The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქ.შ.წ.კ.გ საზოგადოების წევრები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საძიებელი ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი (ქშწკგ) საზოგადოების ყველა წევრს აერთიანებს, რომლებიც გაწევრიანდნენ ამ საზოგადოებაში მისი დაარსებიდან ლიკვიდაციამდე (1879–1927).

ეროვნული ბიბლიოთეკა მოგმართავთ თხოვნით, თქვენი წინაპრების ან ნათესავების ამ ბაზაში აღმოჩენის შემთხვევაში გამოგვიგზავნოთ მათი მონაცემები ბაზაში განსათავსებლად. საკონტაქტო ტელეფონი: 599548291.



იოსებ (ოსიკო) კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი

იოსებ (ოსიკო) კონსტანტინეს ძე მაჭავარიანი
სხვა სახელი:კვიმატი  (ფსევდონიმი)
მ-ანი  (ფსევდონიმი)
დაბადების თარიღი:3 ნოემბერი, 1873
გარდაცვ. თარიღი:18 სექტემბერი, 1937  (63 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:უცნობია (დახვრეტილი)
კატეგორია:ადვოკატი, დამფუძნებელი წევრი, იურისტი, პოლიტიკოსი, რეპრესირებული

ბიოგრაფია

    იოსებ  მაჭავარიანი დაიბადა 1873 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ილემში, აზნაურის ოჯახში. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი,  შემდგომ წლებში თბილისში ნაფიც ვექილად მუშაობდა და სხვადასხვა ფსევდონიმებით ეროვნულ-დემოკრატიული მიმართულების პრესაში თანამშრომლობდა. მეფის რეჟიმის პერიოდში  იყო პოლიტიკური საბაბით დაპატიმრებული.

     საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის დაარსებიდანვე იყო წევრი და პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარის ამხანაგი.

    1917 წელს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის მიერ მოსკოვის „სახელმწიფო თათბირზე“ და კიევში, რუსეთში მცხოვრებ ეროვნებათა ყრილობაზე იყო წარგზავნილი.

    1917 წელს აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად.

     1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს და იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით და  იურიდიული, სარედაქციო და სახალხო ჯანმრთელობის კომისიებში მუშაობდა.

    1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში.  იყო დამცველთა  (ადვოკატთა) კოლეგიის წევრი.

    1922 წლის 10 თებერვალს საქართველოს ოკუპაციის წლისთავისათვის დაგეგმილი საპროტესტო მანიფესტაციების თავიდან არიდების მიზნით სხვა ლიდერებთან ერთად  დააპატიმრეს და მოთავსებული იყო მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“  იზოლაციის წესით. პატიმრობიდან გაათავისუფლეს 1922 წლის  ნოემბერში.

     იოსებ მაჭავარიანი 1923 წელს ბოლშევიკური რეჟიმისა და მისი უშიშროების ორგანოების მხრიდან ზეწოლით და ტერორის გამოყენებით მიმდინარე პარტიების „თვითლიკვიდაციის“ კამპანიის დროს  საქართველოს გაერთიანებული ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის „თვითლიკვიდაციის“ პროცესს ხელმძღვანელობდა.

    1925 წლის ივლის-აგვისტოში იცავდა ბრალდებულთა ჯგუფს ე.წ. „პარიტეტული კომიტეტის“ პროცესზე, სადაც 47 პოლიტპატიმარი გაასამართლეს 1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების ორგანიზების ბრალდებით.

    1928 და 1934 წლებში იოსებ მაჭავარიანი პოლიტკური საბაბით იყო დაპატიმრებული. თუმცა ბრალდების დაუსაბუთებლობის გამო გაათავისუფლეს.  შემდგომ წლებში აგრძელებდა მუშაობას ადვოკატთა კოლეგიაში.

    1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს „კონტრრევოლუციონერობის“ ბრალდებით იოსებ მაჭავარიანი თბილისში დააპატიმრეს.

    1937 წლის 17 სექტემბერს სსრკ უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელმა სესიამ  მას დახვრეტა მიუსაჯა და 18 სექტემბრის ღამე სასჯელი სისრულეში იქნა მოყვანილი.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ადვოკატთა კოლეგია, წევრი
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1909-)

გააზიარე: