The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი

კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილი
Legal name:კონსტანტინე ქაიხოსროს ძე მამაცაშვილი
Date of birth:25 November, 1815
Date of death:3 September, 1900  (at 84 years)
Burial location:მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონი
Category:Public Figure, Military Person

Biography

   კონსტანტინე მამაცაშვილი დაიბადა 1815 წლის 25 ნოემბერს სოფელ რუისში. სწავლობდა  გორის სასწავლებელში და შემდეგ სწავლა გააგრძელა თბილისის კეთილშობილთა სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ პეტერბურგის კადეტთა კორპუსში ჩააბარა და კადეტთა კორპუსის დამთავრების შემდეგ კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადაში გაამწესეს. აქედან მოყოლებული მონაწილეობდა კავკასიაში წარმოებულ ყველა ომში.

   1837 წელს მეფის ჯარში ოფიცრად დაიწყო სამსახური და თავისი სიმამაცით უმაღლეს ხარისხს მიაღწია. მონაწილეობდა ჩეჩნეთთან ომში, ჩოლოქთან იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ, 1859 წელს დაღესტნის მიუვალი სოფლების აღებისთვის ოქროს ხმლით დაჯილდოვდა, რომელსაც ამშვენებდა წარწერა:  „სიმამაცისთვის“. 1869 წელს გენერალ-ლეიტენანტის ჩინი ებოძა და საოლქო არტილერიის უფროსის თანამდებობას ასრულებდა.

   1877 წელს კონსტანტინე მამაცაშვილი  განჯის გუბერნიის მმართველად და ჯარების უფროსად დაინიშნა. მისი მეთაურობით ნუხასთან ლეკთა 4 000 კაცისგან შემდგარი მტერი დაამარცხა, რის გამოც მადლიერმა ნუხელებმა ვერცხლის თასი მიართვეს წარწერით: „ღენერალ-ლეიტენანტს კონსტანტინე ქრისტეფორეს ძე მამაცაშვილს მადლიერ მოქალაქეთაგან, ქალაქის ნუხის დახსნისათვის. 1877 წ.“

   კონსტანტინე მამაცაშვილი გამოჩენილი გენერალი და ერთ-ერთი საუკეთესო სარდალთაგანი გახლდათ. რუსეთის ჯარის გენერალი სამშობლო ქვეყნის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც მხურვალე მონაწილეობას ღებულობდა. იგი ცნობილი იყო, როგორ ზედმიწევნით ნაკითხი და განათლებული პიროვნება. განსაკუთრებულია მისი როლი ბატონყმობის გადავარდნისა და სწავლა-განათლების საქმეში, რითაც ერის სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა. მამაცაშვილი მთავრობას ურჩევდა გლეხები მიწით უნდა გავათავისუფლოთ, რადგან უმიწოდ „თავისუფლება იმათთვის ტყვეობაზედ უარესი იქნებაო“, რადგან „რომელსა კაცსა ადგილ-მამული არ გააჩნია, მას არც ბედნიერება ესიამოვნება ქვეყნისა და არც უბედურება შეაწუხებს“-ო.

   1879 წელს, კონსტანტინე მამაცაშვილი თბილისის გუბერნიის კრებაზე წინადადებით გამოვიდა, რათა თითოეულმა თავად-აზნაურმა, ყოველ წელს ხარჯი გაიღოს და საკუთარი გიმნაზია დააარსოსო. თავად მან, გ. ერისთავთან ერთად, თბილისის სათავადაზნაურო სკოლა დააარსა. მისი გამგე კომიტეტის თავმჯდომარე იყო და სკოლის წარმატებას ყოველმხრივ ხელს უწყობდა. მისი რწმენით „მეცნიერება უნდა ისწავლებოდეს საზოგადო განათლების სკოლებში, ხოლო მეცნიერების მოხმარება ცხოვრებაში - სპეციალურ... რადგან საზოგადო განათლების სკოლა არის დედა სპეციალურისა“-ო. ნეტავი არ იქნება „ ბევრი სკოლები დაგვეარსებინოს საქართველოში, ეს მუდამ ჩემი სანატრელი სურვილი იყო, მაგრამ მარტო სააგრონომო სკოლები ვერ დაგვიხსნიან სიღარიბისგან, თუ შრომას არ შევეჩვიეთ. თუ ჩვენი ზნეობა, რომელსაც ბევრი ნაკლი აქვს, არ შევცვალეთ ისე, რომ ყოველს კეთილს საქმეში მხარი მივცეთ ერთმანეთს და არ მოვსპოთ ერთმანეთში უბრალო თავისმოყვარეობით ქიშპობა და ჩვენც არ გავერიეთ ვაჭრობასა და აღებ-მიცემობაში“-ო.

   კონსტანტინე მამაცაშვილი გახლდათ თბილისის საბჭოს ხმოსანი, სატექნიკო საზოგადოების წევრი, სამეურნეო საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და 1879 წელს „ქართველთა შორის წერა-კითხვის საზოგადოების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. სხვათაშორის 1882 წლის 6 ივნისს, მან კრებაზე უარი განაცხადა დამფუძნებელი წევრის წოდებაზე და გადავიდა ნამდვილ წევრთა სიაში.

   1884 წელს, ავადმყოფობის გამო, მამაცაშვილმა თავი დაანება სამხედრო სამსახურს და აქტიურად ჩაება ქვეყნის კულტურულ-საზოგადოებრივ საქმიანობაში. მისი მეგობრები იყვნენ ნიკოლოზ ბარათაშვილი, გრიგოლ და ვახტანგ ორბელიანები, დიმიტრი ყიფიანი, მიხეილ თუმანიშვილი და სხვები. დიმიტრი ყიფიანთან ერთად მან დიდი ღვაწლი დასდო სათავადაზნაურო ბანკს, სადაც ის დიდხანს იყო ზედამხედველი კომიტეტის თავმჯდომარე და ყოველი ღონით ცდილობდა ბანკის საქმეების მყარ ნიადაგზე დაყენებას.

   კონსტანტინე მამაცაშვილი გახლდათ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიის ერთ-ერთი დამაარსებელი. აღსანიშნავია მისი განსაკუთრებული ყურადღება მაჰმადიან ქართველებზე. ზოგი მათგანი მან თბილისშიც ჩამოიყვანა, ასწავლა და გიმნაზია დაამთავრებინა, შემდეგ უმაღლესშიც ჩააბარებინა.

    კონსტანტინე მამაცაშვილი თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში, კერძოდ, წერდა საქართველოს სვე-ბედსა და მომავალზე, სასოფლო-სამეურნეო, საგანმანათლებლო-სასკოლო და სხვა საკითხებზე. კონსტანტინე გახლდათ ნიკოლოზ ბარათაშვილის უახლოესი მეგობარი და პირველად, სწორედ მან დაწერა პოეტის ბიოგრაფია.

   კონსტანტინე მამაცაშვილი გარდაიცვალა 1900 წლის 3 სექტემბერს და დაკრძალულია დიდუბეში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1882-1899)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Awards and Honors

  • 1860 - ოქროს ხმალი
    მამაცობისათვის
  • 1854 - წმინდა გიორგის IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის III ხარისხის ორდენი

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, კუკია

Share: