The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა

იაკობ სპირიდონის ძე ფანცხავა
Other name:ერთი ვინმე  (Pseudonym)
ლ.  (Pseudonym)
ტიბერიელი  (Pseudonym)
ფხა  (Pseudonym)
ჰუმუნცულუს  (Pseudonym)
Date of birth:1 May, 1867
Date of death:1955  (at 87 years)
Category:Critic, Interpreter, Writer, Publicist, Public Figure

Biography

    იაკობ ფანცხავა დაიბადა 1867 წლის 1 მაისს ქუთაისის მაზრის სოფელ ხომულში, მღვდელ სპირიდონ ფანცხავასა და მაკრინე იოსელიანის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის სასულიერო სასწავლებელი და შემდეგ კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლების მისაღებად ნოვოროსიაში გაემგზავრა და უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის საბუნებისმეტყველო განყოფილებაზე ჩააბარა, რომელიც 1893 წელს I ხარისხის დიპლომით დაამთავრა.

   1892 წელს იაკობ ფანცხავა, ქართველ სტუდენტთა ყრილობაში მონაწილეობისათვის, რამდენიმე წელი პოლიციის მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ იმყოფებოდა.

    სამწერლო ასპარეზზე 1893 წლიდან გამოვიდა და საზოგადოებრივი მოღვაწეობაც ამ დროიდან დაიწყო. ამ დროს თბილისში იბრძოდა ილია ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის საბანკო პარტია. პოლიტიკური მრწამსი ჯერ კიდევ კარგად ჩამოყალიბებული არ იყო და მუშათა მოძრაობას ახლად ეყრებოდა საძირკველი „მესამე დასის“ სახელით. ფანცხავა ჩაერია ამ მოძრაობაში და ბევრ საჭირბოროტო კითხვის გარჩევასთან ერთად, შეეხო „მესამე დასის“ ბელადის, ნოე ჟორდანიას მაშინდელ საქმიანობას და მეცნიერული თვალსაზრისით გააკრიტიკა იგი. ისტორიულ მოვლენებს ევოლუციური გაგებით უდგებოდა: „ამის გასაგებად არა კმარა მარტო ეკონომიური ფაქტორი, არამედ პოლიტიკაც დიდ გავლენას ახდენს, არსებული სოციალური ურთიერთობის წინააღმდეგ კლასთა ბრძოლა ნაადრევია, აუცილებელია მუშათა კლასის დაცვა, მისი და რაზმვა ბურჟუაზიასთან საბრძოლველად და შესამუსრავადო“. იგი ცდილობდა ქართულ საზოგადოებაში გაევრცელებინა ნამდვილი სამეცნიერო ცოდნა, ჭეშმარიტი სოციალისტური შეგნება. დიდად აფასებდა სიტყვაკაზმულ მწერლობას.

   1902 წლიდან იაკობ ფანცხავა გახლდათ „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“ ნამდვილი წევრი და  მისი საზოგადოებაში გაწევრიანებაზე თავმდებნი იყვნენ: გრიგოლ ყიფშიძე, იაკობ გოგებაშვილი, პეტრე მირიანაშვილი და დავით კარიჭაშვილი. 1909 წლიდან, როცა საზოგადოების ქუთაისის განყოფილება გაიხსნა, იგი გამგეობის წევრად შეიყვანეს.

    1904 წლიდან იაკობ ფანცხავა 1904 წლიდან სოციალ-ფედერალისტთა სარევოლუციო პარტიის კომიტეტის წევრი გახლდათ.

      იაკობ ფანცხავა სხვადასხვა დროს მუშაობდა საფილოქსერო კომიტეტში, ქალაქ ნიკოლაევის სახელმწიფო ბანკში, ფოთის საქალაქო გამგეობაში მდივნად, მერე უფროს ბუღალტრად.

    1910 წელს ქუთაისის ქალაქის მოურავად აირჩიეს, მაგრამ მეფისნაცვალმა ილარიონ ვორონცოვ-დაშკოვმა არ დაამტკიცა, როგორც სოციალ-ფედერალისტური პარტიის წევრი.

    1911 წელს მიხეილის სახელობის სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის გამგეობის წევრად აირჩიეს, ხოლო საქართველოში საბჭოთა წყობილების დამყარების შემდეგ – ფინანსთა სახალხო კომისარიატის კომისრად.

    1912 წლიდან იაკობ ფანცხავა ფინანსურ დახმარებას უწევდა ქუთაისის რეალური სასწავლებლის ხელმოკლე მოსწავლეთა დამხმარე საზოგადოებასა და საზოგადოების სტამბას.

    1918 წლის  ნოემბერში, მთავრობის სხდომაზე, იაკობ ფანცხავა ქუთაისის საგანგებო სასამართლოს წევრად დაამტკიცეს.

     იაკობ ფანცხავას ლიტერატურული და საბუნებისმეტყველო წერილები იბეჭდებოდა: „კვალში“, „მოამბეში“, „ცნობის ფურცელში“ და „ივერიაში“. თარგმნიდა სამედიცინო სახელმძღვანელოებს: "აცრის საქმე", "ფსიქიატრის სახელმძღვანელო ფერშალთათვის", "პათოლოგიის სახელმძღვანელო", "ფიზიოთერაპიის მოკლე სახელმძღვანელო" და სხვა.

   იაკობ ფანცხავა გარდაიცვალა 1955 წელს.

Member of Organizations

  • რევოლუციური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს კომუნისტური პარტია, წევრი (1924-)
  • სოციალისტ–ფედერალისტთა პარტია, წევრი (1903-1918)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, დამხმარე წევრი (1905-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების გამგეობის წევრი (1909-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქუთაისის განყოფილების ნამდვილი წევრი (1914-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ნამდვილი წევრი (1902-)
  • ქუთაისის მაზრის საბჭო, წევრი (1922-)
  • ქუთაისის ქალაქის საბჭო, წევრი (1922-)

Bibliography


Share: