The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანატოლი ნიკოლოზის ძე კალგინი

ანატოლი ნიკოლოზის ძე კალგინი
Date of birth:20 April, 1875
Date of death:20 March, 1943  (at 67 years)
Burial location:მცხეთა, სამთავროს ეკლესიის ეზო
Category:Architect, Engineer, Educator, Public Figure

Biography

   ანატოლი კალგინი დაიბადა 1875 წლის 20 აპრილს ვლადიკავკაზში.

   1900 წელს პეტერბურგის სამოქალაქო-საინჟინრო ინსტიტუტი დაამთავრა და პიატიგორსკში, არქიტექტორის თანაშემწედ დაიწყო მუშაობა.

   1901-1905 წლებში ბაქოში ცხოვრობდა.

   1905-1907 წლებში, მოსკოვში, სტროგანოვის სასწავლებელში ასწავლიდა.

   1907 წელს საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა და სხვადასხვა კვლევით ექსპედიციებში მონაწილეობდა.

   1907 წელს ექვთიმე თაყაიშვილთან და მოყვარულ ფოტოგრაფ ედუარდ ლიოზენთან ერთად, არტაანის, ოლთისიისა და ყაღიზმანის ოლქებში არქეოლიგიურ ექსპედიციებში მონაწილეობდა. მან აღწერა და გაზომა მნიშვნელოვანი ძეგლები: ტაოსკარის, კალმახის, ბობოსგირის, კერკლუხის, კინეპოსის, ოლთისის ეკლესია და ციხის მღვიმეთა დარბაზები, ფანასკერტის ციხე, ჩანგლის დიდი ტაძარი და სხვა. ყველაზე მთავარი იმ წელს გაზომილ ტაძართა შორის ბანას ცნობილი ტაძარი იყო. მანამდე, ეს ტაძარი სიმონ კლდიაშვილის მიერ სქემატურად იყო გაზომილი. კალგინმა ბანას რეკონსტრუქციის საკუთარი ვარიანტი შეადგინა.

   1913-1916 წლებში, მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკისთან ერთად სათავადაზნაურო ბანკის შენობის პროექტი შექმნა და განახორციელა (დღევანდელი ეროვნული ბიბლიოთეკის I კორპუსი).

   1916 წლიდან ანატოლი კალგინი გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ნამდვილი წევრი.

   1917 წელს, ექვთიმე თაყაიშვილთან, ლადო გუდიაშვილთან, მიხეილ ჭიაურელთან და ილია ზდანევიჩთან ერთად, ტაო-კლარჯეთის არქეოლოგიურ ექსპედიციაში მიიღო მონაწილეობა.

   1920 წლის 13 აგვისტოს საქართველოს დამფუძნებელი კრებისა და რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დეკრეტი „ძველი ხუროთ-მოძღვრების ძეგლების შეკეთება დაცვისთვის - 2 000 000 მან. გადადებისა“. მუზეუმის სამეცნიერო საბჭომ ამ სამუშაოების შესასწავლად და შესასრულებლად შექმნა კომისია, რომელშიც გიორგი ჩუბინაშვილი, ნიკოლოზ სევეროვი და ანატოლ კალგინი შევიდნენ. მკვლევრები ჯერ მცხეთის ჯვრისა და სვეტიცხოვლის ეკლესიების შესასწავლად გაემგზავრნენ, შემდეგ კახეთის რეგიონის რამდენიმე ძეგლი შეისწავლეს და შეაკეთეს, მუზეუმში გადაიტანეს წრომის ეკლესიის მოზაიკის ფრაგმენტები.

   1920 წელს, ეროვნული მუზეუმის შენობის ფასადის გასაფორმებლად, ნიკოლოზ სევეროვი და ანატოლი კალგინი მიიწვიეს, მაგრამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში ამ სამუშაოების დასრულება ვერ მოხერხდა.

   1922-1930 წლებში გახლდათ სამხატვრო აკადემიის პროფესორი.

   1927 წელს, კ. ლეონტიევთან და მ. მაჭავარიანთან ერთად, ზემო ავჭალის ჰესი ააგო.

   1930 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე ინდუსტრიული ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტზე ასწავლიდა. კალგინმა დიდი ამაგი დასდო თანამედროვე ქართული არქიტექტურის განვითარებასა და საქართველოს ახალგაზრდა არქიტექტორთა აღზრდას.

   ანატოლი კალგინი 1943 წლის 20 მარტს თბილისში და თავისივე ანდერძის თანახმად, დაკრძალულია მცხეთაში, სამთავროს ტაძრის გალავანში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1916-)

Share: