The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სიმონ გურგენის ძე მდივანი

სიმონ გურგენის ძე მდივანი
Legal name:სვიმონ გურგენის ძე მდივანი
Date of birth:20 October, 1876
Date of death:13 December, 1937  (at 61 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Politician, Chemist

Biography

     სიმონ (სოსიკო) მდივანი დაიბადა 1876 წელს ქუთაისის მაზრის დაბა ხონში, აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება  ხონის  სკოლაში მიიღო და საშუალო განათლების კურსი  ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში დაასრულა, სადაც  მოსწავლეთა თვითგანვითარების წრეებში მონაწილეობდა და სოციალისტური იდეოლოგიით იყო დაინტერესებული.

    სიმონ მდივანმა უმაღლესი განათლება ნოვოროსიის (ოდესის) უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე მიიღო, სადაც სტუდენტურ მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობდა.  სწავლის დასრულების შედეგ ოდესის თვითმმართველობაში  ქიმიკოსად მუშაობდა.

    1905 წელს  მდივანი საქართველოში დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო რევოლუციურ მოძრაობაში. მისი ძმა ბუდუ (პოლიკარპე) მდივანი ამ დროისათვის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის „ბოლშევიკების“ ფრაქციის წევრი და პარტიის იმერეთ-სამეგრელოს კომიტეტის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

    სიმონ მდივანი 1905 წლიდან  საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა რევოლუციური პარტიის წევრი გახდა და შემდგომ წლებში მუდმივად  პარტიის მთავარი კომიტეტის წევრი გახლდათ. რევოლუციის დამარცხების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა ბათუმში, სადაც  „საურთიერთო ნდობის საზოგადოების“  ბანკის თავმჯდომარედ იყო არჩეული.

   1906 წელს, სიმონ მდივანი, როგორც  გაზეთ „Черноморское эхо“-ს რედაქტორი პასუხისგებაში მისცეს, გაზეთის გამოცემა კი აიკრძალა. 

    არჩეული იყო ბათუმის ქალაქის თვითმმართველობის ხმოსნად. რედაქტორობდა პარტიის ყოველდღიურ გაზეთს.

    1917 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს და 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

   1918 წლიდან საქართველოს სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა  სომხეთის რესპუბლიკაში.

    1919 წლის 12 მარტს არჩეული იქნა საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად  სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის სიით და გახლდათ გარეშე საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, სამხედრო და საბიუჯეტო-საფინანსო კომისიების მდივანი და გზათა კომისიის წევრი. არჩეული იყო დამფუძნებლი კრების თავმჯდომარის ამხანაგად.

    1921 წლის დასაწყისში  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიან წარმომადგენლად დაინიშნა თურქეთში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ სტამბოლში დარჩა  და აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენისათვის ბრძოლაში.

    1922 წლის გაზაფხულზე გახლდათ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი, რომელიც გენუის კონფერენციაზე საქართველოს დეოკუპაციის საკითხის დასაყენებლად გაემგზავრა. ამავე პერიოდიდან მუშაობდა „სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში“ და აქტიურად მონაწილეობდა კავკასიის დაპყრობილი ერების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებებში ბოლშევიკური ოკუპაციის წინააღმდეგ საბრძოლველად ერთიანი ორგანიზაციის ჩამოსაყალიბებლად.

   1926 წლიდან პოლონეთის  მხარდაჭერით ჩამოყალიბებულ  „კავკასიის გათავისუფლების კომიტეტში“  ქართული მხარის წარმომადგენლად სხვებთან ერთად სიმონ მდივანიც მუშაობდა და მონაწილეობდა კომიტეტის ჟურნალ „პრომეთეს“ ფრანგულ ენაზე გამოცემაში. ასევე იყო ვარშავის „პრომეთეს“ კლუბის წევრი.

    1928 წელს საბჭოთა კავშირის წარმომადგენლების თხოვნით თურქეთის მთავრობამ სიმონ მდივანი სტამბოლიდან არაოფიციალურად გააძევა, რის შემდეგაც იგი პარიზში გადასახლდა და აგრძელებდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას. აქტიურად მონაწილეობდა „კავკასიის კონფედერაციის საბჭოს“ ფორმირებაში.

    სიმონ მდივანი გარდაიცვალა 1937 წლის 13 დეკემბერს პარიზთან ახლოს სოშოში და დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.

Member of Organizations

  • გენუის კონფერენცია, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციის წევრი (1922-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სრულუფლებიანი წარმომადგენელი თურქეთში (1921-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა რევოლუციური პარტია, წევრი (1905-)
  • საქართველოს სრულუფლებიანი წარმომადგენელი სომხეთის რესპუბლიკაში (1918-)
  • ქალაქ ბათუმის თვითმმართველობა, ხმოსანი
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1908-1915)

Share: