The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვარლამ ესტატეს ძე ჩერქეზიშვილი

ვარლამ ესტატეს ძე ჩერქეზიშვილი
Other name:ვაზიანი  (Pseudonym)
მანაველი  (Pseudonym)
Date of birth:15 September, 1846
Date of death:17 August, 1925  (at 78 years)
Burial location:ლონდონი
Category:Politician, Political Leader, Publicist

Biography

   ვარლამ ჩერქეზიშვილი დაიბადა 1846 წელს საგარეჯოს რაიონის სოფელ თოხლიაურში. 10 წლის ასაკში მოსკოვში გააგზავნეს, სადაც სამხედრო გიმნაზია დაამთავრა.

   1866 წელს უმაღლესი განათლების მისაღებად პეტროვსკის აგრონომიულ აკადემიაში ჩააბარა, მაგრამ იმავე წლის აპრილში დააპატიმრეს და პეტრე-პავლეს ციხეში მოათავსეს, სადაც 1873 წლის ნოემბრამდე დაჰყო და 1867 წელს გაათავისუფლეს. 

   1869 წელს ვარლამ ჩერქეზიშვილი კვლავ დააპატიმრეს და 1873 წლამდე ციხეში იჯდა. ამის შმდეგ ციმბირში, ქალაქ ტომსკში გადაასახლეს, სადაც 1876 წლამდე იმყოფებოდა. ტომსკიდან ჩერქეზიშვილი მოსკოვ-პეტერბურგის გავლით საზღვარგარეთ გაიქცა, კერძოდ ლონდონში, ხოლო შემდეგ ჟენევაში გადაბარგდა, სადაც პირველი ინტერნაციონალის ფედერაციაში შევიდა. ანარქისტებთან ერთად აქტიურ მონაწილეობას იღებდა კონგრესებში და  ბეჭდავდა პერიოდულ გამოცემებში. მისი წერილები, რომლებიც ქართულად ითარგმნებოდა, ქართულ პრესაშიც ხშირად იბეჭდებოდა.

   1883 და 1884 წლებში ჩერქეზიშვილი არალეგალურად ჩამოვიდა საქართველოში და ქართველთა შორის აგიტაციას ეწეოდა საქართველოს განთავისუფლებისათვის. საიდუმლო კრებებს მართავდა და საზოგადოებას უხსნიდა ერეკლე II და ეკატერინე II შორის დადებული ხელშეკრულების შინაარსს და უმარტავდა, თუ როგორ უსინდისოდ დაარღვია ცარიზმმა ეს ხელშეკრულება. აქტიური მონაწილეობა მიიღო კავკასიის ფედერაციის წეს-წყობილების პროგრამის პირველი პროკლამაციის შედგენაში, რომელიც 1884 წელს დაიბეჭდა.

   1886 წელს "Times"-ში გამოქვეყნდა მისი პირველი წერილი "საქართველოს ხელშეკრულება რუსეთთან", რომელიც ამ ხელშეკრულების დარღვევის და ქართველი ერის დაჩაგვრის საკითხებს ეხებოდა.

   1904 წელს ჟენევის ქართველ ემიგრანტთა კონფერენციაზე "მანაველის" ფსევდონიმით მოხსენება გააკეთა "აგრარული კითხვა". 1906-1907 წლებში გრიგოლ რცხილაძესთან და სხვებთან ერთად დაარსა "ჩვენი სახალხო უნივერსიტეტი".

   პირველი რევოლუციის შემდეგ ვალერიან ჩერქეაიშვილი პეტროგრადში დაბრუნდა, ხოლო შემდეგ თბილისში. 1907 წელს საქართველოში, ავტონომიის მოპოვების შესახებ, აგიტაცია დაიწყო. მისი ინიციატივით შდგენილი იქნა პეტიცია, რომელსაც 4 000 ადამიანი, როგორც სასულიერო წოდება, ისე თავადაზნაურობა, გლეხები და მუშები, აწერდნენ ხელს და რომელიც ჩერქეზიშვილმა თავად წაიღო ლონდონში და ჰააგის კონფერენციას წარუდგინა.

   1910-1912 წლებში ვარლამ ჩერქეზიშვილი ლონდონში ჩატარებულ დაჩაგრულ ერთა ორ კონგრესზე გამოვიდა. 1910 წელს, ლონდონში გამართულ მსოფლიო ჩაგრულ-დაპყრობილ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციაზე იგი იცავდა საქართველოს უფლებებს. კონფერენციის მდივანი იყო მისი ფრანგი მეუღლე – ფრიდა რუპერტუსი, რომელიც საქართველოს განთავისუფლებისათვის ბრძოლაში მხარში ედგა და მისი მარჯვენა ხელი იყო.

   1917 წელს, 71 წლის მოხუცი საქართველოში დაბრუნდა და როცა ბათუმში გემიდან გადმოვიდა, პირქვე დაემხო და ქართულ მიწას ეამბორა. 1918 წელს მთავრობამ პარიზის კონფერენციაზე დელეგატად გააგზავნა. პარიზში ყოფნის დროს "La Revue de Pari"-ში წერილი დაბეჭდა "La Georgie ses traditions et ses droits politiques", რომელიც შემდეგ ცალკე წიგნად გამოიცა. 

   1921 წლის თებერვალში, როცა ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები დამოუკიდებელი საქართველოს უტევდა, ჩერქეზიშვილი თოფით ხელში დაადგა კოჯრის გზას, დასაკარგად განწირული თავისუფლების დასაცავად. 1921 წლის თებერვალში საბოლოოდ გადაიხვეწა სამშობლოდან.

   გრიგოლ რობაქიძე წერდა: „იყო ერთი ქართველი თავადი, ანარქისტი და თავდადებული მამულიშვილი ვარლამ ჩერქეზიშვილი. ქართული მას არ ემარჯვებოდა. საქართველოს ბავშვობიდანვე იყო მოწყვეტილი. იცოდა რუსული, ფრანგული და ინგლისური. სიკვდილის წლებში, როდესაც ადამიანის მთელი არსი შეირხევა საუკუნიდან მოწყვეტილი ფესვები, უეცრად რუსულიც დაავიწყდა, ფრანგულიც და ინგლისურიც და მომაკვდავმა ქართულად დაიწყო წერა.“

   ვარლამ ჩერქეზიშვილი გაედაიცვალა 1925 წლის 17 აგვისტოს ლონდონში და დაკრძალულია იქვე, კარლ მარქსის საფლავის სიახლოვეს.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების წევრი (1918-)

Share: