The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



ილია ივანეს ძე ფერაძე

ილია ივანეს ძე ფერაძე
Other name:ჩხერიმელისპირელი  (Pseudonym)
Date of birth:10 July, 1866
Date of death:4 August, 1928  (at 62 years)
Burial location:თბილისი, ვერის სასაფლაო
Category:Educator, Public Figure

Biography

    ილია ფერაძე დაიბადა 1866 წელს შორაპნის მაზრის სოფელ ნებოძირში. პირველდაწყებითი განათლების მიღების შემდეგ, 1875 წელს მშობლებმა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელში მიაბარეს, რომელიც 1882 წელს დაამთავრა და იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა. 1889 წელს ილია ფერაძე სახელმწიფო ხარჯზე კიევის სასულიერო აკადემიაში იგზავნება, რომლის სიტყვიერების დარგს კანდიდატის ხარისხით ამთავრებს, 1893 წელს სამშობლოში ბრუნდება და აქტიურ საზოგადოებრივ-პედაგოგიურ მოღვაწეობას იწყებს. პირველად ილია ფერაძე გორის სასულიერო სემინარიაში ინიშნება მასწავლებლად.

    1896 წლიდან ილია ფერაძე თბილისის სასულიერო სემინარიასა და ქალთა საეპარქიო სასწავლებელში აგრძელებს მუშაობას. 1908 წლიდან ილია სამუშაოდ გადადის ბათუმში, სადაც 1918 წლამდე მოღვაწეობდა. ბათუმის ვაჟთა გიმნაზიაში მასწავლებლად მუშაობასთან ერთად იგი აჭარის სახალხო სკოლების ინსპექტორადაც ითვლებოდა.

    1918 წელს ილია ფერაძე ოზურგეთის გიმნაზიის დირექტორად დაინიშნა და ამ თანამდებობაზე 1922 წლამდე დარჩა. ამავე წელს იგი გადაიყვანეს ხაშურის ჰუმანიტარული ტექნიკუმის გამგედ. 1924-1925 წლებში ველისციხის საშუალო სკოლის დირექტორად, 1925-1926 წლებში სიღნაღის პედაგოგიური ტექნიკუმის დირექტორად, ხოლო 1926 წლიდან კვლავ თბილისში ბრუნდება და უკვე დედაქალაქში აგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას.

    ილია ფერაძე პრაქტიკულ-პედაგოგიურ მოღვაწეობასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა მე-19 საუკუნის დასაწყისისა და მე-20 საუკუნის დამდეგის საზოგადოებრივ-კულტურული ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. იგი იყო ავტორი მთელი რიგი სახელმძღვანელო წიგნებისა და ლიტერატურულ-პუბლიცისტური, პედაგოგიურ-ფსიქოლოგიური, კრიტიკულ-ბიბლიოგრაფიული და სხვა ხასიათის ნაშრომებისა. იგი სისტემატურად თანამშრომლობდა იმდროინდელ ჟურნალ-გაზეთებში და დაუღალავად იბრძოდა მშობლიური ენის უფლებების დასაცავად. ქართული პედაგოგიური აზროვნების განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იყო პედაგოგიკის ისტორიის საკითხებისადმი მიძღვნილი ფერაძის წერილების ის ციკლი, რომელიც ქვეყნდებოდა ჟურნალ "მწყემსში". ეს იყო ქართულ ენაზე უძველესი დროიდან დაწყებული სწავლა–აღზრდის ისტორიის გადმოცემის პირველი ცდა. მასში გადმოცემული იყო ბავშვთა აღზრდის ისტორია ჩინეთში, ეგვიპტეში, ინდოეთში, ებრაელთა შორის, საბერძნეთში, სწავლა–აღზრდის საქმეზე ქრისტიანობის ზეგავლენის საკითხები და სხვა. ჯერ კიდევ კიევის სასულიერო აკადემიაში სწავლის პერიოდში ჟურნალ "მწყემსში" მან გამოაქვეყნა მეტად საყურადღებო წერილი: "იან ამოს კომენსკი და მისი პედაგოგიური მოღვაწეობა", სადაც პირველად იყო გაშუქებული დიდი ჩეხი პედაგოგის ძირითადი პედაგოგიკური შეხედულებანი და დიდაქტიკური პრინციპები, დახასიათებული იყო ის ეპოქა, რომელშიც წარმოიშვა კომენსკის პედაგოგიკური სისტემა, მისი მოწინავე პროგრესულ–პედაგოგიკური იდეები.

    ილია ფერაძის კალამს ეკუთვნის სასკოლო ჰიგიენისა და ფსიქოლოგიის, მოზარდის ფიზიკური აღზრდისათვის სპორტის მნიშვნელობის, პროფესიული განათლების შემოღებისა და სხვა საკითხებზე დაწერილი მთელი რიგი საყურადღებო სტატიები, რომლებიც 1920–1914 წლებში ჟურნალ "განათლებაში" ქვეყნდებოდა.

    1918 წელს სკოლებისათვის სახელმძღვანელოდ გამოქვეყნდა ილია ფერაძის მიერ შედგენილი "საქართველოს მოკლე ისტორია", ხოლო 1927 წელს მისივე თანაავტორობით ქართული ენის სახელმძღვანელო წიგნი "ენის დაკვირვება". მის კალამს ეკუთვნის ლიტერატურული წერილები, ლექსები, პოემები და მოთხრობები, თარგმნიდა უცხოეთისა და რუსეთის მოწინავე მწერლების ნაწარმოებებს.

    ილია ფერაძეს ჰყავდა მეუღლე ნადეჟდა გორგაძე და შვილები: ბიძინა, ირაკლი, გიორგი, თამარი და ნინო.

    ილია ფერაძე გარდაიცვალა 1928 წელს და დაკრძალულია ვერის სასაფლაოზე. სამწუხაროდ, საფლავი დაკარგულია.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების გამგეობის წევრი (1910-1915)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ბათუმის განყოფილების წევრი (1909-1917)

Bibliography

Contacts Information

  • Home
    Address:თბილისი, არაგვის ქ. N8

Share: