისთავობა და მუშაობდა თბილისში კოოპერატივ „Возрождение“-ში.

    1921 წელს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საბჭოთა რუსეთის მიერ ოკუპირების შემდეგ მთავრობას სტამბოლში გაჰყვა, მაგრამ მალევე უკან დაბრუნდა.

    1922-1923 წლებში მუშაობდა საქართველოს ცენტრალურ კოოპერატიულ კავშირში („ცეკავშირი“) ინსტრუქტორად.

    1923 წელს ერმალოზ სირბილაძე მენშევიკურ პარტიასთან ძველი კავშირების გამო დააკავეს და, როგორც „მავნე ანტისაბჭოთა ელემენტი“, ისევ ციმბირში გადაასახლეს, სადაც კვლავ ჩააკითხა ოჯახმა და მათ უფლება მისცეს ეცხოვრათ ქალაქ ანდიჟანში.

    1924 წლის ბოლოს, სხვა პოლიტგადასახლებულებთან ერთად  ერმალოზ სირბილაძე გაათავისუფლეს და სამშობლოში დაბრუნების ნება დართეს. დაბრუნების შემდეგ იგი კვლავ ცეკავშირის სისტემაში დაბრუნდა, სადაც  1927 წლამდე, დაწესებულების ლიკვიდაციამდე მუშაობდა.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომმა  ერმალოზ სირბილაძე შეიარაღებული გადატრიალებისა და უცხოეთიდან სამხედრო ინტერვენციით საბჭოთა სახელმწიფოს დამხობის საბაბით კვლავ დააპატიმრა.

    1937 წლის 26 დეკემბერს საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებულმა განსაკუთრებულმა სამეულმა (ე. წ. „ტროიკა“) ერმალოზ სირბილაძეს დახვრეტა მიუსაჯა და განაჩემი იმავე ღამეს სისრულეში იქნა მოყვანილი.

წყარო: SOVLAB

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1908-)

Share: