The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლავრენტი პავლეს ძე კიღურაძე

ლავრენტი პავლეს ძე კიღურაძე
Legal name:ლავროსი პავლეს ძე კიღურაძე
Date of birth:3 April, 1880
Date of death:July, 1920  (at 40 years)
Burial location:სოფელ ვანისქედის სასაფლაო
Category:Founding member, Educator, Politician

Biography

    ლავრენტი კიღურაძე დაიბადა 1880 წლის 3 აპრილს (ძვ. სტ.) ოზურგეთის მაზრის სოფელ ვანისქედში, დიაკვნის ოჯახში. უმაღლესი განათლება იურიევის (ტარტუს) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე მიიღო. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი.

    1904 წლის დეკემბრიდან შეწყვიტა სწავლა და დაბრუნდა სამშობლოში.

    1905 წლის დასაწყისიდან ცხოვრობდა ბათუმში და ატარებდა კერძო გაკვეთილებს. ამავე წლის ივნისში გადავიდა სოხუმში, სადაც ტარასი ანჩაბაძის შვილებს სხვადასხვა საგანში კერძო მომსახურებას უწევდა. დაახლოებული იყო მახვილაძეების ოჯახთან - ექიმ ვლადიმერ მახვილაძესა და მის მეუღლე ელეონორა ტერ-ფასრეგოვა მახვილაძესთან, რომელიც სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ადგილობრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო.

    ლავრენტი კიღურაძე 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში  აქტიურად ჩაება ქალაქ სოხუმში. 1905 წლის 17 ოქტომბრის მანიფესტის შემდეგ სოციალ-დემოკრატიულმა ორგანიზაციამ „რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის ბათუმის კომიტეტის სოხუმის ჯგუფმა“, რომლის ხელმძღვანელი ჯგუფის შემადგენლობაში ლავრენტი კიღურაძეც შედიოდა, რეალურად აიღო ხელში ქალაქ სოხუმის მმართველობა და ჩაანაცვლა მეფის ხელისუფლების თითქმის ყველა სტრუქტურა. მათ ჩამოაყალიბეს სახალხო მილიცია, დაყვეს ქალაქი უბნებად და ბოიკოტი გამოუცხადეს ქალაქის თვითმმართველობას. იმავე წლის ნოემბერში, დემონსტრაციამ შეიმუშავა მოთხოვნა, რომ სოხუმის ქალაქის სათათბირო დაშლილიყო და საყოველთაო, პირდაპირი, თანასწორი და ფარული კენჭისყრით ახალი სათათბირო აერჩიათ, რისთვისაც მოსახლეობის ხელახალი აღწერა უნდა ჩატარებულიყო. ამ მიზნისათვის კი თვითმმართველობას 2000 მანეთი უნდა გამოეყო. ქალაქის თავმა თანხის გაცემაზე უარი განაცხადა, რაზეც რევოლუციურმა ორგანიზაციამ მას ბოიკოტით უპასუხა. შეწყდა გადასახადების გადახდა და სათათბიროს ხმოსნებს გამოუცხადეს, რომ თუკი არ გადადგებოდნენ, ყველა სავაჭრო დაწესებულებაში საყოველთაო გაფიცვა გამოცხადდებოდა. ხმოსნებმა გადადგომის განცხადებები გაუგზავნეს ქუთაისის გუბერნატორ სტაროსელსკის და სათათბირომ მუშაობა შეწყვიტა.

    ლავრენტი კიღურაძე აქტიური მონაწილე იყო მეგრელებსა და აფხაზებს შორის არსებული დაძაბულობის მოგვარებაში, სიტყვით გამოდიოდა ოჩამჩირეში მეგრელთა და აფხაზთა წარმომადგენლებსა და სოფლების მოსახლეობას შორის გამართულ შეხვედრა-მოლაპარაკებებში. რევოლუციის დამარცხებისა და მეფის რეჟიმის მიერ საპასუხო რეპრესიების დაწყების შემდეგ ლავრენტი კიღურაძე 1906 წლის დასაწყისში დააპატიმრეს. ის ერთი თვის განმავლობაში იჯდა სოხუმის ციხეში. განთავისუფლების შემდეგ დაბრუნდა გურიაში, საკუთარ სოფელში და აგრძელებდა კერძო პრაქტიკას. ერთი წლის განმავლობაში ცხოვრობდა ოზურგეთში და მასწავლებლობდა, შემდგომ კვლავ იურიევში გაემგზავრა.

   1907 წლის 1 ოქტომბერს (ძვ. სტ.) ლავრენტი კიღურაძე კვლავ დააპატიმრეს და 4 ოქტომბერს გადაგზავნეს სოხუმში, მაგრამ თბილისის სასამართლო პალატამ „სოხუმის რესპუბლიკის“ საქმეზე მისი ბრალი დაუსაბუთებლად ცნო და პატიმრობიდან გაათავისუფლა. 1909 წელს კვლავ დააპატიმრეს და ციმბირში გადაასახლეს, საიდანაც 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, ტუბერკულიოზით დაავადებული დაბრუნდა.

    1919 წლის 12 მარტს ლავრენტი კიღურაძე  აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სიით. იყო აგრარული და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების წევრი. არჩეული იქნა ქალაქ ფოთის საბჭოს ხმოსნად და საბჭოს თავმჯდომარედ.

    ლავრენტი კიღურაძე გარდაიცვალა 1920 წლის ივლისში, სოხუმში და დაკრძალულია სოფელ ვანისქედის სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია, წევრი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების ნამდვილი წევრი (1918-)

Share: