The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ლავრენტი ივანეს ძე წულაძე

ლავრენტი ივანეს ძე წულაძე
Other name:დათიკო ვერმიცანაშვილი  (Pseudonym)
კნინი  (Pseudonym)
Date of birth:1867
Date of death:1923  (at 56 years)
Category:Writer, Educator, Religious leader

Biography

   ლავრენტი წულაძე დაიბადა 1867 წელს სოფელ ჭანჭათში (ოზურგეთის რაიონი) მღვდლის იოანე წულაძის ოჯახში.

   1876 წელს იგი ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელში შეიყვანეს, რომელიც 1883 წელს წარმატებით დაამთავრა და ამის შემდეგ სოფელ სურებში საკუთარი სკოლა დააარსა.

   ლავრენტი წულაძემ თავიდანვე მიიპყრო მაშინდელი მოწინავე ინტელიგენციის ყურადღება. "ივერიაში" გამოქვეყნებული მისი წერილები ნათლად ასახავდა გურიის მაშინდელი სკოლების მძიმე მდგომარეობას. იგი იყო ერთ–ერთი პირველთაგანი, ვინც გადაჭრით დააყენა გურიაში სასოფლო–სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხი. სამეურნეო სკოლის დაარსებას იაკობ გოგებაშვილმა ხალხის განათლების საქმეში "ახალი ნაბიჯი" უწოდა. ლავრენტი წულაძე სასოფლო–სამეურნეო სასწავლებლის დაარსების საკითხის გამო ჩაბმული ყოფილა კამათში, რომელიც იმ დროს "ივერიისა" და "კვალის" ფურცლებზე იმართებოდა.

   1894 წელს ლავრენტი წულაძემ ფოთში დააარსა სამრევლო სკოლა და ამ ფაქტს იგი "პატარა ფარნის ანთებას" უწოდებდა. სკოლაში მთავარი ყურადღება ექცეოდა ქართული ენის სწავლებას, მაგრამ ამავე დროს არ იყო უგულებელყოფილი რუსული ენა, რადგანაც ის თვლიდა, რომ ქართველი მოზარდებისთვის რუსული ენის ცოდნა აუცილებელი იყო.

   1917 წლამდე ლავრენტი წულაძე ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა ფოთის ქალთა გიმნაზიასა და სამოქალაქო სასწავლებელში. ამავე დროს აქტიურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ–გაზეთებში.

   1910 წლიდან ლავრენტი წულაძე იყო "ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" აქტიური წევრი და ფოთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე. მის პირად არქივში შემონახულია მეტად მნიშვნელოვანი მიმოწერა ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან. ფოთში მის ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ ვაჟა–ფშაველა, იროდიონ ევდოშვილი, ეგნატე ნინოშვილი, ჭოლა ლომთათიძე, ია ეკალაძე და იოსებ იმედაშვილი.

   1917 წლიდან ლავრენტი წულაძე ფოთიდან გადადის მშობლიურ სოფელში და აკეთის უმაღლეს–დაწყებით სკოლაში განაგრძობს პედაგოგიურ მოღვაწეობას. 

   ლავრენტი წულაძე გარდაიცვალა 1923 წლის ნოემბერში.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების გამგეობის მდივანი (1915-1917)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ფოთის განყოფილების დამფუძნებელი წევრი (1910-)

Bibliography


Share: