The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თეოფილე ბეჟანის ძე ჩიჩუა

თეოფილე ბეჟანის ძე ჩიჩუა
Date of birth:1879
Date of death:12 April, 1926  (at 47 years)
Category:Medical Doctor, Repressed, Public Figure

Biography

   თეოფილე ჩიჩუა დაიბადა 1879 წელს ოზურგეთის მაზრის სოფელ ამაღლებაში მჭედლის ოჯახში.

   1892 წელს სოფლის სკოლა დაამთავრა და რადგანაც მშობლები მისი სწავლის გაგრძელების წინააღმდეგი იყვნენ, თვითგანვითარებას მიჰყო ხელი.

    1896 წელს თბილისის საფერშლო სასწავლებელში ჩააბარა, რომლის დამთავრებისთანავე, 1900 წელს, სილიბისტრო ჯიბლაძის დახმარებით ექიმ დავით გედევანიშვილის კერძო სამკურნალოში დაიწყო სამსახური. ამავე პერიოდიდან დაიწყო მისი რევოლუციური საქმიანობაც. აწყობდა საიდუმლო კრებებს და საზღვარგარეთიდან მიღებულ არალეგალურ ლიტერატურას სხვადასხვა წრეებში ავრცელებდა. საფერშლო და ტექნიკურ სკოლებში წრეები შეადგინა, სადაც იოსებ ჯუღაშვილის ხელმძღვანელობით ხალხს „კომუნისტურ მანიფესტსა“ და „ერფურტის პროგრამას“ აცნობდა. თავის ბინაზე და საავადმყოფოში მთავრობისაგან დევნილებს იფარავდა.

   1901 წელს იარმურკაზე პირველი მაისის დემონსტრაციაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო 1902 წლიდან უფრო აქტიურად ჩაება პარტიულ-რევოლუციურ მუშაობაში, რის გამოც ამავე წელს 3 თვით მეტეხის ციხეში ჩასვეს. ციხიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ უფრო გააძლიერა არალეგალური მუშაობა გედევანიშვილის სამკურნალოდან, რომელიც ჩიჩუას წყალობით სოციალ-დემოკრატიული პარტიის ბიუროდ იყო გადაქცეული და აქედან მთელ დასავლეთ საქართველოს არალეგალური ლიტერატურა ეგზავნებოდა. კლინიკის ხელმძღვანელობამ იცოდა მისი საქმიანობის შესახებ, მაგრამ თვალს ხუჭავდნენ და ზოგჯერ ხელსაც უწყობდნენ. ციხიდან გამოსულ თეოფილე ჩიჩუას ჟანდარმერია სდევნიდა და იგი იძულებული გახდა ბაქოში წასულიყო, სადაც ბალახანის მრეწველთა საავადმყოფოში დაიწყო სამსახური და მუშებში პარტიულ-რევოლუციური მუშაობა გააჩაღა.

   1904 წლის დასაწყისში სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის დავალებით ბათუმში გააგზავნეს. ამ დროს იგი გურიის კომიტეტის მოძრაობას ხელმძღვანელობდა, რომლის დავალებითაც ჩიჩუა გურიაში გადავიდა, სადაც როგორც პროპაგანდისტი, ორგანიზატორი და აგიტატორი მუშაობდა.

    1905 წელს ჩოხატაურის რაიონის წარმომადგენელი იყო და რეაქციის დაწყების დროს გურიაში არალეგალურ მუშაობას ეწეოდა. აქედან იძულებული გახდა თბილისში დაბრუნებულიყო და ტრამვაის ამბულატორიაში ექიმის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

   1907–1917 წლებში ჩოხატაურის სასოფლო საავადმყოფოში მუშაობდა და პარალელურად არალეგალურ ორგანიზაციებში მოღვაწეობდა, როგორც გურიის კომიტეტის წევრი.

    1916 წლიდან თეოფილე ჩიჩუა გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ჩოხატაურის განყოფილების წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ, როცა თბილისში ბოლშევიკ-მენშევიკთა ორგანიზაცია ერთმანეთს გაემიჯნა, თეოფილე ჩიჩუამ საკუთარი ორგანიზაცია ჩამოაყალიბა და აღმოსავლეთ გურიის ბოლშევიკური ორგანიზაცია შექმნა, რომელიც მთელ გურიას აკავშირებდა. ამ დროს რამდენჯერმე დაპატიმრებულიც იყო.

   საქართველოს გასაბჭოებისთანავე ციხიდან გაათავისუფლეს და რევკომის მოწყობაში მონაწილეობდა, არჩეული იქნა ოზურგეთის სამაზრო რევკომსა და გურიის კომიტეტის წევრად, აგრეთვე ჯანმრთელობის განყოფილების გამგედ და თბილისში ქართული მუშფაკის პოლიტეკონომიის ლექტორად.

    1920 წელს, უკვე 50 წლისამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საექიმო ფაკულტეტზე ჩააბარა.

    თეოფილე ჩიჩუას თაოსნობითა და დაუღალავი შრომით ჩოხატაურში 1912 წელს დაწყებული უზარმაზარი საავადმყოფოს მშენებლობა დასრულდა, მისივე თაოსნობით ბახმაროზე დამთავრდა სანატორიუმის შენობა.

   თეოფილე ჩიჩუა გარდაიცვალა 1926 წლის 12 აპრილს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრი (1916-)

Bibliography


Share: