The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია

აკაკი მეთოდეს ძე ხოშტარია
Date of birth:1873
Date of death:1932  (at 59 years)
Burial location:პარიზი, პერ-ლაშეზის სასაფლაო
Category:Manufacturer, Public Figure, Philanthropist

Biography

    აკაკი ხოშტარია დაიბადა 1873 წელს აბაშის რაიონის სოფელ სუჯუნაში, ტახტის აზნაურის ოჯახში. აკაკის მამა, მეთოდე ხოშტარია დადიანების მოურავი ყოფილა, განაგებდა სადადიანოს მეურნეობას და ცნობილი იყო თავისი სიდინჯე–გონიერებით. ზოგიერთი ცნობით, მას ევალებოდა სამეგრელოს საეკლესიო მიწების გამგებლობა და სუჯუნის წმინდა გიორგის ხატის დაცვა. დედა - ვარდიკო ავალიანი, საკმაოდ წიგნიერი  და განათლებული ქალი ყოფილა. აკაკიმ  სანკტ-პეტერბურგში სასოფლო-სამეურნეო კოლეჯი დაამთავრა და  რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრაში, პრინც ოლდენბურგთან სუპერინტენდანტად მუშაობდა. მან დაგეგმა და მეთვალყურეობას უწევდა ყველა ბულვარისა და ბაღის მოწყობას მთელს შავიზღვისპირეთის ტერიტორიაზე. მისი უშუალო ხელმძღვანელობითა და დაფინანსებით გაშენდა ახალი ათონის ცენტრალური პარკი, იალტის მთავარი ბაღი, ბათუმის მთავარი ზღვისპირა ბულვარი და  მახინჯაურის ბოტანიკური ბაღი.

     აკაკი ხოშტარია შემთხვევითობის წყალობით ჩაება  სავაჭრო და სამეწარმეო საქმიანობაში.  ახალგაზრდობაში იგი ფოთში მეგობრობდა მეწვრილმანე ვაჭარ, ვინმე ზოდელავასთან. მათ გადაწყვიტეს სავაჭრო გემით ოდესაში ნავთი წაეღოთ სარეალიზაციოდ, მაგრამ ტუაფსეში ამოვარდნილმა ქარიშხალმა გემი თურქეთში გაიტანა, სადაც ნავთი ოქროს ფასად გაყიდეს. აკაკი ამ შემთხვევამ სამეწარმეო საქმიანობაზე დააფიქრა. იგი თურქეთიდან ბაქოში გაემგზავრა და ნავთობმრეწველ მუსა ნაგიევისგან ნავთობსარეწი დანადგარები, ბათუმში კი სავაჭრო აქციები შეიძინა და მთლიანად ნავთობსამრეწველო საქმიანობაზე გადაერთო.

    პირველი მსოფლიო ომის წინა პერიოდში აკაკი ხოშტარიამ ბაქოში ჩამოაყალიბა მსხვილი სამრეწველო კომპანია, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ირანში წარმართავდა სავაჭრო ოპერაციებს. კომპანიაში გაერთიანდნენ ნავთობის ინდუსტრიის ცნობილი მრეწველი-კაპიტალისტები და  ამ ჯგუფს სათავეში ჩაუდგა თავად ხოშტარია, რომელმაც ნავთობის კონცესიები შეიძინა სპარსეთში და ჩამოაყალიბა ფირმა, სახელად „რეპენტო” (Русско-персидское нефеяное товарищество). ეს იყო ყველაზე დიდი და ფინანსურად ყველაზე ძლიერი ფირმა, რომლის მსგავსიც კი ქართველებს ოდესმე შეუქმნიათ და მისი პრეზიდენტი იყო აკაკი ხოშტარია. გარდა ამისა  ხოშტარიამ ბაქოში დააარსა კომერციული ორგანიზაცია – თურქულ-სპარსული „ხოშტარიას ბანკი“, რომელიც  მსოფლიოს წამყვან ქვეყნებთან აწარმოებდა ფინანსურ კომბინაციებს.

    1913 წელს აკაკი ხოშტარიამ  99 წლიანი კონტრაქტი დადო ჩრდილოეთ ირანის მიწათმფლობელებთან და დააარსა კომპანია „პერსლესი”. ხის მორების გადასაზიდად  მან სპეციალური სარკინიგზო ხაზი - „ტალრუდი”ააშენა, რომელიც ირანისთვის პირველი რკინიგზის ხაზი იყო. სამეწარმეო და სავაჭრო საქმიანობით აკაკიმ ირანის შაჰის კარზე დიდი გავლენა მოიპოვა. მას  „ირანის უგვირგვინო შაჰსაც” უწოდებდნენ და პირველი მსოფლიო ომის დასაწყისისთვის, მოიხსენებდნენ როგორც „საქართველოსა და ირანის მნიშვნელოვანი ნაწილის ფაქტობრივ მფლობელს”.

   1914 წელს აკაკიმ დააარსა სატრანსპორტო კომპანია თეირანსა და ფეჰლევს შორის. იგი იყო პირველი, რომელმაც ავტომობილი „ფორდი” შემოიყვანა ირანში, რომელსაც ოქროს ფრთები ჰქონდა და  მან ეს მანქანა საჩუქრად  აჰმედ შაჰს მიართვა.

    თბილისში აკაკი ხოშტარიას ეკუთვნოდა მექანიკური ქარხანა, სამიწათმოქმედო იარაღების ფაბრიკა, საპნის ქარხანა, მეტალურგიული ქარხანა და სხვა. იგი იყო ამიერკავკასიის ბანკის გამგეობის წევრი, დააარსა ტრანსკავკასიური ბანკი და სატრანსპორტო კომპანია. საქართველოს ანექსიის შემდეგ  ხოშტარია ემიგრაციაში წავიდა ჯერ თურქეთში,  შემდეგ პარიზში და 1923 წელს დაბრუნდა თეირანში. ამავე წელს მან მიიღო კონცესიები ნავთობის ექსპლუატაციისთვის სემნანში და დააარსა კომპანია „ქავირეხურიან”. ამ კომპანიის უდიდესი ნაწილი მას ეკუთვნოდა, მაგრამ აკაკის გარდაცვალების შემდეგ (1932 წ.) მისი წილი ავტომატურად გახდა ირანის მთავრობის საკუთრება. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ქონებისა, აკაკის ირანში ჰქონდა საკუთარი რკინიგზა მატარებლებით, მონოპოლია ხე-ტყის, საპნის, ბრინჯის წარმოებაზე, თევზის სარეწები, ვაჭრობდა მატყლით ინგლისელებთან და, რაც მთავარია, იყო ჩრდილოეთ ირანის ნავთობის კონცესიებისა და მთელი ამ ტერიტორიის მიწების კერძო მფლობელი, რომელიც მან შეისყიდა მოჰამედ ალი-შაჰის პირველი მინისტრის, სპასალარის, პროვინცია გილანის მმართველ მოჰამედ ვალი ხანისგან. მის ხელში იყო კასპიისპირა ქალაქ ენზელის ელექტროფიკაციაც, სადაც სერიოზულ კონკურენციას უწევდა ინგლისელებსა და ამერიკელებს.

    აკაკი ხოშტარია საქართველოს ანექსიის შემდეგ ყველანაირად ცდილობდა დახმარებოდა ეკონომიკურად დაუძლურებულ სამშობლოს. სწორედ ამიტომ მას არ უნდოდა ურთიერთობის გამწვავება საბჭოთა რუსეთთან. 20-იანი წლების შიმშილობის დროს კომუნისტების თხოვნით მან  დააარსა კომპანია "საბჭოთა კავშირი და ხოშტარია". ის საკუთარი სახსრებით პურს ირანში ყიდულობდა და ბაქოში გზავნიდა, აქედან კი "ხოშტარიას პური" სხვა ქვეყნებში ნაწილდებოდა. საბოლოოდ, კომუნისტებმა შეპირებული თანხა არ გადაურიცხეს და საერთაშორისო მასშტაბის სკანდალის თავიდან ასაცილებლად, მისი დაპატიმრება გადაწყვიტეს. აკაკიმ გაქცევა მოასწრო, რადგან ბაქოში მიიღო ბუდუ მდივნის საიდუმლო დეპეშა –  წადი, თორემ დაგიჭერენო. ისიც, სასწრაფოდ გემით გაემგზავრა და ასე გადარჩა.

   ფოთში სამსახურის დროს  აკაკი ხოშტარიამ მომავალი მეუღლე - მინადორა ეგნატეს ასული თურქია გაიცნო, რომელმაც მას ღირსეული მეგობრობა გაუწია და დიდი როლიც ითამაშა მის ფინანსურ წარმატებებში. მინადორა დიდი მრეწველის, ფოთის სახელმწიფო ბანკის მმართველის ქალიშვილი იყო. მამამისს ეკუთვნოდა მთელი შავი ზღვის სანაპიროზე არსებული ყველა საკონდიტრო მაღაზია თუ საწარმო, ურთიერთობა ჰქონდა საზღვარგარეთთანაც. მინადორა თურქია-ხოშტარია 1924 წელს ინფარქტით გარდაიცვალა და  დაკრძალულია დულაბის მართლმადიდებლურ რუსულ სასაფლაოზე თეირანში. მისი ცხედარი 1932 წლამდე (აკაკის გარდაცვალებამდე) მუმიფიცირებული იყო ეგვიპტელი სპეციალისტების მიერ. მინადორა ხოშტარიას საფლავზე აგებული სამლოცველო და აკლდამა ქართული სასულიერო ხუროთმოძღვრების ერთადერთი ნიმუშია ირანის ისლამური რესპუბლიკის ტერიტორიაზე.

   მინადორა თურქიას შემდეგ აკაკიმ ცოლად შეირთო ირანის პრემიერ-მინისტრის და. თუმცა, ეს ალბათ, უფრო "საქმიანი" ქორწინება გახლდათ... აკაკის და მინადორას საკუთარი შვილი არ ჰყავდათა ამიტომ მათ იშვილეს გოგონა - მუსინკა, რომელიც პარიზში გათხოვდა მიხეილ ბაგრატიონ-მუხრანელზე და მათ შეეძინათ ქალიშვილი თამარი.

    აკაკი ხოშტარია აქტიურ საქველმოქმედო და საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა. 1907 წელს მან ბაქოდან 8 ათასი მანეთი გამოუგზავნა თბილისში ახალშექმნილ „საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებას",  1915 წელს აბაშის სოფელ სუჯუნაში დედის სახელზე, ევროპელი არქიტექტორების დახმარებით, სახლი ააშენა.  1914 წელს თბილისელთა თხოვნით საჯარო აუქციონზე შეიძინა ცნობილი მრეწველის, დავით სარაჯიშვილის სახლი, რომელიც გადააკეთა, მოაწყო საზაფხულო და ზამთრის ბაღები, იტალიიდან ჩამოატანინა ლომის ფიგურები თუ სხვა ძვირფასი ანტიკვარული ნივთები, რომლის ნაწილი დღემდე მწერალთა კავშირის შენობაშია. გარკვეული ხნის მერე, როცა  გადაწყვიტა საცხოვრებლად საფრანგეთში წასვლა, მისი ახლო ნათესავის–დუტუ მეგრელის მეშვეობით ქართველ მწერლებს ამცნო, რომ სახლსა და ნივთებს უსასყიდლოდ გადასაცემდა მათ. ასე დაიდო ამ სახლში ბინა საქართველოს მწერალთა კავშირმა. 

    ნიკო ნოკოლაძის ინიციატივით აკაკი ხოშტარიამ თავისი ხარჯით გაიყვანა რკინიგზა ფოთსა და აბაშას შორის. სამხედრო-საზღვაო ფლოტის შესაქმნელად  1920 წელს მან საზღვარგარეთ შეიძინა 4 სამხედრო გემი და თვითონვე ჩამოიყვანა საქართველოში. საფრანგეთში ლადო გუდიაშვილისა და ცნობილი კუბისტის, ანდრე ლოტის სურათები შეისყიდა და საჩუქრად გადმოუგზავნა საქართველოს ხელოვნების მუზეუმს. აკაკი ხოშტარიას დაფინანსებით უამრავმა ნიჭიერმა ქართველმა სტუდენტმა მიიღო უცხოეთში განათლება, რომელთაგან ბევრი შემდგომში ცნობილი მეცნიერი გახდა. გარდა ამისა, კონსტანტინოპოლში მის მიერ დაარსებულ თურქულ-სპარსულ ბანკში ჩვენი ქვეყნიდან წასული ქართველები დაასაქმა, რომლებსაც სითბოსა და მზრუნველობას არ აკლებდა.  

    აკაკი ხოშტარია გარდაიცვალა 1932 წელს პარიზის სასტუმროში და დაკრძალულია პერლაშეზის სასაფლაოზე.

    ირანში, გილანის პროვინციაში, კასპიის ზღვის სანაპიროზე მდებარე საკურორტო ქალაქ ენზელში, დღესაც არსებობს აკაკი ხოშტარიას სასახლე უმშვენიერესი ბაღით. პირველ სართულზე სამხედრო–საზღვაო მუზეუმია, მეორეზე კი გამოფენილია აკაკის პირადი ნივთები.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1899-)

Share: