The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე

სერგო ონისიმეს ძე ბოლქვაძე
Date of birth:10 March, 1887
Date of death:1962  (at 74 years)
Burial location:თბილისი, საბურთალოს სასაფლაო
Category:Educator, Public Figure

Biography

    სერგო ბოლქვაძე დაიბდა 1887 წელს ჩოხატაურის რაიონის სოფელ ჯვარცმაში (ჩაისუბანი) გლეხის ოჯახში. ადგილობრივ ორკლასიან სასწავლებელში არ მიიღეს იმ მოტივით, რომ მისი უფროსი ძმები უკვე სწავლობდნენ ამ სკოლაში. წერა-კითხვა სახლში შეისწავლა და ჯვარცმის სამრევლო სკოლაში ჩააბარა, საიდანაც მალე გადავიდა ორკლასიან სასწავლებელში, რომელიც 1903 წელს წარმატებით დაამთავრა და ხონის ექვსკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში ჩააბარა. ოჯახის ხელმოკლეობის გამო, ძულებული იყო ფიზიკურად ემუშავა და თავი ერჩინა. იგი ვერ ეგუებოდა სკოლაში გამეფებულ რეჟიმს და ამის გამო გარიცხვითაც დაემუქრნენ.

   სერგო ბოლქვაძემ ხონის სასწავლებელი წარჩინებით დაამთავრა და 1906 წელს ორკლასიანი სკოლის მასწავლებლის წოდება მიიღო და 1907 წელს ჯვარცმის სასწავლებლის პედაგოგად დაინიშნა, სადაც 13 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. მან საუკეთესო მასწავლებლის სახელი დაიმსახურა. სერგო ბოლქვაძეს დიდი ღვაწლი მიუძღვის გურიის მასწავლებელთა კორპორაციის მუშაობაში. იგი ამ ორგანიზაციაში 1907 წელს შევიდა და  ბოლომდე  აქტიურ წევრად დარჩა, ხოლო კორპორაციის არსებობის უკანასკნელ წლებში მის მდივნად მუშაობდა.

   1914 წლიდან სერგო ბოლქვაძე გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების მუშაობაში.

   1919 წელს სერგო ბოლქვაძე ხიდისთავის  უმაღლეს-დაწყებითი სკოლის მასწავლებლად მიიწვიეს, ხოლო ერთი წლის შემდეგ ჩოხატაურის უმაღლეს-დაწყებით სკოლაში გადაიყვანეს, სადაც მან 1922 წლამდე იმუშავა. გურიაში მოღვაწეობის პერიოდში სერგო ბოლქვაძეს საქმიანი კავშირი ჰქონდა აჭარასა და საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში მომუშავე მასწავლებლებთან. მასთან ახლო ურთიერთობაში იყვნენ ბათუმში მცხოვრები პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე ნიკო ჯაყელი და ცნობილი პედაგოგი, ილიასა და იაკობ გოგებაშვილის თანამოაზრე ლუარსაბ ბოცვაძე.

   სერგო ბოლქვაძემ უმაღლესი განათლების მიღების სურვილი მოგვიანებით, საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ აისრულა. მან დაუსწრებლად დაამთავრა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი და საშუალო სკოლის რუსული და ქართული ენებისა და ლიტერატურის მასწავლებლის კვალიფიკაცია მიიღო.

   სერგო ბოლქვაძე მშობლიური ენის სიწმინდისათვის ბრძოლაში მხოლოდ სკოლის კედლებით არ იფარგლებოდა. იგი ამ საკითხზე გაზეთებში სისტემატურად აქვეყნებდა  სტატიებსა და კორესპონდენციებს. მოგვიანებით, მისი აქტიური მონაწილეობით გამოვიდა სპეციალური ჟურნალი „სკოლა და ოჯახი“, რომელშიც მოწინავე პედაგოგები თავიანთ წერილებს ბეჭდავდნენ და მშობლიურ ენაზე სწავლების შემოღებას მოითხოვდნენ. ჟურნალი მალევე დაიხურა. ასევე მისი აქტიური მონაწილეობით იბეჭდებოდა მეთოდური ხასიათის კრებული „მასწავლებლის თანამგზავრი“.

   სერგო ბოლქვაძე ნაყოფიერ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად საზოგადოებრივ კულტურულ საქმიანობასაც ეწეოდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობაში. 1907 წელს მან ჩოხატაურში სცენისმოყვარეთა წრე ჩამოაყალიბა, რომელმაც პირველი წარმოდგენა ფარცხმის სკოლაში გამართა და წარმოდგენილი იყო ვალერიან გუნიას „და-ძმა“. მალე წრე საგრძნობლად გაიხარდა და წარმოდგენები გამართა ჩოხატაურში, ხიდისთავში, ბახმაროში, ბახვში, ოზურგეთში და სხვა ქალაქებსა თუ სოფლებში. დრამატული წრე უშვებდა ხელნაწერ ჟურნალს სახელწოდებით „ლენგერა“. ამ წრის მუშაობას იმდროინდელი პრესაც გამოეხმაურა. 1913 წელს ჩოხატაურის სცენისმოყვარულთა წრემ ლადო მესხიშვილის საიუბილეო საღამო ჩაატარა.

   1921 წელს სერგო ბოლქვაძე ჩოხატაურის თეატრის კომისრად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე მან ერთი წელი იმუშავა. პლატონ კეშელავა თავის მოგონებებში წერდა: „სერგო ბოლქვაძე იყო  ნამდვილი ბურჯი თეატრის საქმისა ჩვენს რაიონში“.

   1922 წელს, კულტურულ-საგანმანათლებლო დარგში ენერგიული მუშაობისთვის ჩოხატაურში სერგო ბოლქვაძეს სასცენო მოღვაწეობის 15 წლისთავის აღსანიშნავი იუბილე გადაუხადეს.

   1922 წელს ნიკო ჯაყელმა სერგო სამუშაოდ ბათუმში მიიწვია. იგი დათანხმდა ამ მოწვევას და სოფელ ბარცხანის დაწყებითი სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. ამავე დროს, ქართული ლეგიონის უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზეც დაამტკიცეს.

   1930 წლიდა სერგო ბოლქვაძე ბათუმის N15 არასრულ საშუალო სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად იწყებს მუშაობას, ხოლო 1934 წელს ქალაქ ბათუმის განათლების განყოფილების ინსპექტორად გადაიყვანეს, საიდანაც 1941 წელს აჭარის ასსრ განათლების კომისარიატში სასკოლო ინსპექტორად დაინიშნა, სადაც 1952 წლამდე იმუშავა.

   სერგო ბოლქვაძე,  ბათუმში, ჩვეული ენერგიით  პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად,  საზოგადოებრივ საქმიანობაშიც ჩაება. ხელმძღვანელობდა ქართული ლეგიონის დრამატულ წრეს, რკინიგზის კლუბის დრამწრეს და მასწავლებელის სახლის დრამატულ წრეს.

   1946 წლიდან სერგო ბოლქვაძე შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის რუსული ენის მასწავლებლად მუშაობდა. განათლების კომისარიატში, შემდეგ კი სამინისტროში მისი მუშაობა მეტად ნაყოფიერი იყო. დადიოდა აჭარის მაღალმთიან სოფლებში,ამოწმებდა  და ეხმარებოდა სკოლებს. მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის აწყობდა ექსკურსიებს ბათუმში, ჩაქვსა და ფოთში. იგი განსაკუთრებულ გულისხმიერებას იჩენდა ახალგაზრდა პედაგოგების მიმართ.  დიდი სიყვარულით ეკიდებოდა მშობლიური ენის სიწმინდის დაცვის საქმეს და ეს ხდებოდა იმ დროს, როცა სწავლება კი არა, სკოლებში ლაპარაკიც კი აკრძალული იყო მშობლიურ ენაზე.  ამავე დროს, იგი უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა რუსული ენის შესწავლას და ასაბუთებდა, რომ  რუსულის დაუფლება უნდა მოხდეს დედაენის ცოდნის საფუძველზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მას დაწერილი აქვს მთელი რიგი მეთოდური ხასიათის წერილები: „წერა-კითხვის სწავლება ანალიზურ-სინთეზური ბგერითი მეთოდით“, „ქართული ენის გაკვეთილები 1-ლ და მე-2 კლასებში“, „თვალსაჩინოება რუსული ენის სწავლების დროს“, „Борьба за культуру речи в XI классе Грузинской школы“, „სალექსიკონო მუშაობა რუსულ ენაში ქართული სკოლის მოსწავლეებთან“, „სკოლის შინაკონტროლი“, „Изучение басни И.А. Крылова в грузинской школе”, “К вопросу об изучении творчества Н.В. Гоголя в Грузинской школе“ და სხვა. მის წერილებში ხაზგასმითაა აღნიშნული სკოლის შენაკონტროლის მაღალ დონეზე დაყენების აუცილებლობა, სკოლისა და ოჯახის, მასწავლებელთა და მშობელთა მტკიცე კავშირი.

   1950-1951 წლებში სერგო ბოლქვაძე რუსული ენისა და ლიტერატურის სწავლების საკითხებზე ადგილობრივი პრესის ფურცლებდა კრიტიკული ხასიათის წერილებს აქვეყნებდა:  „Улучшить преподавание русского языка в школах района“, „Изучим язык великого русского народа“ და სხვა.

   1957 წელს სერგო ბოლქვაძეს დაბადებიდან 70 და პედაგოგიური მოღვაწეობის 50 წლის იუბილე გადაუხადეს, რომელიც ბათუმში ჩატარდა. ამავე წელს გამოიცა ირაკლი მალაზონიას წიგნი, სადაც მოცემულია მისი ბიოგრაფიული ცნობები და საზოგადოებრივი მოღვაწეობის მასალები. სერგო ბოლქვაძემ თავისი უმწიკვლო და ენერგიული მუშაობით, უდიდესი წვლილი შეიტანა  აჭარისა და გურიის განათლებისა და კულტურის დარგში.

   სერგო ბოლქვაძე გარდაიცვალა 1962 წელს და დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ხიდისთავის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ჩოხატაურის განყოფილების წევრი (1916-)

Awards and Honors

  • 1949 - ლენინის ორდენი
  • 1945 - აჭარის ასსრ სკოლის დამსახურებული პედაგოგი
  • 1945 - 1941-1945 წლების დიდი სამამულო ომის მედალი
    მამაცური შრომისათვის

Bibliography


Share: