The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ნოტიო (ნატო) ბახვას ასული ლოლუა

ნოტიო (ნატო) ბახვას ასული ლოლუა
Legal name:ნატალია ბახვას ასული ლოლუა
Date of birth:1875
Date of death:October, 1958  (at 83 years)
Burial location:ფოთი
Category:Educator, Entertainer

Biography

     ნოტიო ლოლუა დაიბადა 1875 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ ქვალონში. მამა ადრე გარდაეცვალა და დედამ იგი ჯერ ფოთში, ხოლო შემდეგ ბათუმში ერთ კერძო სასწავლებელში მიაბარა, რომელსაც სამკერვალო სახელოსნოც ჰქონდა.

    1892 წელს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ იგი ფოთში დაბრუნდა და კერძო სამკერვალო დააარსა, სადაც თავის ირგვლივ ათამდე ქალი შემოიკრიბა, რითაც შექმნა ერთგვარი ამხანაგური კოლექტივი, სადაც ყოველგვარი შეკვეთა დროულად და კეთილსინდისიერად სრულდებოდა, რამაც სახელოსნოს ფართო საზოგადოებაში ძალიან მალე გაუთქვა სახელი. 1897 წლიდან, ნიკო ნიკოლაძისა და იონა მეუნარგიას რჩევით, მან თავისი სახელოსნო კერძო ექვსთვიან კურსებად გარდაქმნა. ამისთვის მას შესაფერისი დიპლომი მოსთხოვეს, რაც ნოტიოს არ გააჩნდა, მაგრამ მეგობრებისა და სახელოსნოში შეგროვილი მცირეოდენი თანხით თბილისში გაემგზავრა, სადაც ექვსი თვის მეცადინეობისა და სათანადო გამოცდების ჩაბარების შემდეგ მისცეს დიპლომი და ფოთში თავისივე სკოლაში დაბრუნდა. სკოლა თანდათან ფართოვდებოდა და  საბოლოოდ "ნოტიო ლოლუას პროფესიული კერძო სასწავლებლის" სახელწოდება მიენიჭა. აქ ისწავლებოდა: ჭრა–კერვა, ხატვა–ხაზვა, ხალიჩების, წინდების, შალეულის ქსოვა, აგრეთვე გამოჩენილ მხატვართა, ხუროთმოძღვართა და მოქანდაკეთა ნამუშევრების ოქრომკერდით ამოქარგვა და ამოქსოვა. ამავე დროს ისწავლებოდა ქართული ენა და ლიტერატურა, არითმეტიკა, სამოქალაქო ისტორია, რუსული ენა და ლიტერატურა, გალობა–სიმღერა და საღვთო ისტორია.

   ასეთ წარმატებულ საქმიანობას, რასაკვირველია მოწინააღმდეგეებიც საკმაოდ ჰყავდა და ყველანაირად ცდილობდნენ მისთვის ხელის შეშლას, მაგრამ შეუპოვარი ქალბატონი მედგრად განაგრძობდა თავის საყვარელ საქმეს. სასწავლებელი მას საკუთარ ძმასთან– ძუკუ ლოლუასთან ერთად აგებულ სახლში ჰქონდა მოთავსებული თავისივე პანსიონით და გულმოდგინედ განაგრძობდა ახალგაზრდა პატრიოტი ქალების, მომავალი ქართველი დედების აღზრდას. მალე სკოლა სამწლიანი გახდა და ფოთის საზოგადოების შუამდგომლობით, საქალაქო თვითმმართველობამ ნიკო ნიკოლაძისა და იონა მეუნარგიას მეთაურობით ნოტიოს სკოლას თავისი სალაროდან ყოველთვიური სუფსიდია დაუნიშნა. ამგვარი ტიპის სკოლა ქუთაისში კორძაიას ქალს, ხოლო თბილისში ეკატერინე გაბაშვილს ჰქონდათ. ნოტიოს გადმოცემით წარსულში სამეგრელოში ქარგვა არ სცოდნიათ, იგი მხოლოდ ეკატერინე დედოფალმა შემოიღო ჩვენში და მალევე გავრცელდაო.

   ნოტიო ლოლუა ქალაქის საზოგადოებრივ საქმიანობაშიც აქტიურად იყო ჩაბმული. იგი 1912 წლიდან "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" ფოთის განყოფილების წევრიც იყო და ნაყოფიერად თანამშრომლობდა საზოგადოებასთან.

   1921 წლიდან "ნოტიოს სკოლას" შესაფერისი შენობა შეურჩიეს და ის საქალაქო–საფაბრიკო სკოლად გადააკეთეს, თუმცა "ნოტიოს სკოლის" სახელი მას მაინც დიდხანს შემორჩა.

   1922 წელს ღვაწლმოსილ ქალბატონს ფოთის საზოგადოებრიობამ მოღვაწეობის 25 წლის იუბილე გადაუხადა და პერსონალური პენსიაც დაუნიშნა.

    ნოტიოს ხელიდან გამოსული ოქრომკერდის ქსოვილებისა და ქარგვის ნიმუშები, ძვირფასი და უნიკალური ექსპონატები დაცულია ზუგდიდის ისტორიულ–ეთნოგრაფიულ მუზეუმში. 1936 წელს ამ უანგარო ადამიანმა ისინი სრულიად უსასყიდლოდ გადასცა ამ მუზეუმს.

   ნოტიო ლოლუა გარდაიცვალა 1958 წელს და დაკრძალულია თავისი ძმის – ძუკუ ლოლუას გვერდით ქ. ფოთში

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების წევრი (1910-1913)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:ფოთი

Share: