The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძე

ტრიფონ მიხეილის ძე ჯაფარიძე
Date of birth:7 November, 1876
Date of death:1937  (at 60 years)
Category:Scientist, Educator, Publicist, Public Figure

Biography

    ტრიფონ ჯაფარიძე დაიბადა 1876 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ხრეითში, ღარიბი აზნაურის მიხეილ ჯაფარიძისა და პელაგია ჭიჭინაძის ოჯახში. პელაგია გახლდათ დეკანოზ ალექსი ჭიჭინაძის ქალიშვილი. რვა წლამდე ტრიფონი ოჯახში დედ-მამის მზრუნველობის ქვეშ იზრდებოდა და წერა-კითხვაც მათგან  ისწავლა, ხოლო 1884 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1891 წელს დაამთავრა და როგორც ღარიბი და ამავე დროს წარმატებული მოსწავლე, სახელმწიფო ხარჯზე თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩაირიცხა.

    1898 წელს ტრიფონ ჯაფარიძემ სემინარია დაამთავრა და საწავლებლად, ისევ სახელმწიფო ხარჯით, კიევის სასულიერო აკადემიაში გააგზავნეს, რომლის სრული კურსი ისტორია-არქეოლოგიის განხრით 1902 წელს დაამთავრა. კიევში სტუდენტობის პერიოდში იგი ქართველთა სათვისტომოს ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. აკადემიის მუზეუმში პროფესორ პეტროვის ხელმძღვანელობით სამუზეუმო საქმიანობას ეცნობოდა და ამასთან დაკავშირებით ისმენდა მოხსენებებს სამეცნიერო საზოგადოებაში „Общество истории имени Летописца Нестора“. სწორედ აქ, 1902 წელს,  დაებადა პირველად აზრი, ქუთაისშიც დაეარსებინა საისტორიო სზოგადოება და მუზეუმი, რაც შემდეგში განახორციელა კიდეც.

     1903 წელს ტრიფონ ჯაფარიძემ ქუთაისში ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილის ქალიშვილზე იქორწინა, რომელსაც ოლღას წმინდა ნინოს სასწავლებელი ჰქონდა დამთავრებული და უაღრესად განათლებული ქალბატონი გახლდათ. ტრიფონსა და ოლღას ექვსი შვილი ჰყავდათ.

    ტრიფონ ჯაფარიძემ მუშაობა 1902 წლიდან დაიწყო. თავდაპირველად ქუთაისის ქალთა საეპარქიო სასწავლებელში ასწავლიდა. 1903 წელს სტავროპოლის სასულიერო სემინარიის სუბინსპექტორად დაინიშნა, ხოლო 1904 წელს ჩერნიგოვის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად გადაიყვანეს. ოჯახური მდგომარეობის გამო ტრიფონი იძულებული გახდა ქუთაისში დაბრუნებულიყო და 1905 წელს ქუთაისის სასულიერო სასწავლებლის ინსპექტორად დაინიშნა. ამ პერიოდში ქუთაისში დაარსდა რევოლუციურად განწყობილი მასწავლებელთა კავშირი, რომლის ერთ-ერთი წევრი ტრიფონიც იყო. ამ კავშირს მფარველობდა ქუთაისის გუბერნატორი ვლადიმერ სტაროსელსკი. მთავრობამ მოძრაობის ყველა წევრი დასაჯა და მათ შორის ტრიფონ ხუნდაძეც, რომელიც დასჯის მიზნით 1907 წელს ქალაქ მინსკში (ბელორუსია) გადაიყვანეს, მაგრამ 1908 წელს ისევ ქუთაისში დაბრუნდა და საეპარქიო ქალთა სასწავლებელსა და ქართულ გიმნაზიაში მასწავლებლად დაიწყო მუშაობა.

    1908 წელს ქუთაისში ჩამოყალიბდა „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ქუთაისის განყოფილება, რომლის გამგეობის წევრი გახლდათ ტრიფონ ჯაფარიძე. საზოგადოებამ მრავალ სოფელში დააარსა სამკითხველოები, ხელს უწყობდა წერა-კითხვის გავრცელებასა და სახალხო სკოლების დაარსებას, მათ შორის, სამურზაყანოსა და აჭარა-ქობულეთში.

    1910 წელს ტრიფონ ჯაფარიძე იმერეთის ეპარქიის, გაბრიელის სახელობის ქალთა სასწავლებელში ინსპექტორად დაინიშნა, რომელიც 1917 წელს გიმნაზიად გადაკეთდა და იგი გახდა მისი დირექტორი. 1921 წელს გიმნაზიები ტექნიკუმებად გადააკეთეს და იგი ქუთაისის მე-4 ტექნიკუმში მასწავლებლად დანიშნეს.

    1911-1921 წლებში ტრიფონ ჯაფარიძე გახლდათ საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე, 1917-1918 წლებში ქალაქის საბჭოს ხმოსანი და ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი. მას დავალებული ჰქონდა „ისტორიული ძეგლებისა და მასალების დაცვა შემთხვევით დაღუპვისგან“, 1920 წელს დასავლეთ საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი, 1921-1930 წლებში სიძველეთა და ხელოვნების ძეგლების დაცვის რწმუნებული დასავლეთ საქართველოში. ტრიფონ ჯაფარიძე ლექციებს კითხულობდა ჯერ ქუთაისის სახალხო უნივერსიტეტში, ხოლო მერე ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის მხარეთმცოდნეობის ფაკულტეტზე.

   1922 წელს ტრიფონ ჯაფარიძის ინიციატივით ქუთაისის საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების მიერ შეგროვილი მასალების ბაზაზე,  ქუთაისში სახელმწიფო საისტორიო-საეთნოგრაფიო მუზეუმი გაიხსნა და ტრიფონ ჯაფარიძე დირექტორად დაინიშნა. იგი ამ მუზეუმს 1930 წლამდე ხელმძღვანელობდა, ხოლო შემდეგ მის მიმართ დაწყებული კამპანიის გამო გადაიყვანეს მეცნიერ მუშაკად. განუზომელია ტრიფონ ჯაფარიძის დამსახურება ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დაარსებისა და ფონდებით დაკომპლექტების საქმეში.  მისი მოღვაწეობის პერიოდში მუზეუმის ფონდები შეივსო მრავალრიცხოვანი არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული, ნუმიზმატიკური და ჭედური ხელოვნების ძეგლებით, ძველი ხელნაწერი წიგნებითა და ისტორიული დოკუმენტებით.  როგორც საქართველოს სიძველეთა და ხელოვნების ძეგლთა დაცვის რწმუნებული, დიდ ინტერესს იჩენდა ისტორიული ძეგლების აღრიცხვისა და დაცვის საქმისადმი. იგი იკვლევდა, თარგმნიდა და აქვეყნებდა მასალებს და სამუზეუმო საქმიანობას კარგად უთავსებდა სამეცნიერო-კვლევით სფეროში მოღვაწეობას.  ინტერესს იწვევს მისი დახვეწილი მაღალპროფესიული, პუბლიცისტური მემკვიდრეობა, რომელიც ერთი რომელიმე თემით არ არის შემოფარგლული.

   1923 წელს ,,უღმერთოთა კავშირის“ წევრებმა არგვეთის მთავართა, წმინდა მოწამეთა დავით და კონსტანტინეს ნეშტები მონასტრიდან გამოიტანეს და შეურაცხყვეს, ტრიფონ ჯაფარიძის დიდი ძალისხმევის შედეგად წმინდანთა ნეშტი ქუთაისის მუზეუმში იქნა მოთავსებული, რაც იმ პერიოდში გმირობის ტოლფასი იყო.

   1923 წლის ანტირელიგიურ ისტერიას ვერც ქუთაისის საკათედრო ტაძარი ("სობორო") გადაურჩა. ტაძარი რომელიც 18 წელი შენდებოდა ოთხ თვეშ მიწასთან გაასწორეს. იმავე წელს ანტირელიგიური სუსხი გელათსაც შეეხო, ქუთაისის ისტორიული მუზეუმის დირექტორის ტრიფონ ჯაფარიძის დიდძალი ძალისხმევის შედეგად გელათის მონასტრის განძეულობა მძარცველ ბრბოს გადაურჩა. რა თქმა უნდა, ტრიფონ ჯაფარიძის ბრძოლა ეროვნული საგანძურის გადარჩენისათვის შეუმჩნეველი არ რჩებოდათ ყოველგვარი ეროვნულის მოძულე და სხვა პირადი ინტერესებით მისადმი ნეგატიურად განწყობილ პირებს.

    1937 წელს ტრიფონ ჯაფარიძე  დააპატიმრეს ანტისაბჭოთა აგიტაცია-პროპაგანდისა და ანტისაბჭოთა ორგანიზებული ქმედებისათვის გაასამართლეს. უშიშროებას განსაკუთრებით აინტერესებდა მისი კავშირები ექვთიმე თაყაიშვილთან, ნიკო ნიკოლაძესთან და ეპისკოპოს ნესტორ ყუბანეიშვილთან, რომელიც მისი სიმამრი იყო. მასზე განხორციელებული ძალადობის შედეგად მას ჯანმრთელობა შეერყა და ოთხი თვის მძიმე ავადმყოფობის  შემდეგ ქუთაისის ციხის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გამოუქვეყნებელი დარჩა ტრიფონ ჯაფარიძის ხალხური სიტყვიერების ნაშთები: ანდაზები, გამოცანები, ლექსები, შაირები, არაკები და სხვა. ასევე – ლექსიკონი.

   1956 წელს უმაღლესმა სასამართლომ გადასინჯა ტრიფონ ჯაფარიძის საქმე და იგი უდანაშაულოდ სცნეს, ოღონდ 20 წლის დაგვიანებით, როცა ის უკვე ცოცხალი აღარ იყო.

Member of Organizations

  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი (1917-)
  • საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოება, თავმჯდომარე (1891-1921)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი (1912-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების წევრი (1907-)
  • ქუთაისის აღმასრულებელი კომიტეტი, წევრი (1917-1918)
  • ქუთაისის საქალაქო საბჭო, ხმოსანი (1914-1917)

Awards and Honors

  • 1944 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

Bibliography


Share: