The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე

არჩილ კონსტანტინეს ძე ჯორჯაძე
Other name:საბუელი  (Pseudonym)
Date of birth:10 January, 1872
Date of death:21 March, 1913  (at 41 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Publicist, Public Figure, Sociologist, Philosopher

Biography

    არჩილ ჯორჯაძე დაიბადა 1872 წელს თელავის მაზრის სოფელ საბუეთში კახელი თავადის კონსტანტინე ჯორჯაძისა და ტასო მაღალაშვილის ოჯახში. არჩილი ქუთაისის გიმნაზიაში მიაბარეს, ხოლო შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1891 წელს დაამთავრა. გიმნაზიაში სწავლის პერიოდში ჯორჯაძემ შეადგინა წრე, სადაც სალიტერატურო კითხვებს არკვევდნენ და ხელნაწერ ჟურნალ „შრომას“ გამოსცემდნენ.

   1892 წელს არჩილ ჯორჯაძემ სწავლა განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. ხელმოკლეობის გამო, იძულებული იყო, ვარშავაში დეიდასთან, გიორგი ყაზბეგის ოჯახში გადასულიყო. ერთი წლის შემდეგ ისევ პეტერბურგს დაუბრუნდა, ოღონდ ამჯერად საბუნებისმეტყველო ფაკულტეტს და ფილოსოფიის შესწავლაც დაიწყო. ა პერიოდში ევროპაში იმოგზაურა , სადაც სხვადასხვა პოლიტიკურ თუ სოციალისტურ მიმართულებას გაეცნო.

   1901 წელ არჩილ ჯორჯაძე სამშობლოში დაბრუნდა განახლებულ „ცნობის ფურცელში“ დაიწყო მუშაობა. როცა იგი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა, ჩვენს მწერლობაში ძველსა და ახალ თაობას შორის უკვე კამათი იყო გაჩაღებული. იგი თვლიდა, რომ ქართველი ერის ტერიტორია ქართველსავე დარჩეს და ქართული ენა არ გადაგვარდესო... დიდს ყურადღებას აქცევდა კულტურასა და მეზობლებთან ურთიერთობას. ქართველმა ხალხმა უნდა შეიგნოს, რომ „ჩვენი ეროვნული სხეული ღრმად არის დასნეულებული და მის გაჯანსაღებას თვისით შეუდგეს, ისურვოს ერის მთლიანობა და ეს მაშინ იქნება შესრულებული, როცა ქართველი კაცი უშიშრად შეხვდება სიკვდილს“-ო.  ასეთი სიმტკიცისა და გაუტეხაობის მაგალითი თვითონვე იყო: მთელი სიცოცხლე ტანჯვაში განვლო. სიყმაწვილეში ორი და მდინარე წყალწითელაში ბანაობის დროს დაეხრჩო, მესამე და ჭლექით გარდაეცვალა, შემდეგ დედ-მამა, ძმა მოუკლეს, თვითონ ნადირობის დროს უცაბედათ გავარდნილმა თოფის ტყვიამ მარცხენა ხელი მოსწყვიტა და 1887 წელს მოკვეთეს. ჭლექმა შეიპყრო, და მიუხედავად ყველა ამისა, გასაოცარის ხალისით, მხნეობით და მუყაითობით მუშაობდა როგორც თვითმომზადებისთვის, ისევე სამშობლო ქვეყნის საკეთილდღეოდ: რამდენად დიდი უბედურება ატყდებოდა თავსა, იმდენად მეტად უკვირდებოდა ცხოვრებას, აზრით ღრმავდებოდა, რწმუნდებოდა, რომ უბედურება უფრო აღრმავებს კაცის ფიქრსა და გრძნობას. მთელი სიცოცხლე თავაუღებლივ მუშაობდა, უწიგნოდ და უსაწერ-კალმოდ არ ჩერდებოდა. სხეულის ჯანმრთელობაზე ზრუნვა არც კი აფიქრებდა: რად მინდა სიცოცხლე, თუ კი არას გავაკეთებ, მოკლე სულიერი ცხოვრება სჯობია სხეულის ხანგრძლივ სიცოცხლესო. მისი რწმენით „ცხოვრება ჯაჭვია, აწმყო და მომავალი ამ ჯაჭვის რგოლებია, კეთილი და ბედნიერი მომავალი შედეგია კეთილის აწმყოისა და თუ წარსული უვარგისია – კარგის მომავლის იმედიც მცირეაო“.

   საქართველოს რუსეთთან მიერთება ქართველმა თავადაზნაურობამ ზეიმით აღნიშნა, რის წინააღმდეგაც გაილაშქრა არჩილ ჯორჯაძემ. ეროვნული საკითხით დაინტერესებულმა ახალგაზრდების ჯგუფმა ჩამოაყალიბა სოციალისტ-ფედერალისტთა პარტია.

   არჩილ ჯორჯაძე 1902 წლიდან გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოები“ წევრი. მისი საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, პეტრე მირიანაშვილი და იაკობ გოგებაშვილი.

   1902 წელს არჩილ ჯორჯაძე და გიორგი დეკანოზიშვილი თავისუფალი ორგანოს გამოსაცემად პარიზს გაემგზავრნენ და მართლაც, პარიზში მოწყობილ სტამბაში 1903 წლის 1 მაისს გამოსცეს ქართული ჟურნალი „საქართველო“, ფრანგულად - „Lა Gეორგიე“, რომლის რედაქტორი გახლდათ არჩილ ჯორჯაძე. ჟურნალმა ორი წელი იარსება და სულ 25 ნომერი დაიბეჭდა. ამ ჟურნალის გამოცემის დღიდან ჩაეყარა საძირკველი ქართველთა ეროვნულ-ხალხოსნურ მისწრაფებას, საქართველოს თავისუფლების მოთხოვნას. პირველად ამ ჟურნალმა აღძრა საქართველოს პოლიტიკური უფლების საკითხი და ჩამოაყალიბა ავტონომიის პროგრამა.

   1904 წლის აპრილში არჩილ ჯორჯაძის მესვეურობით ფორმალურად ჩამოყალიბდა სოციალისტ-ფედერალისტური სარევოლიუციო პარტია, რომლის ხელმძღვანელები, გარდა ჯორჯაძისა იყვნენ:  გიორგი ზდანოვიჩი, კიტა აბაშიძე, გიორგი ლასხიშვილი, ვასილ რცხილაძე, ფილიპე გოგიჩაიშვილი, გრიგოლ გველესიანი, სამსონ ფირცხალავა, ვალერიან გუნია, ილია აღლაძე და სხვები.

    1905 წელს არჩილ ჯორჯაძე სამშობლოში დაბრუნდა. თბილისში მცირე ხანს შეისვენა, თელავში გადავიდა საცხოვრებლად და ისევ საზოგადოებრივ, პარტიულ და სამწერლო მუშაობას შეუდგა. 1906 წელს, გლეხთა შორის პროპაგანდის გაწევისთვის, „კარგი ორატორობის“ ბრალდებით არჩილ ჯორჯაძე მთავრობამ შეიპყრო, მაგრამ მაზრის მარშლის, მაქსიმილიანე ჭავჭავაძის მეცადინეობით, მალე გაათავისუფლეს.

   პარიზიდან დაბრუნების შემდეგ, დაავადმყოფებული ალექსანდრე ჯორჯაძე  1908-1910 წლებში მთაწმინდაზე, ნინო და არჩილ ყარალაშვილების ბინაში ცხოვრობდა, რომლებიც მას მზრუნველობით უვლიდნენ. სიცოცხლის ბოლო წლები ბათუმში ცხოვრობდა, ჭლექით დაავადებული საწოლს იყო მიჯაჭვული და ასეთ მდგომარეობაში გამალებით წერდა დიმიტრი ყიფიანის მონოგრაფიას.

   არჩილ ჯორჯაძე გარდაიცვალა 1913 წლის 21 მარტს ბათუმში და 24 მარტს თბილისში გადმოასვენეს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

   არჩილ ჯორჯაძემ მთელი თავის ნაწერები „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას“ უანდერძა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების წევრი (1902-)

Bibliography


Share: