The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Georgian -
HomeCategories  
Search
Person Name:



თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი (დეკანოზი)

თეოფანე ლუკას ძე კალანდარიშვილი
Date of birth:8 March, 1873
Date of death:1968  (at 94 years)
Burial location:სენაკი
Category:Religious leader

Biography

       თეოფანე კალანდარიშვილი დაიბადა 1873 წლის 8 მარტს სენაკში მღვდლის ოჯახში. პირველდაწყებითი განათლება სენაკის ორკალასიან სასწავლებელში მიიღო და სწავლა გააგრძელა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში, რომელიც 1892 წელს დაამთავრა. იმავე წელს თბილისის სასულიერო სემინარიაში ჩააბარა და 1898 წელს დაამთავრა.

     1898 წლის 8 ნოემბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა ალექსანდრემ (ოქროპირიძე) დიაკვნად აკურთხა, ამავე წლის 18 ნოემბერს გორის ეპისკოპოსმა ლეონიდემ (ოქროპირიძე) მღვდლად დაასხა ხელი და ოჩხომურის მაცხოვრის ტაძარში განამწესა. ოჩხომურში მან თავისი სახსრებით დააარსა სამრევლო-საეკლესიო სკოლა, სადაც საღვთო სჯულსა და გალობას თავადვე ასწავლიდა.

     1901 წელს, პირადი თხოვნის საფუძველზე, ქვემო თეკლათის მთავარანგელოზთა ტაძარში განამწესეს და საგვერდულით დაჯილდოვდა. 1905 წლის 1 მარტს სკუფია უბოძეს. პარალელურად სენაკის საქალებო პროგიმნაზიასა  და ნორმალურ ორკლასიან სასწავლებელში საღვთო სჯულსა და გალობას ასწავლიდა.

     1906-1922 წლებში გურია-სამეგრელოს ეპარქიის ნოსირის ოლქის მთავარხუცესად დაინიშნა და 1908 წლის 6 მაისს კამილავკა ეწყალობა.

      თეოფანე კალანდარიშვილი წლების მანძილზე სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში სასულიერო გამომძიებლად მუშაობდა. იყო გურია-სამეგრელოს ეპარქიის სამმართველოსა და ეპარქიალური სამრევლო-საეკლესიო სკოლების კომიტეტის წევრი, სადაც თორმეტწლიანი დამსახურებული მოღვაწეობისთვის წმ. ანას III ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა. 1912 წლის 15 მაისს სამკერდე ოქროს ჯვარი მიიღო.

     1921 წელს ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა ამბროსიმ (ხელაია) დეკანოზის წოდება მიანიჭა და ენქერით დააჯილდოვა, ხოლო 1922 წელს ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსმა იოანემ (მარღიშვილი) გულრიფშის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრად განამწესა. 1931 წელს, როდესაც ამ მხარეში ყველა ეკლესია დაიკეტა, მამა თეოფანე იძულებული გახდა  ცხაკაიაში (კომუნისტებმა  სენაკს სახელი გადაარქვეს) დაბრუნებულიყო. მაგრამ, მღვდელმსახურება არ შეუწყვეტია და სადაც მოუხერხდებოდა ყველგან აღასრულებდა საეკლესიო წესებსა და ღვთისმსახურებას, მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად არსად არ იყო განწესებული.

        1951 წლის 26 მაისიდან მამა თეოფანე ბათუმის წმინდა ნიკოლოზის საკათედრო ტაძარს მიაწერეს. XX საუკუნის 50-იან წლებში მიტრით დაჯილდოვა. 1955 წლიდან, როდესაც ფოთის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის სამლოცველო იკურთხა, მამა თეოფანე ამ ტაძარზე იქნა მიწერილი.

     1963 წლის 4 აპრილს მამა თეოფანე გამშვენებული ჯვრით დაჯილდოვდა და სიკვდილამდე რამდენიმე წლით ადრე, კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემმა (სიდამონიძე) დეკანოზი ერთგული და ხანგრძლივი სამსახურისთვის წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

      დეკანოზი თეოფანე გარდაიცვალა 1968 წელს ქალაქ ცხაკაიაში, სადაც სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა.

Member of Organizations

  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების ქვიანის ბიბლიოთეკის გამგე (1908-)
  • ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, საზოგადოების სენაკის განყოფილების წევრი (1912-)

Awards and Honors

  • 1912 - სამკერდე ოქროს ჯვარი
  • წმინდა გიორგის III ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი

Share: