The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე (თავადი)

ანტონ ნიკოლოზის ძე ლორთქიფანიძე
Date of birth:1847
Date of death:October, 1894  (at 47 years)
Burial location:ქუთაისი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გორაზე
Category:Lawyer, Public official, Public Figure

Biography

    ანტონ ლორთქიფანიძე დაიბადა 1847 წელს ქუთაისის მაზრის სოფელ გოჩა-ჯიხაიშში თავად ნიკოლოზ ლორთქიფანიძისა და ირინე ღოღობერიძის ოჯახში. მამა ქუთაისის სათავადაზნაურო დეპუტატთა საკრებულოს მდივანი გახლდათ.

    ანტონ ლორთქიფანიძემ ქუთაისის კლასიკური გიმნაზია დაამთავრა და 1872 წელს ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტზე ჩააბარა. სწავლის პერიოდშივე ჩაება საზოგადოებრივ მოძრაობაში და სტუდენტთა არეულობაში მონაწილეობისათვის, გარკვეული პერიოდი უნივერსიტეტიდანაც გარიცხეს, თუმცა მალევე არადგინეს.

    ანტონ ლორთქიფანიძე უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ მშობლიურ ქუთაისში დაბრუნდა და ერთი წელი სასამართლო უწყებაში მსახურობდა,  ხოლო მერე ქუთაისის ქალაქის ხმოსნად იქნა არჩეული და ამავდროულად მოურავის მოადგილედ.  იგი წინ აღუდგა გუბერნიის მმართველს და ყველა ძალით იცავდა ქალაქის ინტერესებს. შეადგინა დეპუტაცია, რომელიც კავკასიის მეფისნაცვლის სამოქალაქო ნაწილის უფროსს ბარონ ნიკოლაისს წარუდგინა და მოსთხოვა, რომ ქუთაისს ახალი საქალაქო თვითგამგეობა მინიჭებოდა, რაც მთავრობამ დააკმაყოფილა.

     ანტონ ლორთქიფანიძე აქტიურად მონაწილეობდა ქუთაისის სათავადაზნაურო სკოლის ღარიბ მოსწავლეთა კომიტეტის საქმიანობაში, რომელსაც თავმჯდომარეობდა მისი მეუღლე ელენე ყიფიანი (დიმიტრი ყიფიანის ქალიშვილი). იგი მატერიალურად არაერთხელ დახმარებია მარიამ ყაუხჩიშვილის კერძო გიმნაზიის ღარიბ მოსწავლეებსაც.

     ქუთაისში დაბრუნებულმა თერგდალეულმა, ალექსი ჭიჭინაძის დახმარებით, ეფროსინე კლდიაშვილთან ერთად ქუთაისში სცენისმოყვარეთა წრე ჩამოაყალიბა და წარმოდგენების მართვა დაიწყო. პირველად დადგეს გიორგი ერისთავის „გაყრა“, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა და მისი მეცადინეობით, ქუთაისში ფეხი მოიკიდა წარმოდგენების მართვამ.  ამ სცენისმოყვარეთა შორის პირველად გამოვიდნენ ვასო აბაშიძე და კოტე მესხი. ანტონ ლორთქიფანიძე ამ სცენის დაუღალავი, უანგარო მუშაკი იყო და ნიჭიერი მსახიობიც. მან ქუთაისის თეატრის დაარსებას დიდი ამაგი დასდო. გარკვეული პერიოდი თბილისის დასსაც რეჟისორობდა.

      1874-1875 წლებში, თავისი პასუხისმგებლობითა და სახსრებით, ქუთაისში პირველი წიგნთსაცავ-სამკითხველო დააარსა, რაც იმ დროისათვის არაჩვეულებრივ მოვლენად ითვლებოდა. ამ წიგნთსაცავიდან პროპაგანდისტებსა და ახალგაზრდობას აკრძალული წიგნებიც ეძლეოდათ წასაკითხად და ამ წიგნთსაცავით ფართოდ სარგებლობდა ხალხოსანთა წრე. წიგნთსაცავმა ქუთაისის მოზარდ თაობაში დიდი როლი შეასრულა, მათ თვითგანვითარების სურვილი აღუძრა და კითხვას შეაჩვია. ამ ბიბლიოთეკის გახსნისთვის ანტონი დიდი ხანი ემზადებოდა. გახსნის პირველი დღიდანვე ეს ადგილი იქცა ქუთაისის მოაზროვნე საზოგადოების თავშეყრის ადგილად, რომელმა ოცი წელი იარსება და 1893 წელს ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებით საჯარო ბიბლიოთეკად გადაკეთდა. ანტონმა აქაც დიდი ქველმოქმედება გამოიჩინა და ყოველგვარი  საფასურის გარეშე, უანგაროდ გადასცა საკუთარი ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდი ქალაქს, რითაც საძირკველი ჩაეყარა ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკას.

     ანტონ ლორთქიფანიძემ მონაწილეობა მიიღო ეკატერინე ლორთქიფანიძის ჟურნალ „ქართული ბიბლიოთეკის“ დაარსებაში. ყველა წამოწყებაში ანტონს გვერდზე ედგა და თანაუგრძნობდა მისი ერთგული მეუღლე, რომელიც ცნობილი იყო,  როგორც მჭერმეტყველი და მოსწრებული სიტყვა-პასუხის მქონე ქალბატონი.

    ანტონ ლორთქიფანიძე გარდაიცვალა 1894 წელს და დაიკრძალულია ქუთაისის წმინდა გიორგი ეკლესიაში, გორაზე.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების დამფუძნებელი წევრი (1879-)

Contacts Information

  • Home
    Address:ქუთაისი

Share: