The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე (თავადი)

ნიკოლოზ ზურაბის ძე ჭავჭავაძე
Date of birth:22 October, 1830
Date of death:9 March, 1897  (at 66 years)
Burial location:ყვარელი, იოანე ნათლისმცემელის ეკლესია
Category:Military Person

Biography

   ნიკოლოზ ჭავჭავაძე დაიბადა 1830 წლის 22 ოქტომბერს ყვარელში შტაბს-კაპიტან ზურაბ მელქისედეკის ძე ჭავჭავაძის ოჯახში.

    თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, 1846 წელს სამხედრო სამსახური დაიწყო ქართულ მილიციაში, რომელიც კახეთს შამილის რაზმების თავდასხმებისაგან იცავდა.

   1849 წელს, მთიელ ხალხებთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის, რუსეთის იმპერატორისგან წმინდა გიორგის ჯვარი მიიღო.

   1850 წელს ოფიცრის პირველი ჩინი (პრაპორშჩიკი) მიანიჭეს. სამხედრო კარიერის შემდეგი საფეხურებიც სწრაფად გაიარა: პოდპორუჩიკი და პორუჩიკი.

   1853–1856 წლებში ყირიმის ომში მონაწილეობდა და იბრძოდა კავკასიის ფრონტზე, სადაც კახეთის მილიციის საცხენოსნო ასეულს მეთაურობდა. თავი გამოიჩინა ბაშკადიკლარისა და ჩოლოქის ბრძოლებში.

    ნიკო ჭავჭავაძემ ყირიმის ომის შემდეგაც არაერთხელ მიიღო მონაწილეობა მთიელებთან ბრძოლაში ჩეჩნეთსა და დაღესტანში შავი ზღვის გაყოლებაზე. 1859 წელს, დაღესტნის დამორჩილების შემდეგ, იგი დარგუს ოლქის მმართველად დანიშნეს და სამხედრო კარიერაშიც წინ წაიწია: შტაბს-როტმისტრი, როტმისტრი და შემდეგ პოლკოვნიკი. ამავე წელს ჯერ დაღესტნის ოლქის უფროსად, შემდეგ კი განჯის სამხედრო გუბერნატორად განამწესეს, სადაც 10 წლის მანძილზე იმსახურა დასავლეთ დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად.

   1871 წელს ნიკო ჭავჭავაძეს გენერალ-მაიორის სამხედრო წოდება მიენიჭა, ხოლო 1972 წელს მისი საიმპერატორო უდიდებულოსობის ამალაში ჩაირიცხა და 1875 წელს განჯის გენერალ-გუბერნატორად დაინიშნა.

   1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დასაწყისში ნიკო ჭავჭავაძე მოქმედ არმიაში მსახურობდა, მაგრამ შემდეგ დაღესტანსა და ჩეჩნეთში აჯანყებამ იფეთქა და კავკასიის მთიანეთში მიავლინეს, სადაც მოლაპარაკებებისა და სამხედრო მეთოდების გამოყენებით მან აჯანყების ჩაქრობა მოახერხა.

   1879 წლიდან ნიკო ჭავჭავაძე გახლდათ "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წევრი და აქტიურად იყო ჩაბმული საზოგადოების საქმიანობაში.

   1880 წლიდან ნიკო ჭავჭავაძე დაღესტნის ოლქის მმართველი და ჯარების სარდალი გახლდათ და ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს გენერალ–ლეიტენანტის წოდება მიიღო.

   1883 –1893 წლებში დაღესტნის სამხედრო გუბერნატორად მსახურობდა.

   1892 წელს გენერალ-ადიუტანტად დაინიშნა და 1896 წელს კავალერიის გენერლის სამხედრო წოდება მიიღო. დაღესტნის გუბერნატორად ყოფნისას, მთიელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობდა. გარდაცვალების შემდეგ ადგილობრივმა მთიელებმა, მადლიერების ნიშნად, მისი კუბო ხელით ჩაიტანა ყვარელში.

   ნიკოლო ჭავჭავაძე სამხედრო სამსახურიდან გასვლის შემდეგ თბილისში ცხოვრობდა და ყოველგვარ საზოგადოებრივ საქმიანობაში ცხოველ მონაწილეობას იღებდა.

  ნიკოლოზ ჭავჭავაძე გარდაიცვალა 1897 წლის 9 მარტს და დაკრძალულია მისივე სახსრებით აგებულ ყვარლის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში.

  გაზეთმა „ივერიამ“ მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა: „ერთი გულშემატკივარი კაცი კიდევ მოაკლდა ჩვენს ქვეყანასა, კაცი ჭკუიანი, თავისა საკუთარის მხნეობით და ნიჭით დიდ ხარისხამდე მიღწეული, თავისი საკუთარის ბეჯითობით, ღვაწლით, გონება–გახსნილი და თვალ–ახილული... არ ყოფილა ერთი იმისთანა ამბავი, ავი თუ კარგი, რომ იმის გულს არ დასჭდეოდა ღრმად, რაკი ჩვენს ქვეყანას შეეხებოდა რამ... არ იყო არც ერთი საკუთარი საქმე, რომ მთელის გულის მხურვალებით არ მოჰკიდებოდა და სხვებთან ერთად არ ეზრუნა, არ ეფიქრა, საიდამ რა ეშველოს“.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1879-)

Awards and Honors

  • 1890 - წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი
  • 1887 - თეთრი არწივის ორდენი
  • 1883 - წმინდა ვლადიმერის II ხარისხის ორდენი
  • 1879 - ლომისა და მზის I ხარისხის სპარსული ორდენი
  • 1875 - წმინდა ანას I ხარისხის ორდენი
  • 1871 - წმინდა სტანისლავის I ხარისხის ორდენი
  • 1864 - წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი საიმპერატორო გვირგვინით
  • 1863 - წმინდა ვლადიმერის III ხარისხის ორდენი
  • 1863 - წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • 1861 - წმინდა ანას III ხარისხის ორდენი ბაფთითა და მახვილებით
  • 1860 - წმინდა ვლადიმერის IV ხარისხის
  • 1849 - წმინდა გიორგი ჯვარი
    მთიელ ხალხთან ბრძოლებში მონაწილეობისათვის
  • ოქროს ხმალი ბრილიანტებით, წარწერით „სიმამაცისთვის“

Contacts Information

  • Home
    Address:თემირხან–შურა

Share: