The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი

ალექსანდრე რომანოზის ძე მრევლიშვილი
Date of birth:15 August, 1866
Date of death:25 December, 1933  (at 67 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Painter, Educator, Public Figure

Biography

   ალექსანდრე მრევლიშვილი დაიბადა 1866 წელს სოფელ მცხეთაში სასულიერო პირის ოჯახში. სწავლობდა თბილისის სასულიერო სასწავლებელში, საიდანაც სიღარიბის გამო, იძულებული იყო მე-4 კლასიდან გამოსულიყო და მხატვარ ლონგოს კერძო ატელიეში დაეწყო მხატვრობის სწავლა.

   1884 წელს მოსკოვის "ფერწერის, ქანდაკებისა და ხუროთმოძღვრების" სასწავლებელში ჩააბარა, სადაც კარგი სწავლისთვის გადასახადისაგან გაათავისუფლეს და რომელიც 1890 წელს დაამთავრა.

   ალექსანდრე მრევლიშვილი სამხატვრო ასპარეზზე 1889 წელს გამოვიდა, თუმცა, ჯერ კიდევ სასულიერო სემინარიაში სწავლის დროს, მისი ნახატით დაინტერესდა აღმზრდელი მოსე ჯანაშვილი, რომელმაც მისი ნამუშევარი „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ გამგეობას უჩვენა და იმდენად მოეწონათ ნორჩი მხატვრის სურათები, რომ საჩუქრად გაუგზავნეს მხატვარ ალექსანდრე ბერიძის დასურათებული ფურცელი ზედწარწერით: „მხატვრობის მოტრფიალე ალექსანდრე მრევლიშვილს. ისწავლე და შენი ქვეყნის სასარგებლო კაცი შეიქენი“.

   1890 წელს მოსკოვიდან სამშობლოში დაბრუნებული ალექსანდრე სოფლად გაეცნო გლეხთა ჭირ-ვარამს, ზნე-ჩვეულებებს და მათ დამოკიდებულებას თვითმპყრობელობის წინააღმდეგ. ამ პერიოდის ნახატებიდან აღსანიშნავია: „ჯვარედინ გზაზე“, „ბეგარა“, „აღდგომის მსხვერპლი“, „საფლავთ კურთხევა“, „ჩემი მერანი“, „კრწანისის შემდეგ“ და სხვები.

   1898-1901 წლებში პარიზში, ჟულიანის აკადემიაში სწავლობდა, მოიარა იტალია და გერმანია, რათა გაემდიდრებინა გონებრივი თვალსაწიერი.

   1900 წელს იტალიის სამხატვრო მუზეუმში აღმოაჩინა ქართული სამხატვრო ხელოვნების ზოგიერთი ნიმუში XV-XVII საუკუნეებისა და მისი აზრით, ფლორენციის მუზეუმში დაცული სურათები „ელით ტანჯვა იესოსი“ და „ხარება ღვთის მშობლისა“ და მცხეთის ამნაირივე სურათები ერთი და იგივეა, კალმით და ფერით ერთნაირი, შინაარსით, გრძნობით და გარემოებით ერთიმეორის მსგავსი, ქართველი მხატვრის შექმნილი, მხოლოდ ამ ქართველი მხატვრის სახელი და ვინაობა არა ჩანს.

  ალექსანდრე მრევლიშვილმა პარიზში დახატა სურათები: „უმუშევარნი“ და „ამას ჰქვიან თავისუფლება?“, რომლლებიც იქვე შეისყიდეს ამერიკელმა მხატვარმა ჰერლმა და ფრანგმა მხატვარმა. პარიზში, ყველა აკადემიის საერთო კონკურსზე IV მანსიონი მიანიჭეს.

   ალექსანდრე მრევლიშვილის ყოველი ნახატი ღრმა შინაარსიანია, წინასწარ გააზრებული, უმთავრესად, სოციალური უსამართლობისა და პოლიტიკურ უკუღმართობის მამხილებელი. 1905 წლის რევოლუციის დროს დახატა პლაკატი „ერთობა“, რომელიც მისმა ძმამ, გოლამ, 1906 წელს დაწვა, როცა ალექსნდრე კაზაკებმა შეიპყრეს. რევოლუციური შინაარსის სურათების ხატვისათვის მთავრობა ალმაცერად უყურებდა და ხშირად ხელსაც უშლიდა და გამოფენებზე არ უშვებდა.  ამის გამო იგი იძულებული იყო მასწავლებლად ემსახურა სხვადასხვა გიმნაზიაში.

   1917 წლიდან ალექსანდრე მრევლიშვილი გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი.

    საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ ლექტორად მიიწვიეს მ. ცხაკაიას სახელობის მუშფაკში, სადაც სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა.

   ალექსანდრე მრევლიშვილის ნახატები დაცულია საქართველოს ეროვნულ გალერეაში, ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში, მცხეთაში და ხელოვნების სასახლეში.

   ალექსანდრემ მწერლობაშიც სცადა ბედი და დაწერა მოთხრობა „სცენა სოფლის სამმართველოში“, რომელიც 1939 წლის „ლიტერატურული საქართველო“-ში დაიბეჭდა. მან შეკრიბა და გამოსაცემად გაამზადა ორასამდე იგავ-არაკი, ზღაპარი და ანდაზა, წერდა ლირიკულ ლექსებს, წვრილ-წვრილ სცენებსა და წერილებსაც, უმთავრესად, მხატვრობის შესახებ.

   1939 წელს მოეწყო მრევლიშვილის შემოქმედებითი საიუბილეო საღამო, რომელზედაც აღინიშნა მხატვრის დამსახურება და ერთხმად გამოითქვა აზრი, რომ დაბეჭდილიყო მისი შემოქმედებისა და ცხოვრების შესახებ მონოგრაფია, მოეწყოს ნაშრომთა გამოფენა და მცხეთაში აღდგენილ იქნას მისი სამუშაო ოთახი, სადაც მოეწყოს ხელოვნების მუზეუმის ფილიალი.

  ალექსანდრე მრევლიშვილი გარდაიცვალა 1933 წლის 25 დეკემბერს და დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.

  მისი ქალიშვილი გახლავთ საბავშვო მწერალი მაყვალა მრევლიშვილი.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების თბილისის განყოფილების მუდმივი წევრი (1917-1922)

Awards and Honors

  • 1931 - საქართველოს დამსახურებული მხატვარი
  • 1931 - საკავშირო სახალხო მხატვარი

Bibliography


Share: