The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი (თავადი)

მიხეილ ვახტანგის ძე მაჩაბელი
Other name:მ. ტფილელი  (Pseudonym)
Date of birth:15 November, 1858
Date of death:9 December, 1927  (at 69 years)
Burial location:თბილისი, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Agronomist, Publicist, Public Figure

Biography

   მიხეილ მაჩაბელი დაიბადა 1858 წლის 15 ნოემბერს თბილისში.

   1878 წელს დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი და სწავლა განაგრძო მოსკოვის პეტროვსკო-რაზუმოვსკის აკადემიაში, მაგრამ დიპლომი ვეღარ მიიღო სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო და ჟანდარმერიის განკარგულებით, მოსკოვიდან იქნა გაძევებული.

   1879 წელს მისი მონაწილეობით დაარსდა მოსკოვის ქართველთა სათვისტომო.

   1883-1885 წლებში, სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, თბილისის თვითმმართველობის შემოსავალ-გასავლის განყოფილების გადახალისებაში მონაწილეობდა და ხარჯთამკრებ სავაჭრო ზედამხედველთა უწყებას ედგა სათავეში. აქტიურად მოღვაწეობდა  კავკასიის სასოფლო-სამეურნეო, რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოებისა და საქართველოს ეთნოგრაფიულ საზოგადოებებში. იგი სისტემატურად აკეთებდა მოხსენებებს, აწყობდა ექსპედიციებს, გამოიკვლია თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ცხოვრების პირობები და აღწერა აქაური მოსახლეობის მიწათსარგებლობის წესი.

   1887-1892 წლებში მიხეილ მაჩაბელი თბილისის ხმოსანი იყო და მისი თაოსნობით  შეიქმნა ქართველთა პირველი ამომრჩეველთა ჯგუფი, რომელმაც თბილისის საქალაქო არჩევნებში სომხის ბურჟუაზია დაამარცხა.

    მიხეილ მაჩაბელი თბილისის თავადაზნაურთა საბანკო კრებებზე გამოირჩეოდა, როგორც ოპოზიციის ერთი მთავარი ძალა. მისი თაოსნობით, თბილისის თავადაზნაურობის წინამძღოლების – ივანე  ბაგრატიონ-მუხრანბატონისა და დავით მელიქიშვილის შუამდგომლობით, თბილისის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკმა წესად შემოიღო ბანკის თანხები მოგებითურთ თავადაზნაურობას გადასცემოდა საკუთრებად, რათა დაკმაყოფილიყო სოფლის მეურნეობის საზოგადო საჭიროებანი. 1907 წელს,  მისივე თაოსნობით, თავადაზნაურობამ შექმნა საადგილმამულო კომისია ქართველ მეურნეთა დასახმარებლად, მამულის საკუთრებად შეძენისა და დამუშავებისათვის, რომელსაც თავად თავმჯდომარეობდა.

   მიხეილ მაჩაბელი 1909 და 1915 წელს მიწვეული იყო სრულიად რუსეთის თავადაზნაურთა კრებაზე სახელმწიფო საბჭოს წევრთა ასარჩევად, სადაც სიტყვაც წარმოთქვა ქართველი ერის უფლებათა და ილია ჭავჭავაძის პიროვნების დასაცავად, როცა რუსმა უკიდურესმა მემარჯვენეებმა, საბჭოს წევრების არჩევის დროს, განაცხადეს: ქართველთაგან ილია ჭავჭავაძეც ავირჩიეთ, მაგრამ მემარცხენე გამოდგაო.

    1910-1913 წლებში მაჩაბელი სამწერლო ასპარეზზე გამოვიდა. იგი ფაქტიურად რედაქტორობდა  რუსულ გაზეთს „Закавказье“-ს. სამიწათმფლობელო და საგლეხო საზოგადო ხასიათის წერილებს აქვეყნებდა ქართულ-რუსულ გაზეთებში და თავგამოდებით იცავდა მშრომელი ხალხის ქონებრივ-უფლებრივ ინტერესებს.

    1914 წელს ქართული საქველმოქმედო საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო და მისი ხელმძღვანელობით, გამგეობა და საზოგადოება თავგამოდებით მუშაობდა დაზარალებული ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მან საფუძველი ჩაუყარა საქართველოს შინამრეწველ ხელოსანთა კოოპერაციასა და კავშირს.

   1915-1917 წლებში მაჩაბელი ინტერპარტიულ კრებებს ხელმძღვანელობდა, რომელსაც დავალებული ჰქონდა ქართველთა შორის საზოგადო აზრის, გაერთიანებული მოქმედებისა და მეზობელ ერებთან დამოკიდებულების საფუძველთა შემუშავება. სწორედ ამ ქართული საქველმოქმედო საზოგადოებისა და ინტერპარტიული კრებების მეოხებით გადარჩა აჭარა-ქობულეთის და სხვა ქართველი მუსლიმანობა აკლება-აოხრებას.

    1917 წელს მიხეილ მაჩაბელი სრულიად საქართველოს საეკლესიო კრებამ საკათალიკოსო საბჭოს წევრად აირჩია, ხოლო იმავე წელს  საქართველოს ეროვნულმა ყრილობამ  ეროვნული საბჭოს წევრად.არცერთ საზოგადო თანამდებობაზე ხელფასს არ იღებდა და  საზოგადო საქმეში სამსახურისთვის ჯამაგირის აღების მუდამ წინააღმდეგი იყო. მას მიღებული ჰქონდა რუსეთის მაღალი საიმპერიო ორდენები და მედლები (სტანისლავსკის, ანას, ვლადიმირის).

     მიხეილ მაჩაბელი აქტიურ მოღვაწეობას ეწეოდა კავკასიის გეოგრაფიულ და სასოფლო-სამეურნეო საზოგადოებებში, გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“,  „ქართული დრამატული საზოგადოების“, „საქართველოს საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოების“ წევრი და კახეთის რკინიგზის მშენებლობის კომისიის წევრი.

     საქართველოს ბოლშევიკური ოკუპაციის შემდგომ მაჩაბელი სამშობლოში დარჩა, ჩამოშორდა პოლიტიკურ მოღვაწეობას და მუშაობა დაიწყო საქართველოს მიწათმოქმედების სახალხო კომისარიატში შინა მრეწველობის განყოფილების გამგედ. 1923 წელს სამსახურიდან გაანთავისუფლეს, თუმცა მომდევნო წელს იმავე თანამდებობაზე აღადგინეს. იყო საქართველოში ხელოსნური მრეწველობის კოოპერაციის ჩამოყალიბების აქტიური მონაწილე. მას, როგორც სპეციალისტს, დიდი ღვაწლი მიუძღვის ამ დარგის აღორძინებისა და ორგანიზაციის საქმეში. ავტორია წიგნისა - „გამოკვლევა თიანეთის მაზრის სახელმწიფო გლეხთა ეკონომიკური ყოფა-ცხოვრება“

    მიხეილ მაჩაბელი გარდაიცვალა 1927 წლის 9 დეკემბერს და  დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

Member of Organizations

  • ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, წევრი
  • საქართველოს ეროვნული საბჭო (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1884-1911)

Bibliography


Share: