The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



გიორგი ალექსანდრე ძე ბერიძე

გიორგი ალექსანდრე ძე ბერიძე
Date of birth:15 September, 1838
Date of death:1898  (at 59 years)
Category:Public official, Military Person

Biography

   გიორგი ბერიძე დაიბადა 1838 წელს ქუთაისის გუბერნიაში გურული აზნაურის, პრაპორშჩიკ ალექსანდრე ბერიძის ოჯახში. დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო და ოჯახშივე შეისწავლა რუსული ენა.

   1854 წელს 16 წლის ჭაბუკი მოხალისედ წავიდა ოსმალეთის წინააღმდეგ ომში, ჩაირიცხა  ქართულ მილიციის რიგებში და აქტიური მონაწილეობა მიიღო ოსმალეთის მიერ ოკუპირებული ქართული მიწების დაბრუნებისათვის ბრძოლაში. გენერალ-ლეიტენანტ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით სოფელ ქაქუთის მიდამოებში ქართველთა და რუსთა ჯარმა ცნობილ ჩოლოქის ბრძოლაში დაამარცხა სელიმ-ფაშას ჯარი. 1855 წელს ქობულეთთან მიმდინარე ბრძოლებში გიორგი ბერიძე დაიჭრა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი გენერალ-მაიორ ბრუნლერის თარჯიმნად დატოვეს.

   1856 წელს გიორგი ბერიძე ოფიციალურად შევიდა სამხედრო სამსახურში და შავიზღვისპირა ბატალიონის უნტერ-ოფიცერი გახდა. 1861-1864 წლებში იგი კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ აფხაზეთში იბრძოდა, სადაც გამოჩენილი მამაცობისთვის, 1865 წელს, წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს.

   1862 წლიდან გიორგი ბერიძე გახლდათ პრაპორშჩიკი, 1864 წლიდან - პოდპორუჩიკი, 1868 წლიდან კი პორუჩიკი და ბატალიონის ხაზინადარი. 1875 წელს  ბატალიონის გაუქმების გამო იგი გადაყვანილი იქნა ალექსანდროპოლის 161-ე ქვეითთა პოლკში და 1876 წელს მივლინებულ იქნა გურიის პირველ ქვეითთა დრუჟინაში. 1877 წლიდან მიიღო შტაბს-კაპიტანის ჩინი.
   რუსეთ-ოსმალეთის 1877-1878 წლების  ომში, ციხისძირისა და კვირიკეს შტურმისას, თურქების წინააღმდეგ გამოჩენილი მამაცობისათვის ბერიძე დაჯილდოვდა წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენით და რუსეთ-ოსმალეთის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს მედლით.

   1881 წელს გიორგი ბერიძემ კაპიტნის ჩინი მიიღო და 1883 წელს წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის, ხოლო 1884 წელს წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1888 წლიდან იგი რუსეთის იმპერიის 24-ე ადგილობრივი ბრიგადის მე-2 როტის მეთაურად დაინიშნა. ამავე 1888 წლიდან, 50 წლის კაპიტანი გიორგი ბერიძე სამოქალაქო სამსახურში გადადის და სოხუმის ოლქის კოდორის უბნის უფროსად ინიშნება.

   1883 წლიდან გიორგი ბერიძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი და გარკვეულ სამსახურს უწევდა საზოგადოებას.

  1888 წელს წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენით დააჯილდოვეს, ხოლო 1890 წლის 15 იანვარს ბათუმის ოლქის ზემო აჭარის ნაწილის (უბნის) უფროსად დაინიშნა. ეს დაახლოებით იგივე ტერიტორია იყო, რომელსაც ადრე შერიფ-ბეგ ხიმშიაშვილი განაგებდა.

   გიორგი ბერიძეს ცოლ-შვილი არ ჰყავდა. „კავკაზსკი კალენდარში“ დაცული ინფორმაციის თანახმად იგი, სავარაუდოდ,  1898 წლის ბოლოს ან 1899 წლის დასაწყისში გარდაიცვალა. დაკრძალვის ადგილი უცნობია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1883-1898)

Awards and Honors

  • 1888 - წმ. ვლადიმერის მე-4 ხარისხის ორდენი
  • 1884 - წმ. ანას მე-2 ხარისხის ორდენი
  • 1883 - წმ. სტანისლავის მე-2 ხარისხის ორდენი
  • 1878 - რუსეთ-ოსმალეთის ომის სამახსოვრო ბრინჯაოს მედალი
  • 1877 - წმ. ანას მე-3 ხარისხის ორდენი
  • 1865 - წმ. სტანისლავის მე-3 ხარისხის ორდენი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ბათუმი

Share: