The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



სპირიდონ მალხაზის ძე კედია

სპირიდონ მალხაზის ძე კედია
Legal name:სპირიდონ მალხაზის ძე კეიდია
Other name:პატრიოტი  (Pseudonym)
ს. კ-დია  (Pseudonym)
სპ. კე-დია  (Pseudonym)
Date of birth:20 September, 1884
Date of death:17 May, 1948  (at 63 years)
Burial location:საფრანგეთი, ლევილის ქართული სასაფლაო
Category:Founding member, Politician, Political Leader, Publicist

Biography

      სპირიდონ კედია დაიბადა 1884 წლის 20 სექტემბერს (ძვ. სტ.) ქალაქ ზუგდიდში აზნაურის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო ზუგდიდის ხუთკლასიან რუსულ საქალაქო სკოლაში მიიღო, რომლის დამთავრების შემდეგ ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში გააგრძელა სწავლა. სწავლის პერიოდში ცხოვრობდა ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზიის ინსპექტორის, იოსებ ოცხელის ოჯახში.

    1905 წლის რევოლუციური მოძრაობის დროს აქტიურად მონაწილეობდა მოსწავლეთა დემონსტრაციებში, რის გამოც მე-8 კლასიდან გარიცხეს კიდეც. ამ დროიდან სპირიდონ კედია დაახლოებული იყო საქართველოს სოციალისტ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიასთან. მონაწილეობდა პარტიის წევრების მიერ საზღვარგარეთიდან იარაღის დიდი პარტიის შემოტანის ორგანიზებაში.

    1906 წელს იძულებული გახდა დაეტოვებინა ზუგდიდი და თავი სვანეთისთვის  შეეფარებინა, საიდანაც  ჩერქეზეთში გადავიდა. იმავე წელს  იძულებული გახდა არალეგალურად წასულიყო საზღვარგარეთ, საფრანგეთში, სადაც პარიზის უნივერსიტეტის საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩააბარა, მაგრამ ავადმყოფობის გამო სამხრეთ საფრანგეთში გადასახლდა და სწავლა ტულუზის უნივერსიტეტში განაგრძო. მცირე ხნის შემდეგ სცადა პარიზში დაბრუნება, მაგრამ კვლავ მოუხდა ქალაქის დატოვება და საბოლოოდ მონპელიეს უნივერსიტეტის კურსი დაასრულა. ამის შემდეგ  პარიზში დაბრუნდა და სორბონის უნივერსიტეტში, პროფესორ დასტრის ლაბორატორიაში  ფიზიოლოგიის დოქტორის ხარისხზე დაიწყო მუშაობა.

    1913 წელს სპირიდონ კედია ყალბი პასპორტით საქართველოში დაბრუნდა და მალევე  ეროვნული მიმართულების მოძრაობის ჩამოყალიბების სამუშაოებში ჩაერთო. 1915 წელს დააარსა გაზეთი „საქართველო“  და სხვადასხვა ფსევდონიმებით თავად აქვეყნებდა პუბლიცისტურ წერილებს.

    1917 წელს გახლდათ საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი და არჩეული იყო პარტიის მთავარი კომიტეტის თავმჯდომარედ. იმავე  წლის ნოემბერში  საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად აირჩიეს. გახლდათ 1918 წლის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი.

    სპირიდონ კედია 1919 წლის 12 მარტიდან საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის სიით და მუშაობდა  თვითმმართველობის, საკონსტიტუციო, ტექნიკური და საპროპაგანდო კომისიებში.

   1921 წელს,  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ საქართველოში დარჩა და წინააღმდეგობის მოძრაობაში ჩაერთო. 1923 წელს ემიგრაციაში წავიდა. თავდაპირველად ცხოვრობდა და მუშაობდა სტამბოლში. შემდეგ პარიზში გადავიდა და ინეტრპარტიულ კომიტეტში 1924 წლის მაისში გრიგოლ ვეშაპელი შეცვალა.

   1924 წლის აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დამარცხების შემდეგ, ქართული ემიგრაციის პოლიტიკურ წრეებში დაწყებული დაპირისპირების კვალდაკვალ,  სპირიდონ კედიას ინიცატივით გამოვიდა ახალი გაზეთი - „სამშობლოსათვის“ და დამოუკიდებელი მუშაობა დაიწყო.

    1925 წლის 8 ნოემბერს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციამ სპირიდონ კედია პარტიიდან გარიცხა. ამ დროიდან სპირიდონ კედია თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად აქტიურად აკრიტიკებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრანტული მთავრობისა და სოციალ-დემოკრატიული პარტიის საზღვარგარეთის ორგანიზაციის საქმიანობას და თავად  ცდილობდა საქართველოს ოკუპაციის საკითხის გადასაჭრელად მოკავშირეები მოეძებნა ევროპის სახელმწიფოების კონსერვატორული და მემარჯვენე მიმართულების წრეებში.

    1930-იანი წლებიდან სპირიდონი აქტიურად იყო ჩაბმული ქართული პოლიტიკური ჯგუფების მოლაპარაკებებში გერმანიის სამხედრო და დიპლომატიურ წრეებთან კავშირის დასამყარებლად. 1942 წელს იგი გახდა ბერლინში დაარსებული ქართული ნაციონალური კომიტეტის წევრი, მაგრამ მალევე ჩამოშორდა კომიტეტის საქმიანობას და მომდევნო წლებში ცხოვრობდა საფრანგეთში, პარიზის გარეუბან კლამარში. სიცოცხლის ბოლო წლებში სპირიდონ კედია გიორგი მაჩაბლის პარფიუმერული კომპანიის ადგილობრივი განყოფილების ხელმძღვანელად მუშაობდა.

    სპირიდონ კედია გარდაიცვალა 1948 წლის 17 მაისს. თავდაპირველად  დაკრძალეს სენტ-ანტუანის სასაფლაოზე, ხოლო, 1948 წლის 25 ივნისს ლევილის ქართველთა სასაფლაოზე გადაასვენეს.

Member of Organizations

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი (1919-)
  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტი, წევრი (1918-)
  • საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ერთერთი დამფუძნებელი და კომიტეტის თავმჯდომარე (1917-)
  • საქართველოს ეროვნული საბჭო, წევრი (1917-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1914-)

Share: