The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი (თავადი)

ვასილ გიორგის ძე მაჩაბელი
Date of birth:1845
Date of death:1918  (at 73 years)
Burial location:თბილისი, ვერის წმ. ნიკოლოზის ეკლესია
Category:Lawyer, Lawyer, Public Figure

Biography

    ვასილ მაჩაბელი დაიბადა 1845 წელს სოფელ თამარაშენში. იგი გახლდათ ივანე მაჩაბლის უფროსი ძმა. 13 წლის ვასილი ჰაკეს პანსიონში მიაბარეს, საიდანაც სწავლა თბილისის გიმნაზიაში გააგრძელა.

    1865 წელს ვასილ მაჩაბელმა  პეტერბურგის უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტზე  ჩააბარა, რომელიც 1870 წელს დაამთავრა. იგი დიდხანს ცხოვრობდა პეტერბურგში. სახელმწიფო სამსახურის შემდეგ ნაფიცი ვექილის ვ. გერარდის თანაშემწედ მუშაობდა, ხოლო 1876 წლიდან პეტერბურგის სასამართლოს საოლქო პალატაში მსახურობდა. პეტერბურგშივე 1873-1894 წლებში ვასილ მაჩაბელი ნიკო მინგრელსკის იურისკონსულტანტი გახლდათ. 1885 წელს მისი და იონა მეუნარგიას რჩევით ნიკომ  დავით დადიანის უმდიდრესი ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი წერა-კითხვის საზოგადოებას გადასცა, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაშია დაცული. „დროებაში“ ნიკო მინგრელსკის ვასილ მაჩაბლის სახელზე დაწერილი წერილიც გამოქვეყნდა.

     ვასილ მაჩაბელი მეგობრობდა ილია ჭავჭავაძესთან, თუმცა ილიას და ივანე მაჩაბელს შორის ატეხილმა კონფლიქტმა მათი მეგობრული ურთიერთობაც გააფუჭა. 

    1879 წლიდან ვასილ მაჩაბელი "ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი იყო და ერთიანად შეიტანა 300 მანეთი საწევრო გადასახადი.

    1886 წელს ვასილი საქართველოში ბრუნდება და თბილისში იუსტიციის უწყებაში იწყებს მუშაობას.  1890 წელს ტყის მრეწველთან, პროფესორ ილია ოქრომჭედლიშვილთან ხელშეკრულებით ლეჩხუმისა და სვანეთის ტყეების ექსპლუატაცია მოახდინა.

    1880 წელს „შახმატნი ჟურნალის“ ინფორმაციით, ვასილის რეზიდენციაში, გაიმართა ტურნირი შვიდი მოჭადრაკის მონაწილეობით. ფრანგულმა ჟურნალმა „ სტრატეჟიე“-მ ყველა მათგანი მოიხსენია: ანდრია დადიანი, ვასილ მაჩაბელი, სერგეი კოსტროვიცკი, ბობრიშჩევ-პუშკინი, ვლადიმირ ლიზელი, ჟემჩუჟნიკოვი და თავადი ა. ერისთავი. ეს ტურნირი ანდრია დადიანის გამარჯვებით დამთავრებულა.

    მეცხრამეტე საუკუნის ქართულ რეალობაში ვასილ მაჩაბელი საკმაოდ გავლენიანი ფიგურა ყოფილა. იაკობ მანსვეტაშვილის მოგონებებიდან: „ ჩემს დროს ქართველ სტუდენტობას საკუთარი წრე ჰქონდა შედგენილი. ვიკრიბებოდით დროგამოშვებით ვასო მაჩაბლის ბინაზე, ლიტვინის პროსპექტზე. ვასო მაჩაბელი უფროსი ძმა იყო ვანო მაჩაბლისა, ცნობილი ქართველი მოღვაწისა. კრებებზე ხშირად ოცდაათ კაცამდე მოიყრიდა ხოლმე თავს და როგორც ახალგაზრდობას შეეფერება ცხარე  სჯა-ბაასი იმართებოდა. უმთავრესი საგანი, სჯა-ბაასისა იყო ჩვენი სამშობლოს მომავალი სვე-ბედი. ჩვენს კრებებს ესწრებოდნენ აკაკი, ნიკო ნიკოლაძე, როდესაც კი პეტერბურგში ყოფნა მოუხდებოდა, ერთხელ დიმიტრი ყიფიანიც კი გვეწვია და ჩვენს კამათში ჩაერთო“.

   ვასილ მაჩაბელს მრავალი სასიკეთო საქმე აქვს გაკეთებული. როგორც სჩანს, ის თავისი ძმის ჩრდილქვეშ მოჰყვა და მისი დამსახურება სათანადოდ არ არის დაფასებული.  ვასილ მაჩაბელს განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა თავის უმცროს ძმასთან ივანესთან. მისი გაუჩინარების შემდეგ მან დაიწყო მასზე მოგონებების წერა. ივანეს მეუღლესთან - ტასო ბაგრატიონთან გაგზავნილ ბარათში, ის წერს, რომ მემუარები გადასათეთრებელია, რადგან „მე თუ არ ვუჩვენე, საიდან სად გადავიდეს და როგორ წაიკითხოს, უცხო ვერას გაიგებსო“. დღეისათვის ეს მემუარები დაკარგულია.

    ვასილ მაჩაბელის შვილი გახლდათ გიორგი მაჩაბელი, რომელიც საქართველოდ დამოუკიდებლობის პერიოდში იტალიაში საქართველოს ელჩი იყო და ბოლშევიკური ოკუპაციის შემდეგ საცხოვრებლად ამერიკაში წავიდა, სადაც შექმნა სუნამოების კომპანია "პრინცი მაჩაბელი".

      ვასილ მაჩაბელი  1918 წელს თბილისში გარდაიცვალა და დაკრძალულია ვერის წმ. ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ცხინვალის განყოფილების წევრი (1915-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1904-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Home
    Address:სანკტ–პეტერბურგი, ლიტეინის ქ. N 51

Share: