The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი

ალექსანდრე გიორგის ძე ჯაბადარი
Other name:ალ. ჯ-რი.
ალ. ჯაბ-რი  (Pseudonym)
Date of birth:24 June, 1851
Date of death:4 April, 1933  (at 81 years)
Category:Publisher, Interpreter, Journalist, Public Figure

Biography

   ალექსანდრე ჯაბადარი დაიბადა 1851 წლის 24 ივნისს საგარეჯოში.

  თბილისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ სწავლობდა პეტროვსკოე-რაზუმოვსკის სამიწათმოქმედო და სატყეო აკადემიაში (ახლანდელი მოსკოვის ტიმირიაზევის სახელობის სასოფლო-სამეურნეო აკადემია), საიდანაც სტუდენტთა რევოლუციურ მოძრაობაში მონაწილეობისათვის გარიცხეს.

   ალექსანდრე ჯაბადარი სამწიგნობრო-საზოგადოებრივი მოღვაწეობის ასპარეზზე 80-იან წლებში გამოვიდა. 1887 წელს მისი მეთაურობით შედგა „ქართველთა წიგნების გამომცემელი ამხანაგობა“, რომლის თავმჯდომარედ თავად იქნა არჩეული. იაკობ მანსვეტაშვილისგან შეძენილი  ძველი ყაიდის სტამბა გააფართოვა და საფრანგეთიდან პირველმა გამოიწერა მარინიონის სწრაფმბეჭდავი მანქანა, რამაც ბეჭდვის საქმე ძალზედ დააწინაურა. სტამბასთან პირველმა გახსნა ასოთჩამომსხმელი და საქართველოსა და ამიერკავკასიაში პირველი ცინკოგრაფია. მანამდე კლიშეები რუსეთსა და საზღვარგარეთ მზადდებოდა. ჯაბადარმა გამართა პირველი ელსადგური და საბეჭდი მანქანები ელექტრონის ძალით აამუშავა, გააჩინა სხვადასხვა ენისა და ზომის შრიფტი, სასტამბო შენობა გააფართოვა, ასოთამწყობი მუშები სარდაფიდან ნათელ დარბაზში ამოიყვანა, პირობები გაუუმჯობესა და 8 საათიანი სამუშაო დღე დაუწესა. ჯაბადარმა ამხანაგობის დაარსების პირველი 3-4 წლის განმავლობაში საუცხოოდ გამოსცა ქართველ გამოჩენილ მწერალთა თხზულებანი.

    1894 წელს დააარსა და 1895 წლის ჩათვლით გამოსცემდა თანამედროვე ევროპული ყაიდის თვიურ ჟურნალ „მოამბეს“, რომლის რედაქტორი თავდაპირველად ალექსანდრე  ჭყონია გახლდათ, მერე კი თვითონვე ჩაუდგა სათავეში და იყო მისი სულისჩამდგმელი და საუკეთესო მმართველი.

     1899 წლიდან ვალერიან გუნიასგან შეიძინა „ცნობის ფურცელი“ და 1901 წელს ამ გამოცემის რედაქტორი გახდა. გაზეთი ნამდვილ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი შინაარსის ორგანოდ გარდაქმნა, ზედ მოაყოლა მისი ყოველკვირეული "სურათებიანი დამატება", რომელსაც „მოამბესთან“ ერთად გამოსცემდა.

   1901 წელს ქართული კარიკატურის შექმნის მიზნით, მუდმივ თანამშრომლად მოიწვია კარიკატურისტ-მხატვარი ოსკარ შმერლინგი, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა პოლიტიკურ-საზოგადოებრივ კარიკატურას. რედაქციაში შემოიკრიბა ქართველთა მოწინავე ეროვნული და საერთაშორისო იდეალებით გატაცებული ახალი თაობა: გიორგი ლასხიშვილი, შაქრო ბილანიშვილი, ვლადიმერ ლორთქიფანიძე, სამსონ ფირცხალავა, გრიგოლ რცხილაძე, ილია აგლაძე, არჩილ ჯორჯაძე, კიტა აბაშიძე და სხვები. ჯაბუშანურის ხელში „ცნობის ფურცელმა“ განსაკუთრებული ეროვნულ-ხალხური გეზი აიღო, რის გამოც შეტაკება მოუხდა ერთის მხრივ ძველი თაობის, ვიწრო წოდებრივ-ეროვნულ მისწრაფებათა დამცველ დასთან, მეორეს მხრივ – ეროვნული საკითხის აბუჩად ამღებ – მარქსისტული მიმდინარეობის მომხრეთა – მესამე დასთან.

    ალექსანდრე ჯაბადარმა აქტიური მონაწილეობა მიიღო სოციალ-ფედერალისტთა პარტიის ჩამოყალიბებაში. მის ხელში „ცნობის ფურცელმა“ ეროვნულ-სოციალური გეზი აიღო და პოლიტიკურ პროგრამად დაისახა ფედერაციული კავკასიის ეროვნებათა ძმური თანასწორი უფლების შეკავშირება საკუთარი ეროვნული მმართველობის შემოღებით და კავკასიისათვის საერთო სეიმის დაწესებით, რუსეთის სხვა ეროვნებათა უფლებრივ-მოქალაქეობრივი გათანასწორება, ავტონომიური მმართველობის შემოღება. გაზეთი იბეჭდებოდა დიდი ტირაჟით.

    ჯაბადარის დახმარებითა და პირდაპირი მონაწილეობით პარიზში შეიქმნა ქართველ ავტონომისტთა ჯგუფი ჟურნალ „საქართველოთი“, ქართულ და ფრანგულ ენებზე, რომელმაც საძირკველი ჩაუყარა საქართველოს სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის შექმნას. სხვათაშორის, მისი თაოსნობით შექმნილ სტამბაში  არალეგალური წიგნები და პროკლამაციებიც იბეჭდებოდა.

   ალექსანდრე ჯაბადარმა გამოსცა „დონ კიხოტი“, დაიწყო საყმაწვილო ჟურნალ „ნაკადულის“ ბეჭდვა. ამავე სტამბაში იბეჭდებოდა სომხური გაზეთი  „მშაკი“, რუსული „Новое обозрение“ და სხვა.

     1905 წელს 10 დეკემბრის „ცნობის ფურცელის“ ნომერში, მოსკოვის მუშათა კავშირის საერთო გაფიცვის გამოცემული მოწოდების დაბეჭდვისათვის ჯაბადარი დააპატიმრეს და 2 თვით ციხე მიუსაჯეს.

      1905-1906 წლების რევოლუციური მოვლენების დამამტკიცებელი საბუთების დაბეჭდვისთვის, თბილისის გენერალ-გუბერნატორმა ტიმოფეევმა, გაზეთი დაუხურა , ხოლო თავად ჯაბადარი თბილისიდან გააძევა.

    1906–1908 წლებში ჯაბადარი ქართული დრამატული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარედ და ქართული თეატრის დირექტორად მუშაობდა, ხოლო რევოლუციის შემდეგ – საქართველოს სავაჭრო პალატის თავმჯდომარედ.

     ქართველმა საზოგადო მოღვაწემ, რედაქტორ-გამომცემელმა და ქართული კარიკატურის ფუძემდებელმა ალექსანდრე ჯაბადარმა, თავისი მდიდარი და იშვიათი ბიბლიოთეკა სიცოცხლეშივე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გადასცა.

   ალექსანდრე ჯაბადარი გარდაიცვალა 1933 წლის 4 აპრილს თბილისში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1894-1899)

Bibliography


Share: